კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზრდილი ხელფასები და პრემიები გურიაში

7 თებერვალი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

მიმდინარე წლის იანვრის თვეში (კონკრეტულად კი საშობაოდ, ანუ 7 იანვრისთვის) გურიის საჯარო მოხელეებზე პრემია გაზრდილი ხელფასის ოდენობით გაიცა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელფასო ანაზღაურებაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მხოლოდ 25% შეიძლება გაიცეს. თუმცა, ამ დრომდე ადგილობრივი ბიუჯეტის თითქმის 40% სწორედ,  ხელფასებზე იხარჯებოდა.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 142 თანამშრომელმა 2014 წლის 15 იანვრისთვის, 46 700 ლარის ოდენობის პრემია მიიღო.  აღსანიშნავია, რომ იმ პირთა  სიაში ვინც პრემია მიიღო,  ამ ეტაპზე არ მოხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე, მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე, ირაკლი სირაძე, კოტე სარიშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ალეკო ბერიძე. 

შარაშენიძის თქმით, მისთვის და მისი მოადგილეებისთვის პრემიების „მეღება-არმიღება“ პრობლემა არაა: „ჩვენ მერე ავიღებთ პრემიებს, რა პრობლემაა? მომდევნო თვეში იქნება თუ ახლა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ პრემიები 2013 წელს არ გაგვიცია, იმიტომ, რომ ბიუჯეტში არ იყო ეს თანხა. 2014 წლის ბიუჯეტში ცენტრალურმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტს ჩაუსვა ერთი თვის სახელფასო დანამატი, ე. წ. საპრემიო თანხა. 2013 წელს, რომელმა თანამშრომელმაც იშრომა და საქმე აკეთა, ავდექით და საკალანდოდ დავურიგეთ პრემიები. ესეც მოხდა შერჩევით, ყველასთვის არ მიგვიცია,“ – ამბობს შარაშენიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს, საშობაოდ 28 905 ლარის ოდენობის პრემიები დაურიგდათ. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე ამბობს, რომ პრემიები ბიუჯეტში იყო ჩასმული: „ეს პრემიები ბიუჯეტში ჩასმული და გათვალისწინებული იყო. ფაქტობრივად, ჩვენ ეს პრემიები არასაშტატო ერთეულზე არ გაგვიცია, ვისაც მივეცით, ის ოფიციალური თანამშრომელია. პრემიები გავეცით შობა-კალანდასთან დაკავშირებით“.

რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, აქ საჯარო მოხელეებს ხელფასები მიმდინარე წლის იანვარში გაეზარდათ. 2012 წლის 19 ოქტომბერს პრეზიდენტის # 726 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ, დადგინდა ხელფასების მატება ყველა მუნიციპალიტეტში. ცვლილებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი 2 650 ლარით განისაზღვრა; გამგებლის მოადგილის _ 1 300 ლარი; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის _ 1 700 ლარით; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, რწმუნებულის _ 1 000 ლარით; გამგეობის განყოფილების უფროსის _ 810 ლარით; გამგებლის თანაშემწის, სხვა საჯარო თანამდებობის პირების _ 790 ლარით; უმცროსი საჯარო თანამდებობის პირის _ 560 ლარით; საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასი ზედა ზღვარი კი, განისაზღვრა 1 350 ლარით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიგინეიშვილის თქმით, მოხდა ხელფასების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა: „ხელფასების ზრდას რაც შეეხება, 2012 წელს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც გაიზარდა თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სახელფასო განაკვეთის ზედა ზღვარი. საქართველოს მასშტაბით 65-დან 62 მუნიციპალიტეტს, უკვე დიდი ხანია, ეს საკითხი დარეგულირებული ჰქონდა. შესაბამისად, დარჩენილ სამ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ჩვენთანაც, საკითხი დარეგულირებას მოითხოვდა. ხელფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა აისახა 2014 წლის ბიუჯეტში. შესაბამისობაში მოვიდა კანონთან ზოგადად მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ხელფასები“.

გიგინეიშვილის თქმით, რაკი ა(ა)იპ-ების თანამშრომლები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, აქედან გამომდინარე, მათი ხელფასები არ განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით და შესაბამისად, მათი ანაზღაურება იგივე დარჩა. ხელფასები არ გაზრდიათ არც ა(ა)იპ–ების ხელმძღვანელ პირებს. რაც შეეხება პრემიებს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ლანჩხუთის გამგეობაში ოფიციალურად მოთხოვნილი ინფორმაციის საპასუხოდ, განგვიცხადეს, რომ გვიპასუხეს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის რიგ თანამშრომლებზე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცა პრემიალური ანაზღაურება 121 980 ლარი.  როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ლანჩხუთის გამგეობის აპარატში აცნობეს, პრემიები 7 იანვარს მომატებული ხელფასის ოდენობის გაიცა. პრემიები მიიღეს საკრებულოს თანამშრომლებმაც. 

საია–ს ოზურგეთის ფილიალის  ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, პრემიების გაცემას თავისი წესი აქვს: „პრემია არის ერთგვარი ჯილდო, რომელიც გარკვეული დამსახურების გამო უნდა მიეცეს საჯარო მოხელეს. უფლის შობა დამსახურება არაა. ასე შეიძლება პრემია გაიცეს ნებისმიერ დღესასწაულზე. პრემიის გაცემას დამამტკიცებელი საბუთი და მიზეზიც სჭირდება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს პრემიების გაცემის წესის შემუშვებაზე. როგორი წარმოუდგენელიც უნდა იყოს, იმასაც კი მეკითხებიან: შვებულებაში ვარ და პრემია თუ მეკუთვნისო“. 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პრემიების გაცემასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის შემდეგაც გამოვლინდა შემდეგი საკითხები:

„ადმინისტრაციულ ორგანოთა უმრავლესობაში არ არსებობს საჯარო მოხელეთა პრემირების წესი, რომლის შესაბამისადაც მოხდება პრემიების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას არ ახლავს დასაბუთება, რომელშიც მითითებული იქნებოდა თუ რა კონკრეტული მიღწევების, დამსახურებების გამო იღებს ესა თუ ის საჯარო მოხელე პრემიას; გაცემული პრემიების მოცულობა წარმოადგენს საჯარო მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს არსებით ნაწილს და მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს“ – აღნიშნულია საია–ს კვლევაში.

ახალი ამბები