03:50, Sunday, 01.11.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩემი ინვალიდი შვილით დავიწვავ თავს სამინისტროს წინ!

26.02.2014

 
დევნილი, სოციალურად დაუცველი, 12-ჯერ ნაოპერაციევი ლუკას დედა თვითმკვლელობით იმუქრება   

ეკა გულუა 

დიაგნოზი - ჰიდროცეფალია, 12-ჯერ ნაოპერაციევი, თავზე შუნტირებული, შუნტირების აპარატზე მიჯაჭვული, რომელიც „მაწანწალა ცხოვრებისა“ და არანორმალური პირობების გამო ხშირად ფუჭდება. ოპერაცია ოპერაციას მოსდევს. სახლი - არა! ჰიგიენა - არა! სრულყოფილი მკურნალობა - არა! რეაბილიტაცია - არა! სრულყოფილი კვება - არა! მედიკამენტები - ხან აქვს, ხანაც - არა. ეს  3 წლის და 6 თვის ლუკას ამჟამინდელი მდგომარეობაა.  

პირველი ოპერაცია დაბადებიდან 1 საათში დასჭირდა. მას შემდეგ ოპერაციას წელიწადში რამდენჯერმე უკეთებენ.  ეს წერილი კი 3 წლის და 6 თვის ლუკას დედამ, 24 წლის ინეზა გიგანმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუგზავნა: „თემქაზე ბინების დარიგება დაიწყეთ და მე არ დამირეკეთ, ხომ?! თქვენ არ იცით, ამით რამხელა დარტყმა მომაყენეთ! ხვალიდან შიმშილობას დავიწყებ სამინისტროს წინ, ჩემი ავადმყოფი შვილით! სიცხიანი ბავშვით დავჯდები სამინისტროს წინ!.. თავს მოვიკლავ ბავშვებთან ერთად!.. ისეთი გაღიზიანებული ვარ, სიკვდილის მეტი არაფერი მინდა... მთელი საქართველო გაიგებს ჩემს ამბავს, ჩემი ინვალიდი შვილით დავიწვავ თავს სამინისტროს წინ. თქვენს ქებაში ამომხდა სული და თქვენ რა გამიკეთეთ?! დღევანდელი დღე გადამატანინოს ღმერთმა და ხვალ მე ვიცი, რასაც ვიზამ!.. მეგონა, ადამიანები მოვიდნენ სათავეში და გვეშველა, თქვენ კიდე ვინ ყოფილხართ?!“  

ამ წერილმა სოციალური ქსელით მრავალი ადრესატი მოიარა. ინეზა გიგანი აფხაზეთიდან, კერძოდ - ოჩამჩირიდან დევნილია, თან - სოციალურად დაუცველიც. 

წერილის ერთ-ერთი ადრესატი მეც გავხდი, როგორც სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. მის გამოგზავნილ წერილს ვუპასუხე. გაუკვირდა, რომ ადამიანური გამოხმაურება მიიღო. დიალოგში შემოვიდა. მართალი გითხრათ, ისეთი არაფერი მიმიწერია, უბრალოდ, შევედი მის მდგომარეობაში. შევხვდეთო და შევხვდით კიდეც.  

ინეზა გიგანი: „დევნილიც ვარ და სოციალურად დაუცველის სტატუსიც მაქვს.    უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. წლებია, მოთმინებით ველით, რომ ჩვენი დროც დადგება და მოგვხედავენ. დევნილებისთვის თემქაზე ბინების განაწილებამდე, სამინისტროში სპეციალური ანკეტა შევავსე. მერე მინისტრის მოადგილესაც შევხვდი, დეპარტამენტის უფროსსაც. ჩემი მდგომარეობის შესახებ ყველამ იცოდა. 100-პროცენტიან გარანტიას მაძლევდნენ, რომ ბინის მიმღებთა სიაში პირველი ვიქნებოდი“.

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, სამინისტრო ინეზა გიგანს ბინის მიღების გარანტიას ვერ მისცემდა, რადგან ბინების განაწილება იმ ქულებზეა დამოკიდებული, რასაც დევნილი ანკეტაში დაფიქსირებული მდგომარეობის მიხედვით აგროვებს.

ინეზა გიგანი აცხადებს, რომ მას მინისტრის მოადგილე დაპირდა, მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ბინის განაწილებისას, სიაში პირველი იქნებოდა: „მოადგილეს პირადად შევხვდი და მინისტრისთვის წერილიც დავუტოვე. აუცილებლად გადავცემო. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი. ასე წანწალ-წანწალში 4 თვის მუცელიც მომეშალა.  სასწაულად ველოდებოდი ბინის განაწილებას. დღეებს ვითვლიდი, ვგეგმავდი, ბავშვის ოთახი როგორი უნდა ყოფილიყო. მისი გამოჯანმრთელების იმედიც მომეცა. ვფიქრობდი, ნორმალურ გარემოში მეყოლება, ჰიგიენასაც დავიცავ, კარგად მივხედავ და ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ წავა-მეთქი... მაგრამ, სამინისტროდან გავიგე, რომ ბინები უკვე გაუნაწილებიათ და მე ისე დამტოვეს“. 

