კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ცამდე მართალი ვარ“ - სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებას მერაბიშვილის ცრემლები მოჰყვა

31 იანვარი, 2014
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის საქმეზე გამართულ სხდომაზე ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საქმეში ცამდე მართალია და არასდროს, არცერთი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება არ გაუცია. 

„კადრებიდან ჩანს, რომ ეს ჩანაწერი კეთდება ღიად. ეს განცხადება მე გავაკეთე და ამის გამო არ მრცხვენია. გვქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის აჯანყებაში გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც რუსეთის დავალებით იყვნენ, მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ფაქტის დამალვის მიზნით შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი გვამის პოვნის შესახებ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება იმ ინტერპრეტაციას, რომ ეს არის მკვლელობის შეკვეთა, მინდა ვთქვა, რომ ამ განცხადებიდან ერთ საათში ამ დანაყოფების მიერ სოფელ მუხროვანთან დაკავებულ იქნა რეინჯერების ჯგუფი და არცერთი მათგანის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. არცერთი მათგანი დაჭრილიც კი არ არის. გარდა იმისა, რომ დაპატიმრებული იქნა უშუალოდ ორგანიზატორები“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

მან ასევე უარყო აღნიშნული ეპიზოდის კავშირზე გლდანში, ოთანაძისა და მისი ჯგუფის დაკავების ფაქტთან. თქვა, რომ ეს მიბმა არის ხელოვნური და სიმართლესთან არანაირი საერთო არ აქვს: „ის დანაყოფი, რომელმაც ოთანაძის დაკავების ოპერაცია განახორციელა, ამ სპეცოპერაციის დროს მუხროვანის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.“

აღნიშნულ პროცესზე ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დაიკითხა. დაიკითხნენ, ასევე,  სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორები.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც 30 იანვრის სასამართლო სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებაა. იგი პროკურატურას სასამართლო პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ მოხდეს საქმეში არსებული წერილობითი მასალის სასამართლო სხდომაზე წაკითხვა. მასალა კი, პროკურორ ნათია სონღულაშვილის განმარტებით, 75 ტომია და მისი წაკითხვის პარალელურად, იმ მტკიცებულებების მოკვლევა ხდება, რომელზეც როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილს, ისე ივანე მერაბიშვილს, ხელი აქვთ მოწერილი. დაცვის მხარე აღნიშნულ მასალას სადაოდ მიიჩნევს.

30 იანვრის სასამართლო პროცესზე მერაბიშვილი, ასევე, კვარიათის ეპიზოდზე დაიკითხა: „ჩემი ოჯახის ოცნება არასდროს ყოფილა ფუფუნებაში ცხოვრება. იმ შესაძლებლობების ფონზე, რომელიც ჩემი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანს გააჩნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. დღეს კი, ამ უსამართლო ბრალდებების გამო, იმის გამო, რომ ჩემი გულშემატკივრები და ოჯახის წევრები განიცდიან წეზოლას, ბოდიშს ვუხდი მათ“, - განაცხადა მერაბიშვილმა. მობოდიშებას  კი, ცრემლები მოჰყვა. თუმცა, მანამდე მან სახაზინო ადვოკატის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ დააკმაყოფილა. ვალერი კვანტალიანი მართლმსაჯულების წინაშე ყოფილი პრემიერის ინტერსებს აღარ დაიცავს.

ვანო მერაბიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყდვა, სახელმწიფო ქონების მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვს წაყენებული.

ახალი ამბები