კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე ვარ გოგა ონიანისა და გია დონაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი“

17 მარტი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ ალექსანდრე ცქიტიშვილს, # 8 დაწესებულებაში მოთავსებული უკანონო პატიმრის, მამუკა ომარის ძე ტოლიაშვილის განცხადება

ბატონო ალექსანდრე, ა.წ. იანვარში მონიტორინგის დროს შევხვდი თქვენს თანამშრომელს, რომელსაც მოკლედ მოვახსენე იმ უკანონო ქმედებების შესახებ, რაც ჩემს მიმართ განახორციელეს „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა „სამართალდამცველებმა“ და ახლა „ადამიანის უფლებათა დამცველებმა“ - გოგა ონიანმა და გია დონაძემ.

ჩემი სურვილია, გაეცნოთ ჩემს წინააღმდეგ მოგონილ და შეკერილ სისხლის სამართლის საქმეს და თქვენი ცენტრის იურისტებმა გამიწიოთ ყველანაირი სამართლებრივი დახმარება, რათა სიმართლეს მივაღწიო და კანონის წინაშე დამნაშავე პირებმა აგონ პასუხი. 

მოკლედ მოგახსენებთ მიზეზებს და გარემოებებს, თუ ვისი დავალებით და პირადი ანგარიშსწორებით მოვხვდი პატიმრობაში. 

დაკავებამდე ვიყავი ამხანაგობა „ალექსანდრე 1“-ის თავმჯდომარე. ამავდროულად დავაფუძნე სამშენებლო ფირმა „ჯეოდექს +“. 2007 წლის 3 ივლისს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ჩემს ბინაში შემატყობინეს, რომ ჩემი სამშენებლო ოფისის შესასვლელი კარი გატეხილი იყო. დაუყოვნებლივ ჩავედი ეზოში. მართლაც ოფისის კარი ღია დამხვდა. კუთვნილი ა/მანქანით წრე დავარტყი საცხოვრებელ კორპუსს, დამნაშავე  პირის აღმოჩენის იმედით. სპორტის სასახლის სალაროების წინ დავინახე ხუთი პიროვნება. მათთან მისვლისას აღმოჩნდა, რომ იყვნენ ჩემი მეზობლები. მათ მოკლედ ვუამბე ჩემი პრობლემის შესახებ. ვკითხე, ახლოს საეჭვო პირი ხომ არ შეუმჩნევიათ. ამ დროს წინიდან დავინახე, რომ აკურის ქუჩიდან ჩვენი მიმართულებით სწრაფად მოძრაობდა ვერცხლისფერი „ჯიპის“ ტიპის ა/მანქანა. რაც უფრო ახლოს გვიახლოვდებოდა, მით უფრო კრეფდა სიჩქარეს. ა/მანქანიდან  გადმოსვლა ვერ მოვახერხე და მოვემზადე შეჯახებისთვის. ის ხუთი მეზობელი დაბნეული დაიფანტა. ორი ჩემს მანქანაზე შეხტა, დანარჩენი სპორტის სასახლის კიბეებთან მდგარ სამშენებლო ხარაჩოებზე აძვრნენ. 

„ჯიპმა“ ძაან ახლო მანძილზე ჩაგვიქროლა, დაახლოებით 15-20 მეტრის დაშორებით დაამუხრუჭა, უკან დაიხია და ჩემს ა/მანქანას გაუსწორდა. საჭესთან უგონოდ მთვრალი ახალგაზრდა კაცი იჯდა. მან, პირიქით, აქეთ უმიზეზოდ მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა მცირე ინციდენტი. კერძოდ, მან ნასვამმა დააპირა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ (რომელიც მანამდე ხარაჩოზე აძვრა), არ მისცა იარაღის გამოყენების საშუალება და აართვა მას იარაღი. 

მე ეს შევნიშნე, როცა უკვე ახალგაზრდა პიროვნების მფლობელობაში იყო იარაღი, რადგან ა/მანქანაში ვიჯექი. მას ვუთხარი, დაებრუნებინა იარაღი, რადგან შესაძლებელია, ყოფილიყო ტაბელური. მე აღარ გავჩერდი და წამოვედი. ახალგაზრდამ დამიჯერა. მხოლოდ ც/იარაღი ხელში კი არ მისცა პატრონს, არამედ იქვე შორიახლოს გადაუგდო დასანახად. 

ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში შევიტყვე, რომ „ჯიპის“ პატრონს პოლიციაში დაურეკია და აღუძრავს სისხლის სამართლის საქმე. იმავე დღესვე შევიტყვე, რომ ეს პიროვნება იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გია დონაძე. 

მე მეორე დღეს გამოვცხადდი დოლიძის ქუჩაზე პოლიციის # 5 განყოფილებაში. დამკითხეს მოწმის სახით, სადაც დეტალურად ვაჩვენე მომხდარი ფაქტის შესახებ. დაკითხვის შემდეგ გამომძიებელი გავიდა ოთახიდან და ცოტა ხანში შემოვარდა უცნობი პიროვნება, რომელიც აგრესიულად, ცინიკურად გამოირჩეოდა ჩემს მიმართ . მან წამიყენა პირობა, თუ არ მივცემდი მისთვის სასურველ ჩვენებას  და არ დავწერდი, რომ გია დონაძეისათვის ც/იარაღის წართმევა იყო დაგეგმილი და ამიტომ მოხდა თავდასხმა, მაშინ „ციხეში ჩამალპობდა“ და „მზის სინათლეს არ დამანახებდა“. 

მას კატეგორიული უარი განვუცხადე და მოვახსენე, რომ ტყუილს არ დავწერდი. მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამემუქრა უკანონო პატიმრობით. 

ვინაიდან მე მთლიანად ვიყავი უდანაშაულო, ამავდროულად, სიცრუის დაწერას მაიძულებდა და თან სიტყვიერ შეურაცყოფას მაყენებდა, ვერ მოვითმინე და მეც სიტყვიერი შეურაცხყოფით ვუპასუხე . იგი ყვიროდა - „რევოლუცია მე მოვახდინე“, როგორ მიბედავო! ოთახში შემოვიდა ორი თანამშრომელი და გაანეიტრალეს სიტვაცია. იგი ისევ მემუქრებოდა და ასე მუქარით დავტოვე დოლიძის პოლიციის განყოფილება. 

მას შემდეგ რამდენჯერმე  უმიზეზოდ დამაკავეს.
 
განყოფილებიდან როცა გამოვდიოდი, პოლიციელებს ვკითხე, თუ ვინ იყო ის პიროვნება, რომელიც მემუქრებოდა. მათგან როგორც გავიგე, იგი იყო ვაკე-საბურთალოს შს სამართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი (გოგა) ონიანი, რომელიც ამავდროულად იყო ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსი. მინდა ავღნიშნო, მაშინ არ ვიცოდი, რომ გიორგი ონიანი დაკავებულ  თანამდებობაზე დანიშვნამდე მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მაშინდელი თავმჯდომარის - ბაჩო ახალაიას მოადგილედ. ასევე გოგა ონიანი იყო გია დონაძის ბავშვობის მეგობარი, მისი პროტეჟე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ამიტომ იყო იგი დაინტერსებული და ყველანაირად ცდილობდა შურისძიებას. 

დაახლოებით ორ კვირაში, 2007 წლის 20 ივლისს კვლავ დამიბარეს მე და ჩემი მეზობელი, რომელიც ასევე შეესწრო 3 ივლისს მომხდარ ფაქტს. დაახლოებით სამი საათი გვალოდინეს და შემდეგ სხვა გამომძიებელმა განგვიცხადა, რომ ორშაბათს 23 ივლისს მოვსულიყავით. იმავე საღამოს, პოლიციიდან როცა დავბრუნდი, ჩემს სადარბაზოსთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ, ალ. ხერგიანმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც თურმე ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. იმ მოსაზრებით, რომ მე ვიყავი ყოფილი თანამშრომელი და ამიტომ უფლება არ მქონდა, ამხანაგობის თავმჯდომარე ვყოფილიყავი, ხერგიანმა მომაყენა სხეულის დაზიანება მარჯვენა წვივის არეში. მანვე (სავარაუდოდ - დაუდევრობით) ინციდენტისას მუცლის არეში დაჭრა თავისი მოგვარე პაატა ხერგიანი, რომელთანაც სახლში აფარებდა თავს. 

