კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხმაურიანი განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

20 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
  
5 წლით თავისუფლების აღკვეთა ვანო მერაბიშვილს, 50 ათასი ლარი ჯარიმა ზურაბ ჭიაბერაშვილს - ათთვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ ასეთი განაჩენი გამოიტანა მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ 17 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე. სასამართლომ ყოფილი შს მინსტრისა და ყოფილი გუბერნატორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა გამამტყუნებელი განაჩენით დაასრულა. 

სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყდვა, სახელმწიფო ქონების მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) ჰქონდა წაყენებული. დაცვის მხარის განმარტებით, მან აღნიშნულ პროცესზე დასწრება არ ისურვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწლის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, გაფლანგვა), ასევე, 164-ე პრიმა მუხლით (ამომრჩევლის მოსყდვა) ცნო. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებას (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), სასამართლო გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერმინისტრს იგი მოეხსნა. 
 
 „ის, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხდება, სხვა არაფერია, თუა არა პირდაპირი პოლიტიკური ზეწოლა, როგორც პროკურატურაზე, ისე სასამართლოზე. დღეს ჩვენ ვიხილეთ წნეხი, რომლის ქვეშაც არიან როგორც მოსამართლე, ისე პროკურორები. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხს დღევანდელი ხელისუფლება აგებს. მათ დღევანდელი დღე პოლიტიკურად ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ეს არის სასამართლოს მხრიდან რეჟიმისადმი ერთგვარი ხარკის გადახდა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. იგი ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის მხარდასაჭერად  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილ მერთან და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

"სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას, რის შედეგადაც ვიხილეთ განაჩენი, რომელიც აბსოლუტურად უკანონოა. სამართლებრივ ნაწილში ვიდავებთ ბოლომდე, ვინაიდან განაჩენი, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არავითარ შემთხვევაში  არ გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან, რომელსაც მთელი ეს პერიოდი ყველანი ერთად ვისმენდით. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც გვქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე ამ წნეხს გაუძლებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული ბრალდებები და ამ ბრალდებებზე დაყრდნობით მიღებული უკანონო განაჩენი", - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. 

განაჩენის უკანონობაზე, ასევე, სასამართლოსა და პროკურატურის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაზე გააკეთა კომენტარი თავად ბრალდებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის შემთხვევაში სასამართლომ მუხლის კვალიფიკაცია შეცვალა და  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შეეცვალა ბრალდებით - სამსახურებრივი გულგრილობა. 

"აქ მოულოდნელი ნამდვილად არაფერი ყოფილა. მე ვაკეთებდი განცხადებებს იმის შესახებ, რომ სასამართლო იყო პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. ამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო. ჩვენ პრაქტიკულად ვიცოდით, რომ ეს განაჩენი დადგებოდა და ახლა მზად ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა, რათა დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა. შესაბამისად, ჩვენ გავასაჩივრებთ განაჩენს და საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

განაჩენის გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც, რომელიც ჭიაბერაშვილის ნაწილში კვალიფიკაციის შეცვლას, ხოლო მერაბიშვილის ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდების (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მოხსნას  აპროტესტებს და აპირებს სასამართლოს განაჩენის ჩაბარების შემდეგ იგი გაასაჩივროს. 

"პოლიტიკური შურისძიება" - ასე აფასებს მერაბიშვილი-ჭიაბერაშვილის სისხლის სამართლის საქმეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საბოლოო განაჩენს დაცვის მხარე. ერთი თვის ვადაში იგი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გეგმავს.
    
ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ვადის ათვლა კი, დაწყებულია (მისი დაკავების დღიდან - 2013 წლის 21 მაისი) და მიმდინარე წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, მას მოსახდელი 4 წელი და 3 თვე  დარჩა. 

ახალი ამბები