კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის გარეუბნებს წყალმომარაგების პრობლემა აქვს

29 იანვარი, 2014
 
ქეთი ლაბაძე, აჭარა
 
წლების განმავლობაში ბათუმის გარეუბნებს წყალი შეფერხებით მიეწოდებათ. ამ პრობლემის მოგვარება  წყლისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ფაზაში იგეგმება. როგორც ქალაქ ბათუმის მერიის მრჩეველი, რეაბილიტაციის საკითხებში აცხადებს სამუშაოები 2017 წელს დასრულდება.

თამარის დასახლებაში  მცხოვრებ გულნაზი ირემაძეს წყლის პრობლემა  ათ წელზე მეტია აწუხებს. მასთან წყალი გაწვიმებისთანავე წყდება, წყლით სავსე ბოთლები ყოველთვის მზად აქვს: „ხშირად მოგროვებული წყალი არ გვყოფნის, მეოთხე სართულზე ვცხოვრობ. წყლის ბიდონების თრევა გვიწევს. როცა ბათუმის წყალკანალში ვრეკავ, მეუბნებიან რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი რადგან სისტემა მოძველდა.“ 

როგორც „ბათუმის წყალში“ განმარტავენ,  ბათუმს აქვს ალტერნატიული წყალმომარაგების სისტემა. წყალი ჯერ მიდის სამარაგო  რეზერვუარებში და შემდგომ ეწოდება ქალაქს, ამიტომაც ქალაქს წყლის პრობლემა არ ექმნება. კონკრეტულ უბნებს კი (ბონი, გოროდოკი, თამარის დასახლება, ბარცხანა), წყლის პრობლემები ექმნება იმის გამო, რომ სათავო ნაგებობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული: „გაწვიმებისას წყალი იმღვრევა და ვეღარ ხდება წყლის გაფილტვრა, ამიტომ იძულებული ვართ, რომ  წყლის მოწოდება შევწყვიტოთ. გარეუბნებში წყლის სისტემა რეაბილიტაციას საჭიროებს, როცა სისტემა ძველია მისი ექსპლუატაცია რთულდება,“ - აცხადებს შპს „ბათუმის წყალის“ პიარ-მენეჯერი, ირაკლი ფარულავა.

იმის გამო რომ წყალი შეფერხებით მიეწოდებათ, გარეუბნებში მცხოვრებნი, უსამართლობად თვლიან იმას, რომ ჩვეულებრივ უწევთ წყლის საფასურის გადახდა. „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ წყლის საფასურს მოსახლეობა მრიცხველის საფუძველზე იხდის: „ეს სისტემა შეიცვალა, თუ აქამდე არსებობდა სულადობრივი გადასახადი, ახლა გამრიცხველიანობის წესის შესაბამისად ხდება. სადაც არ არის გამრიცხველიანება, იმ უბნებში მოსახლეობას უწევს სულადობრივი გადასახადის გადახდა.“ - აცხადებს შპს „ბათუმის წყალის“ პიარ-მენეჯერი, ირაკლი ფარულავა.

ქალაქ ბათუმის მერიის მრჩეველი რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუში აცხადებს, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სამუშაოები კი ზაფხულში დაიწყება. აღნიშნული ტენდერი ჩაქვში წყალმომარაგების ქსელის, წყლის რეზერვუარების, საცავებისა და ნარჩენი წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. ტენდერი ასევე მოიცავს წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში: „მესამე ფაზა 2017 წლისათვის უნდა დასრულდეს, საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოხდება იმ უბნებში, რომელთა რეაბილიტაცია ვერ მოხდა პირველ და მეორე ფაზაში. მესამე ფაზა ითვალისწინებს საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას იმ უბნებში სადაც უკვე დასრულდა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა იგეგმება აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში, სრული რეაბილიტაცია წყლის სისტემის, ამისთვის ოცი მილიონი ევროს გამოყოფა მოხდება. ამის შემდგომ უკვე სხვა სისტემებზე გადავალთ.“ - აცხადებს ჯაბა ტუღუში.

ჯამში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოებისთვის 45 მლნ ევრო დაიხარჯება, რომლითაც თამარის, ბონი-გოროდოკის, ანგისის და აეროპორტის დასახლებების წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მშენებლობა არის გათვალისწინებული. პარალელურად, ბათუმის თვითმმართველობა ჭაობის სანიაღვრე სისტემის გამართვისთვის 7 მლნ ევროს დახარჯავს.

ახალი ამბები