მე და ხერგიანი უგონო მდგომარეობაში მოვხვდით რესპუბლიკურ სავადმყოფოში, სადაც ჩაგვიტარდა გადაუდებელი ოპერაციები. სამწუხაროდ, ოპერაციის დროს ხერგიანი დაიღუპა.

თავისთავად, იმავე დღეს გოგა ონიანის უწყებაში აღიძრა სს. საქმე ჩემი და პაატა ხერგიანის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გოგა ონიანმა როცა შეიტყო, რომ ამ ინციდენტში მე ვფიგურირებდი, სანამ უგონო მდგომარეობასში ვიმყოფებოდი, საქმე ისე „შეთხზა“, თითქოს პაატა ხერგიანს მე მივაყენე სხეულის დაზიანება, ხოლო ალ. ხერგიანმა წამართვა იარაღი და წვივის არეში დამჭრა.  

იმავე დღეს, უკვე ჩემს წინააღმდეგ შეკერილი საქმე სს საქმე გადაეცა თბილისის მთავარ სამმართველოს მკვლელობების განყოფილებას. თუმცა, საგამოძიებო მოქმდებები, როგორიც არის - შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ნივთმტკიცებების ამოღება, მოწმის დაკითხვა და ა.შ. ონიანის ხელთ დაქვემდებარებულმა გამომძიებლებმა განახორციელეს.

23 ივლისს საავადმყოფოში წარმომიდგინეს მოგონილი ბრალდება და თავად დაზარალებული და დაჭრილი გამამწესეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,  სადაც მოვხვდი გია დონაძის ხელში, რადგან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იგი რეჟიმს ხელმძღვანელობდა დეპარტამენტში. 

რამდენიმე დღეში, ჩემდა საუბედუროდ, გოგა ონიანი დააწინაურეს და თბილისის მთავარ სამართველოს მკვლელობების განყოფილების უფროსად დანიშნეს. მან  თავისივე მოგონილი ვერსიის გამოძიებას თვითონვე უხელმძღვანელა. დანიშვნიდან მეორე თუ მესამე დღეს ჩემი პიროვნებისთვის კრიმინალური იმიჯის შესაქმნელად, ხელოვნურად კიდევ დამიმძიმა მდგომარეობა და ეჭვმიტანილად მცნო გია დონაძისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევაში, თითქოს იმ პიროვნებას მიმალვაში დახმარება გავუწიე. 

მინდა ავღნიშნო, რომ ეჭვმიტანილის დადგენილებაში თვითონ პროკურორი აღნიშნავს, რომ ჩემზე ბრალის წარსადგენად ამ ეტაპზე მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, რა პარადოქსიც არ უნდა იყოს, 30-დღიანი ვადის დარღვევის შემდეგ , თითქმის ორ თვეში მაინც წარმიდგინეს ბრალდება მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ირიბი ან პირდაპირი მტკიცებულება არ დამატებია საქმეს. 

გოგა ინიანის დავალებით გამოძიებამ გაანადგურა: 1) ც/იარაღი, 2) ჩემს ჯინსის შარვალს მოაჭრეს და გაანადგურეს მარჯვენა ტოტი, რომელზეც აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი დაზიანება, 3) სამი თვის დაგვიანებით ამოიღეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება (გარდაცვლილის მაისური), რომელზეც ასევე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი დაზიანება და ეს ნივთმტკიცება ფაქტობრივად კვლევისთვის უვარგისი აღმოჩნდა, 4) გააყალბეს ძირითადი მოწმის  - ალ.ხერგიანის ჩვენება, 5) ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა მოახდინეს მოწმეებზე.

წარმოიდგინეთ, საიდანაც მოახდინა გასროლა ალ.ხერგიანმა (ც/იარაღი ) და რასაც მოხვდა ჭურვები (შარვლის ტოტი და ხერგიანის მაისური ) ყველა მტკიცებულება განადგურებულია, აღარ არსებობს. უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა საქმეში ფიგურირებს გლუვლულიანი იარაღი და იგი არ არის ამოღებული. შესაბამისად, არც ექსპერტიზის (ბალისტიკური) დასკვნა არსებობს. ბრალი კი მაინც მე დამიმძიმეს! მითუმეტეს, გამოძიებამ თავიდანვე იცოდა ც/იარაღის ადგილსამყოფელი ალ.ხერგიანის მითითებით, მაგრამ საქმეში იარაღი არ არსებობს. 

