კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლოს მიერ თანამდებობიდან ორჯერ გადაყენებული პირი ისევ თანამდებობაზე დანიშნეს

25 თებერვალი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილ დირექტორს ვალერი გრემელაშვილს სასამართლომ სააგენტოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობა ორჯერ აუკრძალა. გრემელაშვილი სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარესთან გიორგი სიბაშვილთან ერთად,სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხის გაფვლანგვაშია ბრალდებული. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს ჯერ მოწმეთა დაკითხვაც არ დაუმთავრებია, გრემელაშვილი 2014 წლის 23 იანვარს სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.

გრემელაშვილს და სიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, გერემელაშვილს 5 000, სიბაშვილს კი 15 000 ლარის ოდენობით. გრემელაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, გიორგი სიბაშვილი კი ბრალდებას არ ეთანხმება.

2013 წლის 15 იანვარს, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ხვიჩა ბეგიაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ვალერი გრემელაშვილი „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვალერიან გრემელაშვილს ბრალი ედება თანამდებობრივი დანაშაულის ჩადენაში, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ხელს შეუშლის გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, რაც წარმოადგენს საკმარის საფუძველს მისი თანამდებობიდან გადასაყენებლად. თანამდებობაზე დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და კვლავ გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა“, - აღნიშნულია თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გოგიტა თოთოსაშვილის განჩინებაში.

იქვე ნათქვამია, რომ „განჩინება სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის. იგი ვალდებულია, სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს“.
გრემელაშვილის ნაცვლად სააგენტოს დირექტორად გამგეობის წევრი თამილა ნაპირელი აირჩიეს.

განჩინების მიუხედავად, 2013 წლის 15 თებერვალს, ვალერი გრემელაშვილი „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოში“ უფრო მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ის სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

2013 წლის 21 თებერვალს, პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა ისევ მიმართა სასამართლოს, რომ ვალერი გრემელაშვილი „რეგიონული განვითარების სააგენტოს“ გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაეყენებინათ.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „ვალერიან გრემელაშვილს ბრალი ედება თანამდებობრივი დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლოა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეეცადოს ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, რაც წარმოადგენს საკმარის საფუძველს მისი თანამდებობიდან გადასაყენებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალერიან გრემელაშვილი გადაყენებულ უნდა იქნას ააიპ „რეგიონული განვითარების სააგენტოს“ გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან“, - ნათქვამია მოსამართლე ქეთინო ლუაშვილის განჩინებაში და ასევე აღნიშნულია, რომ განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო.

ვალერი გრემელაშვილი სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და მის ნაცვლად, გამგეობის თავმჯდომარედ, თელავის მაშინდელი გამგებელი ზურაბ ყურაშვილი აირჩიეს. გრემელაშვილი გამგეობის რიგითი წევრი გახდა.

2014 წლის 23 იანვარს, „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ გამგეობის სხდომაზე, თანამდებობიდან სასამართლოს მიერ 2–ჯერ გადაყენებული ვალერი გრემელაშვილი ისევ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაინიშნა. გამგეობის წევრებმა ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

ასევე, შეიცვალა გამგეობის თავმჯდომარე და რამდენიმე წევრი. გამგეობის თავმჯდომარედ ზურაბ ყურაშვილის ნაცვლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი აირჩიეს. გამგეობის წევრობიდან გადაირჩიეს ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ლაშა ალადოშვილი. გამგეობის წევრებად აირჩიეს სიღნაღის გამგებელი რამაზ პოპიაშვილი და ლაგოდეხის გამგებელი ვალერი ალიბეგაშვილი.

ვალერი გრემელაშვილი აცხადებს, რომ მას სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის უფლება, სავარაუდოდ, აქვს: „მე სააგენტოს არც დირექტორი ვარ და არც თავმჯდომარე. მოადგილე რომ ვარ, მერე რა, ეგ გადამწყვეტი არ არის. პირველი ხელმომწერები დირექტორი და თავმჯდომარე არიან. მაშინ არ მქონდა თანამდებობაზე ყოფნის უფლება, თორემ ეხლა მგონი არაფერი პრობლემა აღარ არის“, - განაცხადა გრემელაშვილმა.

სააგენტოს გამგეობის 23 იანვრის სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას, რომელზეც თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს, ლაგოდეხის გამგებელი ვალერი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობდა. ოქმის მიხედვით, ემზარ ჯიქურაშვილის და ვალერი გრემელაშვილის კანდიდატურებიც მან წამოაყენა. ვალერი ალიბეგაშვილი და გამგეობის სხვა წევრები აცხადებენ, რომ არ ახსოვთ ვინ იყო გრემელაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის ინიციატორი. ასევე, არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვალერი გრემელაშვილი სასამართლომ სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობებიდან 2-ჯერ გადააყენა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 199-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს გარკვეული საქმიანობისა თუ პროფესიის განხორციელების აკრძალვა. სასამართლოს განჩინებაში მითითებული არ არის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დროებითი იყო. ვალერი გრემელაშვილს არ გაუსაჩივრებია სასამართლოს არცერთი განჩინება, მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

ახალი ამბები