კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პრობლემები

25 მარტი, 2014
 
ნინო დევიძე

ჯანდაცვაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის არაადაპტირებული გარემო, სარეაბილიტაციო პროგრამების ნაკლებობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის მონიტორინგისას გამოავლინა. 

სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა, განახორციელოს საქმიანობა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარების განსაკუთრებული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების  დაცვის ცენტრის უფროსის ნათია ფირაშვილის განცხადებით,  ჩვილ ბავშვთა სახლს ერთ-ერთი არაგეგმიური მონიტორინგის დროს ეწვივნენ: „როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო  ბავშვთა სახლების მონიტორინგს ატარებს, მაგრამ ეს უფრო შიდა აუდიტია, რომელიც ხარისხის ამაღლებას ემსახურება. ჩვენი არაგეგმიური მონიტორინგის მიზანი კი სისტემური და ინდივიდუალური ხარვეზების დადგენა და მათზე რეაგირებაა“.

თბილისის ჩვილ ბავშთა სახლში, 0-დან 6 წლამდე ასაკის 55 ბავშვი ცხოვრობს, აქედან 54 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა: „ვიზიტის დროს გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემა, კერძოდ, დაწესებულების პროფილი და არსებული მომსახურება არ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განსაკუთრებულ საჭიროებებს. დაწესებულებას არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გართობის საშუალებები, ფიზიკური გარემო (შენობა, აივნები, ეზო). აქ არიან ბავშვები, რომლებიც ხანგძლივ სამედიცინო მხარდაჭერას საჭიროებენ. დაწესებულებას არ ყავს საკმარისი სამედიცინო პერსონალი არ არის შესაძლებლობა, რომ ის ძლიერი სამედიცინო მხარდაჭერა, რომელიც ამ ბავშვებს ესაჭიროებათ ადგილზე ჩაუტარდეთ. სახელმწიფოს ბავშვზე ზრუნვისა და სოცილური ინტეგრაციის პროგრამებით, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს აბილიტაციისა და რეაბილიტაციის ქვე პროგრამები ეკუთვნით. (აბილიტაცია, როდესაც ბავშვს ჭირდება უნარების შეძენა, რეაბილიტაცია კი ამ უნარების გაუმჯობესებაა). სამწუხაროდ ისინი ამ ქვე პროგრამებით არ სარგებლობენ დარა თქმა უნდა  ეს არასწორია. ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს შეაფასოს ამ ბავშვების საჭიროებები და იმოქმედოს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე“.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა სამართველოს მთავარი სპეციალისტის მაკა ვარდოსანიძის განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციები თითქმის იდენტურია სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან: „ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა, ჩვილ ბავშვთა სახლის მომსახურების შესაბამისობა ბავშვთა ზრუნვის სტანდარტული მოთხოვნების მიხედვით შეაფასა. ბავშვთა სახლის ყველა აღსაზრდელი   სერიოზული პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირია. ჩვენ მიერ შემოწმდა რამდენად დროული იყო რეაგირება სამედიცინო  თუ სარეაბილიტაციო თვალსაზრისით. ბავშვები, რომლებსაც შულტირების საჭიროება ქონდათ (ასეთი არის ორი აღსაზრდელი) ჩაუტარდებათ ოპერაცია. თუმცა არიან აღსაზრდელები, რომელთანაც ჩარევა უბრალდ ვერ განხორციელდება, რადგან ნეირო ქირურგების დასკვნით ჩარევას ლეტალური შედეგი მოჰყვება. სამწუხაროდ, სარეაბილიტაციო ღონისძიებები საკმაოდ მწირია, ისინი რაიმე ტიპის სახელმწიფო პროგრამაში არ არიან ჩართულნი“.

სახალხო დამცველი რეკომენდაცია არაკვალიფიციურ კადრებსაც შეეხოთ. ნათია ფირაშვილის განცხადებით,  მომსახურე პერსონალი სათანადოდ ვერ ფლობს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს: „ადრე ეს ბავშვთა სახლი ემსახურებოდა არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. აქედან გამომდინარე,  აღმზრდელთა უმეტესობა  დატრენინგებული იყო ზოგადად ბავშვებთან ინდივიდუალურ მიდგომებში, ხოლო სპეციალიზირებული სწავლება მათ არ ჩატარებიათ“.

„საერთო სატრენინგო პროგრამა, რომელიც სამინისტროს მიერაა შეთავაზებული არ არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ორიენტირებული თუმცა გადამზადების კურსი ზოგადად მოიცავს სხვადასხვა მოდულებს, რომელშიც ცალსახად ეხებიან შშმ პირების საჭიროებებს. მონიტორინგის დროსგამოვლინდა, რომ არსებობენ ისეთი აღმზრდელებიც, რომლებსაც ეს სატრენინგო კურსი გვლილიც კი არ ქონდათ. მინდა გითხრათ, რომ ბავშვთა სახლში კადრები ძალიან ხშირად იცვლება“, - განაცხადა სოციალურ საკითხთა სამართველოს მთავარმა სპეციალისტმა მაკა ვარდოსანიძემ. 

ქვეყანაში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში 2013 წლის ბოლომდე ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს პროცესი  ჯერ კიდევ არ შეხებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლებს: „ბავშვთა სახლში დარჩენილნი არიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც ვერც ერთ ალტერნატიულ სერვისში ჩარიცხვას ვერ დაექვემდებარნენ. მოგეხსენებათ, რომ ბავშვის კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო,  სახელმწიფო ვალდებული იყო დაეხურა ყველა დიდი ბავშვთა სახლი. სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახები“, - განაცხადა ნათია ფირაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლისთვის პროფილის შეცვლას ახლო მომავალში გეგმავს: „ზოგადად ამ დაწესებულების სპეციფიკა უახლოეს მომავალში შეიცვლება. ჩვენ ვმუშაობთ ან დაწესებულების პროფილის შეცვლაზე, ან სხვა ტიპის დაწესებულებაში ამ ბავშვების, მათი საჭიროებიდან გამომდინარე გადანაწილებაზე. დღესდღეობით არც ერთი დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულება აღარ არის. ბავშვები ან დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, ან მოხდება მათი რეინტეგრაცია მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში. ნელნელა ამ სახლების დახურვაც იგეგმება, რადგან ჩვენ უფრო ოჯახურ გარემოზე ვიღებთ ორიენტაციას“, - განაცხადა მაკა ვარდოსანიძემ. 
 
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში მონიტორინგის სამმართველო შეიქმნა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მონიტორინგის სამსახური ეტაპობრივად განახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს, რაც ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

ახალი ამბები