კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფრაქცია „სოციალ–დემოკრატები“ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს

17 თებერვალი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

კოალიცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოში“ შემავალი კიდევ ერთი პარტია „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა სოსო შეიზაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებობს ფრაქცია „სოციალ–დემოკრატები“, რომელსაც ლესის მაჟორიტატი დეპუტატი, კახა პატარაია ხელმძღვანელობს. ორი დღის წინ ლესის ერთ–ერთი უბნის, კერძოდ კი ჭინათის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მშობლები, რომლესაც ბავშვები დაჰყავთ ლესის ცენტრში მდებარე ბაღში, იყვნენ გამგებლის მოადგილესთან, თხოვნით, რომ დანიშნულიყო ტრანსპორტი ჭინათიდან ლესის ცენტრამდე“, ამბობს შეიზაშვილი.
მისივე თქმით, ვახტანგ ზენაიშვილმა მშობლებს უთხრა, ლესაში თქვენი შვილების ტრასპორტირების საკითხს ხელი თქვენმა დეპუტატმა შეუშალაო, აირჩიეთ სხვა დეპუტატი მომავალ არჩევნებზე და საკითხიც მოგვარდებაო: „ამის შემდეგ ზენაიშვილს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შევხვდი. იქ გვქონდა საუბარი, მოსახლეობაც ესწრებოდა და ზენაიშვილმა იგივე გაიმეორა“.

პრესკონფერენციას ლესის მაჟორიტარი კახა პატარიაც და ზენაიშვილთან შეხვედრაზე მყოფი რამდენიმე მშობელიც ესწრებოდა, რომლებმაც დაადასტურეს პრესკონფერენციაზე თქმული. 

შეიზაშვილმა ბრალი დასდო საკრებულოს თავმჯდომარესაც, რომელიც, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას კანონი აძლევს უფლებას გამგეობის ზედამხედველი იყოს და შენიშვნები მისცეს აღმასრულებელ ორგანოს, ასე არ იქცევა. ერთხელაც არ დაუბარებია ამირან გიგინეიშვილს გამგებელი და მისი მოადგილე და პასუხი არ მოუთხოვია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს ამირან გიგინეიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი საკრებულოს წინაშე“.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი ადასტურებს, რომ მასთან შეხვედრაზე მისულ მშობლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა დეპუტატის არჩევა მართლაც შესთავაზა, მაგრამ ეს იმ მოტივით, რომ პროგრამა, რაც ბაღის მოსწავლეების ტრანსპორტირებას გულისხმობს, შესაძლებელი იყო  დაფინანსებულიყო, მაგრამ საკრებულომ უარი განაცხადა იმ მოტივით, ყველა ბაღის ტრანსპორტირებაზე თანხა არ გვეყოფაო: „მე "ქართულოცნებას" ან "სოციალ-დემოკრატიულ" პარტიას კი არ ვუპირისპირდები, არამედ იმ ჯგუფს, რომლებიც ცხვრის ტყავში არიან გამოხვეულნი და შიგნიდან არიან „მგელ-მტაცებელნი“. მე ვიცავ კოალიციის ინტერესებს, რომელიც არ გადის ფერშეცვლილ "ნაციონალებზე," ახლა მათ უნდათ თავიანთი კანდიდატების წამოყენება საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის პოსტებზე, თურმე ამაში ხელს უშლის ვახტანგ ზენაიშვილი, რასაც ვადასტურებ და ვამბობ, რომ დიახ, ხელს ვუშლი“.
მისივე თქმით, მასთან ნამდვილად იყვნენ მისულები ჭინათიდან მშობლები და საბავშვო ბაღამდე მისასვლელი ტრანსპორტის დანიშვნა ითხოვეს:
„თავის დროზე მეც და გამგებელმაც დაპირება მივეცით მათ, რომ დავეხმარებოდით, მაგრამ რაკი ტრანსპორტის მოთხოვნით საკრებულოს 11 ბაღმა მიმართა, თანხა არ იყო იმდენი, რომ ყველა დაკმაყოფილებულიყო, ამდენად, საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ეს პროგრამა ამოეღო ბიუჯეტიდან. მოსახლეობას ხუმრობით ვუთხარი, ვინაიდან ჩვენი და საკრებულოს გადაწყვეტილება არ ემთხვევა ერთმანეთს, მაისის ბოლოს გაქვთ შანსი აირჩიოთ ისეთი დეპუტატი და საკრებულო, რომელსაც სხვა ხედვა ექნება–მეთქი. დიახ, ვადასტურებ, ეს ვთქვი და ამაში  კრიმინალს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ თანხა რასაც ეყოფოდა, იმდენი სოფლის ტრანსპორტირება უნდა დაფინანსებულიყო, მათ შორის ჭინათისა“, – გვითხრა ზენაიშვილმა.

შეიზაშვილის სიტყვებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში, ამირან გიგინეიშვილი ასე პასუხობს: 
„სოსო შეიზაშვილს მინდა ვუთხრა, გაიხსენოს საკრებულოში მისი ფრაქციის შექმნის პერიოდი. თავის დროზე გვერდში დავუდექი იმ ადამიანებს, რომელთაც უნდოდათ თავისი პოლიტიკური მიმართულების ფრაქცია შეექმნათ, სხვათა შორის გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის მის შექმნაში. რაც შეეხება კოალიციაში არსებულ შიდა დაძაბულობას, ეს შიდა კოალიციური საქმეა, რომელიც საქვეყნოდ გამოსამზეურებელი ვფიქრობ, არაა, რადგან ეს ყველაფერი მმართველი ძალის ინტერესებს და რეიტინგს დაბლა წევს, მე კი ნამდვილად არ მინდა, რომ ასე მოხდეს. ამდენად, არ მექნება რეაქცია არც დღეს, არც ხვალ და არც მას შემდეგ, რაც იმპიჩმენტს გამომიცხადებს სოსო შეიზაშვილი. ითქვა ისიც, რომ ტრანსპორტის არდანიშვნა სოფელ ჭინათის სააღმზრდელო ჯგუფისთვის საკრებულოს ბრალია. საქმე ისაა, რომ არ გვაქვს იმდენი თანხა, 11 სოფელს ტრასპორტი გამოვუყოთ.  გასულ წელს გვქონდა სკოლებში ბავშვების ტრანსპორტირების პროგრამა, დაახლოებით 28 ათასი ლარის ოდენობის, მაგრამ წელს ეს პროგრამა განათლების სამინისტრომ დააფინანსა.  ჩვენ მხოლოდ ერთი სკოლის, სასულიერო გიმნაზიის ტრასპორტირებას ვაფინანსებთ, დარჩა 22 ათასი ლარი და გვსურდა ამ გამოთავისუფლებული თანხით  საბავშვო ბაღების ტრანსპორტირება დაგვეფინანსებინა. 11 ბაღმა მოგვმართა დახმარებისთვის. აღმოჩნდა, რომ დარჩენილი 22 ათასი ყველას დაფინანსებისთვის არასაკმარისი იყო და რაკი ყველა ვერ დავაკმაყოფილეთ, მთლიანად გავაუქმეთ წელს ბაღების ტრასპორტირების საკითხი“.

ახალი ამბები