კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით

28 მარტი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობა გასული წლის აგვისტოში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღურებას ითხოვს. სტიქიამ დიცის, ქორდის, არბოსა და ერგნეთის მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში მოსავალი გაუნადგურა. 

ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით 25 მარტს დიცის მოსახლეობის ნაწილი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბა და ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქციების გამართვით დაემუქრა. 

ლევან დუღაძე, აქციის მონაწილე: „ახლა კი ცოტანი შევიკრიბეთ, მაგრამ შემდგომში ოთხივე სოფლის მოსახლეობა ჩავალთ ქუთაისში და პარლამენტის წინ გავმართავთ აქციებს, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, ბაღები დავამუშავეთ, მაგრამ დახვნის გარდა ხომ გვინდა დათესვა, რომ რაღაცა მოვიყვანოთ?! თუ ამ თანხას არ მოგვცემენ, გამოდის, უნდა დაიცალოს ეს სოფლები“.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, დროულად გაერკვნენ საკითხში, რადგან ისინი სწორედ სტიქიით მიყენებული ზარალის კონპესაციის თანხით აპირებენ ნაკვეთებში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას. 

ბესიკ მაისურაძე, აქციის მონაწილე: „უკვე ამდენი ხანი გავიდა. ხალხს სასუქი აქვს საყიდელი და მათზე ვართ დამოკიდებული. 28 აგვისტოს იყო სტიქია სოფელ დიცში, დაითვალეს ზარალი და ამის შემდეგ გვეუბნებიან - დღეს იქნება, ხვალ იქნება და უკვე რამდენი თვე გავიდა ამ დაპირებებში“.

ალექსანდრე მაისურაძე აქციის მონაწილე: „გვითხრეს, რომ ოთხივე სოფლისთვის ზარალის ასანაზღაურებლად გადმორიცხულია 94 ათასი ლარი. პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს, როდის მოვა ეს თანხა ჩვენამდე“.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილ დიცის მაცხოვრებლებს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი თოთალაძე შეხვდა. შეხვედრის შედეგებით აქციის მონაწილეები კამაყოფილი დარჩნენ. გუბერნტორის მოადგილემ  მათ აღნიშნული საკითხის მოგვარება უახლოს დღეებში აღუთქვა. 

გიორგი თოთალაძე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე: „საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოიყო თანხა 94 ათასი ლარის ოდენობით, რითაც ამ მოსახლეობას გაუწევთ გარკვეული ზარალის ანაზღაურებას. ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია და დაიწყება თანხის გაცემა კონკრეტულ პიროვნებებზე“.

თუ რა ფაქტორებმა განაპირობა აღნიშნული სოფლების მოსახლეობისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების შეფერხება, ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ აკონკრეტებენ. დაზარალებულ მოსახლეობას კი იმედი აქვს, რომ კონპესაციას დროულად მიიღებენ და მიღებული თანხით  სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს დაიწყებენ.

ახალი ამბები