წერილი, რომელიც ინეზა გიგანმა სამინისტროს და ასევე სხვებს გაუგზავნა, სწორედ იმ საღამოს დაწერა, როცა ბინის განაწილების შესახებ საინფორმაციო საშუალებებისგან გაიგო. მეორე დღეს სამინისტროში ვეღარ მივიდა, რადგან ბავშვი ძალიან ცუდად გაუხდა და კრუნჩხვებში ჩავარდა. 

ლუკას თავზე პირველი ოპერაცია თვენახევრისას ასაკში ჩაუტარდა. შემდეგ კიდევ ჩაუტარდა რამდენიმე რთული ოპერაცია. ამას ემატება გადატანილი დაავადებები: „ახალშობილთა სეფსისი, ვენტინიკულიტი, ჭიპლარის თანდაყოლილი თიაქარი...“ „...ფსიქო-მოტორულ განვითარებაში ჩამორჩენა. 3 კვირის ასაკში მენინგიტი...“ „...დაიბადა გასტროშიზისით, ჩაუტარდა ნეიროქირულგიური ოპერაცია. ამის შემდეგ ბავშვს კიდევ ხუთჯერ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია...“ „თავს ვერ იჭერს, ვერ დგება, ვერ ჭამს, ვერ ლაპარაკობს. მხედველობა დაქვეითებული აქვს...“    
 
„წანწან-წანწალში ვატარებთ ცხოვრებას. არაადამიანური პირობებიდან გამომდინარე დასჭირდა ამდენი ოპერაცია. სამწლინახევრის ბავშვს მთელი დღე წოლა უწევს, ინვალიდის ეტლიც კი არ მაქვს... ინჰალატორიც გვჭირდება,  სუნთქვის პრობლემებიც დაგვემატა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს“, - ამბობს რესპონდენტი. 

12 ოპერაცია ლუკას პოლისით გაუკეთდა. ოჯახი საკუთარი შესაძლებლობებით ერთ ოპერაციასაც ვერ დააფინანსებდა. თუმცა, სახელმწიფოსგან ამ დახმარების გარდა, კიდევ ძალიან ბევრი საჭიროება აქვს: „ფაქტობრივად საავადმყოფოში გავიზარდეთ. ბავშვს  რეაბილიტაცია სჭირდება,  მაგრამ უფინანსობის გამო ვერ ვიწყებთ. უმოძრაობის გამო კუჭნაწლავის პრობლემებიც დაგვემეტა, მაგრამ ვერ ვმკურნალობთ“.  

ჟურნალისტის კითხვაზე - ბავშვს რატომ დაჭირდა 12 ოპერაცია, ინეზა გიგანი პასუხობს: „გასტროშიზისით (ღია მუცლით) დაიბადა. ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. პირველი ოპერაცია დაბადებიდან ერთ საათში გაუკეთდა. შემდეგ, საავადმყოფოს პირობებში, ახალშობილთა სეფსისი შეხვდა, შემდეგ სტაფილოკოკი, შემდეგ  მენინგიტი, რომელმაც რთული დაავადება - ჰიდროცეფალია დაუტოვა. ამჟამად ლუკა ხელ-ფეხს ამოძრავებს, მაგრამ ვერ ჯდება, ვერ ლაპარაკობს, ვერ ღეჭავს. სულ ანტიბიოტიკებზეა. 12 ოპერაციაც იმიტომ დასჭირდა, რომ პირობები არა გვაქვს.  აპარატი, რაც თავში აქვს ჩადგმული, ხშირად უფუჭდება. ბავშვი ხან ცივდება, ხან ვირუსი ემართება“.   

ინეზა გიგანი, როგორც თავად ამბობს, გლდანში ქირით ცხოვრობდა, მაგრამ ქირა როცა ვერ გადაიხადა, საცხოვრებელი დაატოვებინეს. ჰყავს მეუღლე, რომელიც დევნილი არ არის და უმუშევარია. მათ მეორე შვილიც ჰყავთ, რომელიც ბაღში ვერ დადის, რადგან გლდანიდან გამოსახლების შემდეგ, ოჯახი ვაზიანის სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ მშობლებს შეეკედლა. ვაზიანიდან გლდანში ბავშვის ტარება წარმოუდგენელია. ვაზიანის საბავშვი ბაღში კი ადგილები არ არის.     

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილ მოქალაქეებზე საცხოვრებელ ბინებს სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად ანაწილებს. ივსება სპეციალური ანკეტა, სადაც დევნილი აფიქსირებს ყველა ინფორმაციას, რაც მის რეალურ მდგომარეობას ასახავს. ეს ყველაფერი ფასდება ქულებით. პირველ ეტაპზე კი ის ოჯახი კმაყოფილდება, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს. ამ საკითხზე უფრო ვრცლად ჩვენი ჟურნალისტური მოკვლევის მომდევნო პუბლიკაციაში ვისაუბრებთ.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნატა
2014-02-27 10:27
amaze uaresi raga unda schirdes an daemartos adamians, rom daxmarebis xeli gaucodon, 24 clis deda ro sikvdils inatrebs imis gamo, rom avadmkof shvils usaxsrobis gamo ver uvlis da camals ver kidulobs, es xom sashinelebaa. imedia saxelmcifo ukuradgebod ar datovebs am ojaxs da 24 clis dedas isev daubruneben sicocxlis survils.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC