კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ე. წ. მუხროვანის ამბოხის თაობაზე გავრცელებული ვიდეოკადრების შესახებ

30 იანვარი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელშიც  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან „ორ გვამს“ მოითხოვს და სანაცვლოდ მათ მაღალ პრემიას ჰპირდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ეს ვიდეოკადრები, რომელიც გადაღებულია 2009 წლის მაისში ე. წ. მუხროვანის ამბოხების დღეს, ხელისუფლების მხრიდან საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. მთავარმა პროკურატურამ დროული გამოძიება უნდა დაიწყოს ვიდეოკადრებში ასახულ ფაქტთან დაკავშირებით და დაადგინოს, კონკრეტულად ვის ეხებოდა ყოფილი შს მინისტრის მიერ ადამიანების გაუსამართლებლად ლიკვიდაციის ბრძანება. სასწრაფოდ უნდა დაიკითხონ  კადრებში აღბეჭდილი ის სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მითითებებს ვანო მერაბიშვილისაგან სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ 2009 წლის ე. წ. მუხროვანის ამბოხება სინამდვილეში იყო არა შეიარაღებული ამბოხის მოწყობის მცდელობა, არამედ დაუმორჩილებლობა. თუმცა, საზოგადოებას არა აქვს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მუხროვანის მოვლენების თაობაზე, ვინაიდან საქმეს დღემდე გრიფი „საიდუმლო“ ადევს და თავის დროზე სასამართლო პროცესიც დახურულ რეჟიმში წარიმართა, სერიოზული დარღვევებით. სასამართლომ არ შეასრულა განაჩენთა დასაბუთებულობის ის მინიმალური ვალდებულება, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს. სასამართლომ ვერ წარმოადგინა მკაფიო და ნათელი პასუხი ბრალდებულთა იმ არგუმენტაციაზე, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა საქმის შედეგთან დაკავშირებით. მაგალითად, კობა ოთანაძეს სასამართლომ დაუმორჩილებლობა ჩაუთვალა ამბოხის ნაწილად, რის გამოც და ასევე სასჯელთა შეკრებითობის არაჰუმანური პრინციპით, მას ხელოვნურად გაეზარდა სასჯელის ზომა და მიესაჯა 29 წლით თავისუფლების აღკვეთა.
 
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ე. წ. მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულ პირებს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა და გათავისუფლდნენ პატიმრობიდან ამნისტიის კანონის ძალით. ამ მხრივ, სრულად ვიზიარებთ ევროსაბჭოს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის შემუშავებულ კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, პოლიტპატიმრად ითვლება პირი, რომელსაც მსჯავრი დაედო პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე და რომლის დაკავების ან თავისუფლების აღკვეთის ვადა ან მისი პირობები მკვეთრად არაპროპორციული იყო ჩადენილ დანაშაულთან. ასევე - პირი, რომელიც დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს აშკარად არასამართლიანი სამართალწარმოების შედეგად და ეს, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებს. 

ამავე დროს, ყოფილი ხელისუფლების მიერ მეამბოხეებად მიჩნეულ გია კრიალაშვილსა და კობა ოთანაძის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა, რამაც გია კრიალაშვილის სიკვდილი, ხოლო კობა ოთანაძის მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია,  სერიოზულ კითხვებს ბადებს სახელწიფოს მიერ გამოყენებული ძალის მართლზომიერებასთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანოების მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული ის ფაქტი, რეალურად გაუწიეს თუ არა წინააღმდეგობა „მეამბოხეებმა“ ძალოვნებს დაკავებისას, ძალის გამოყენებამდე. საზოგადოებაში დღემდე რჩება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი გია კრიალაშვილისა და კობა ოთანაძის ლიკვიდაცია. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა 29 იანვარს გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა.

2011 წლის 28 მარტს, ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით,  „მუხროვანის ამბოხში“ მსჯავრდებულებმა - კობა ოთანაძემ, ზურაბ ბზიშვილმა, ბესიკ ფოცხვერაშვილმა, ბექა გრიგალაშვილმა და ზვიად ჯაჭვაძემ დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. განმცხადებელთა ინტერესებს ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს „თაროზე შემოდებული“ გახმაურებული საქმეების (მუხროვანის საქმე, ყინწვისის საქმე, წამების მსხვერპლი პოლიტპატიმრებისა და სხვა მსგავსი საქმეები) გამოძიება, ვინაიდან   საზოგადოების ინფორმაციულ ვაკუუმში დატოვება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს. საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, იცოდეს სიმართლე და მოითხოვოს სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების დროული გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

ახალი ამბები