კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“მამულიშვილის დღე” და კონტროლის გამკაცრება დე ფაქტო საზღვარზე

26 თებერვალი, 2014
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ახალგორში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ჩინოვნიკებმა გუშინ და დღეს 23 თებერვალი  ე.წ. “მამულიშვილის დღე” აღნიშნეს. რამდენადაც 23 თებერვალი კვირა დღეს დაემთხვა, ორშაბათიც უქმედ გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, ახალგორის რაიონში, კერძოდ კი სოფელ ყანჩავეთში, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაა განთავსებული.  სადღესასწაულო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, მე-4 სამხედრო ბაზის მეთაური მიხაილ პოლიშჩუკი და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ვალერი იახნოვეცი. ასევე - სამხრეთ ოსეთში რუსეთის “ელჩი” ელბრუს კარგიევი.
  
იმავე დღეს ახალგორის რაიონის ცენტრში მდებარე სკვერში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობნენ როგორც ცხინვალიდან ჩამოსული მოცეკვავეები, ასევე ადგილობრივი ბავშვები.
 
ახალგორის მიმართულებით დე ფაქტო საზღვარზე კონტროლი რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად რომ გაამკაცრეს, ამას ადგილობრივები თავდაპირველად  სოჭის ოლიმპიადას უკავშირდებდნენ, შემდეგ კი, 23 თებერვლის ღონისძიებას. თუმცა, ერთიც დამთავდა და მეორეც, მკაცრი კონტროლი დე ფაქტო საზღვარზე კი კვლავ გრძელდება. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ეს უკვე ინერციით ხდება.

"კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე ლენინგორის მიმართულებით ყოველთვის მკაცრი იყო. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო მეტად გამკაცრდა, რაც სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს ხალხისთვისაც კარგია, "- აცხადებს არაოფიციალური საუბრისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი.

თუკი ადრე რუსულ გამშვებ პუნქტზე, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი გადის, მოხუც მგზავრებს შეეძლოთ, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოუსვლელად დარეგისტრირებულიყვნენ, ახლა ასეთი რამე გამორიცხულია. 

 "ადრე არ ჩამოვდიოდით ხოლმე. ახალგაზრდებს ვატანდით ფორმა9-ს და ეგრე ვრეგისტრირდებოდით. ახლა ყველა ჩამოდითო - გვეუბნებიან. ჩვენც რა ძალა გვაქვს? ძალა ახლა ამათ ხელშია," - ამბობს ერთ-ერთი მოხუცი მგზავრი.

სწორედ იმის გამო, რომ ასაკოვანმა ადამიანმა არ ისურვა დე ფაქტო საზღვარზე სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლა და რეგისტრაციის პირადად გავლა (იფიქრეს, რომ როგორც ადრე, ახლაც სხვა მგზავრებს გაატანდნენ ფორმა9-ს და ასე დარეგისტრირდებოდნენ), რუსმა სამხედროებმა უკან გააბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო საზღვარზე მყოფი რუსი სამხედროები შემოწმების პროცედურისას მაქსიმალურად ცდილობენ, ზრდილობიანები და ეთიკურები იყვნენ. ასე მაგალითად ხანდახან თუკი კომპიუტერში რეგისტრირებული მგზავრების რაოდენობა არ დაემთხვა ტრანსპორტში დათვლილს, რამდენიმეჯერ ბოდიშის მოხდით მგზავრებს რეგისტარციის თავიდან გავლას სთხოვენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს სატვირთო მანქანებისთვის წესი შეიცვალა. როგორც ცნობილია, გასული წლის სექტემბრიდან ახალგორის მიმართულებით ქართული კონტროლირებადი ნაწილიდან 50 კილოგრამზე მეტი ტვირთის შეტანა დე ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა. ამის გამო ადგილობრივი ბიზნესმენები, რომლებსაც თბილისიდან ახალგორში საკვები და სამშენებლო პროდუქცია შეჰქონდათ და ახლაც შეაქვთ, დე ფაქტო საზღვრამდე ე.წ. ნეიტარლურ ტერიტორიაზე ტვირთს აცალკევებდნენ და ასე ნაწილ-ნაწილ შეჰქონდათ.

ახლაც დიდი ტვირთები ნაწილ-ნაწილ შეაქვთ; რიგები დე ფაქტო საზღვართან ახლაც დგას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა დიდი სატვირთო მანქანებით ტვირთის შეტანა აიკრძალა. აკრძალვის მიზეზად ისევ გამძაფრებული კონტროლი სახელდება. 

როდემდე  გაგრძელდება ასე, ამის შესახებ არც ადგილობრივებმა იციან და არც დე ფაქტო ადმინისტრაცია ფლობს ამ ეტაპზე რაიმე ინფორმაციას. 

ახალი ამბები