კანონის კომენტარებში ნათლად და გასაგებად არის აღნიშნული, რომ ც/იარაღის შეძენის შენახვის და ტარების ( და ა.შ.) კანონსაწინააღმდეგო ფაქტის დასადგენად (მითუმეტეს, თუ ესა თუ ის გლუვლულიანი იარაღი ატიპიურია) აუცილებლად, უპირობოდ საჭიროა იარაღის არსებობა, შესაბამისი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. 

მიუხედავად ამ გარემოებებისა, ბრალი მაინც დამიმძიმეს. 2006 წლის 8 აპრილს საქალაქო სასამართლოს ვაი მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა არარსებულ, გაყალბებულ და მოგონილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მომისაჯა 35 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

სასჯელის მოსჯის შემდეგ და მანამდეც მაიძულებდნენ დამებრალებინა პაატა ხერგიანის მკვლელობა და დონაძეზე ც/იარაღის წართმევა, რის სანაცვლოდაც გამიფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და 10 წლით თ/აღკვეთას მომისჯიდნენ, ხოლო შეწყალებით რამდენიმე წელში გამათავისუფლებდნენ, რაზეც კატეგორიული უარი განვუცხადე, რადგან არჩადენილ დანაშაულს არ დავიბრალებდი. 

2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩემი ე.წ. დაზარალებული გია დონაძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეჟიმის უფროსად მუშაობდა. ძნელი მისახვედრი არ იქნება თქვენთვის, რა პირობებში და მდგომარეობაში ვიმყოფებოდი 2007 წლის 23 ივლისიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. თითქმის ოთხწელნახევარი თბილისის #1 დაწესებულებაში გამატარებინეს ე.წ, კრიტში, სადაც დავაავადდი ოსტეომიელიტით (ძვლის ტვინის ანთებით), რაც დადასტურებულია ექიმ ექსპერტის მიერ. ოპერაციის შუალედში დამაინფიცირეს ცე ჰეპატიტის ვირუსით. 

არაერთხელ #9 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა ჩემი ცემა-წამება გოგა ონიანის და გია დონაძის დავალებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაკავების დღიდან ვიბრძოდი სამართლიანობისთვის. ათეულობით განცხადებით მივმართე შესაბამის უწყებებს, თუმცა შედეგი ნულია. 

ალბათ, გოგა ონიანის გავლენა დღესაც აქვს ზოგიერთი მაღალჩინოსანს და რიგით თანამშრომლებს და ამიტომ არ ხდება საქმის აღძვრა და ძიების დაწყება. დღემდე უკანონო პატიმრობაში ვრჩები. 

ხელისუფლებაში მოსული პირების სირცხვილია, როცა ზნედაცემული არაადამიანი, გოგა ონიანი უფლებათა დამცველად მოიაზრება და მის მიერ განადგურებული ადამიანები ზოგი საფლავშია და ზოგი ციხეში გამოკეტილი. დანაშაულს რომ თავი დავანებოთ, მეტი უსამართლობის დამკვიდრებაა და არა სამართლიანობის აღდგენა. 

ბატონო ალექსანდრე,  მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  მე არ ვარ პაატა ხერგიანის მკვლელი, არც დონაძისთვის წამირთმევია ც/იარაღი. მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე შემამოწმონ. მე ვარ გოგა ონიანისა და გია დონაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი.

ძალიან გთხოვთ, თქვენი ცენტრის იურისტებმა შეისწავლონ ჩემი საქმე და გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული  ყველა კანონიერი, სამართლებრივი ბერკეტი რათა შეწყდეს ჩემი უფლებების უხეში დარღვევა, რადგან დღემდე ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში . 


დიდი პატივისცემით, 
მამუკა ტოლიაშვილი 29 იანვარი 2014 წელი    




ახალი ამბები