კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულომ მხარი დაუჭირა ვარიანტს - „ერთს პლუს ხუთი“

31 მარტი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

27 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული ხუთი საკითხიდან, პირველი გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ოპტიმიზაციას ეხებოდა. საკრებულოს სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა. კენჭისყრის დროს საკითხს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი  წინააღმდეგი წავიდა.  ხმათა უმრავლესობით საკრებულომ მიიღო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის ფორმატი „ერთს პლუს ხუთი“. 

საკითხის კენჭისყრის შემდეგ დეპუტატება განაცხადეს, რომ ახლა ჯერი პალამენტზეა. საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც სხდომას აღნიშნული საკითხის განხილვის გამო ესწრებოდა, დეპუტატებს გორის რაიონში ხუთი მუნიციპალიტეტის შექმნის აუცილებლობაში არწმუნებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ეს იქნება რეალური დეცენტრალიზება. ამის არგუმენტად პოლონეთის თვითმართველობა მოჰყავდათ. ოპოზიციური ფარაქციების წარმომადგენლებს საკითხის განხილვის დროს კითხვები ჰქონდათ, რომელიც სხდომის დასრულების შემდეგ ხელისუფლების კრიტიკაში გადაიზარდა. ისინი დეცენტრალიზაციის ნაცვლად დანაწევრებული მუნიციპალიტეტების, ცენტრიდან იოლ მართვაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. 

არჩილ საბიაშვილი, ფრაქცია „მამულიშვილების“ თავმჯდომარე: „არ დავუჭირე მხარი, რადგან ეს კანონპროეტი ვერ განხორცილედება. ჩვენ არ ვართ დღესდღეობით ისეთ ეტაპზე, რომ  ეს პროექტი განხორციელებადი იყოს. ორი დღის წინ  გვქონდა კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებთან განხილვა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეჭირა მხარი. ჩვენ მხარს ვუჭერდით ქალაქი და რაიონი გამოყოფილიყო ცალ-ცალკე ნაწილად და არა ხუთ ნაწილად დაყოფილიყო რაიონი. დღეს უკვე საკრებულოს სხდომაზე, ფაქტობრივად, უმარავლესობამ დაუჭირა მხარი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივი თვითმართველობა კი არ არის, უშაუალოდ ზემოდან მითითებებს ასრულებენ.  აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი, რომელიც ხუთ ნაწილად დაიყოფა ადგილობრივი თვითმართველობა კი არ იქნება, არამედ დანაწევრებული, დაშლილი, ჩაშლილი ცენტრალური მართველობა იქნება“.

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი „ერთს პლუს ხუთი“ ფორმატს ანიჭებდა უპირატესობას, ოპოზიცია კი „ერთს პლიუს ერთს“. საპილოტე პროექტის მიხედვით, ამჟამად გორის 18-მილიონიანი ბიუჯეტის 80 პროცენტზე მეტი ქალაქის საჭიროებებისთვის იხარჯება. ოპტიმიზაციის პროექტის მიხედვით, თითოეულ მუნიციპალიტეტს საკუთარი  გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რომელიც განაწილდება მასში შემავალი სოფლების საჭიროებებზე. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი პაპუნა კობერიძე humanrights.ge-სთან საუბარში სწორედ აღნიშნულ უპირატესობებზე ამახვილებს ყუარდღებას, რაც მისი თქმით, „ერთს პლუს ხუთს“ აქვს. 

პაპუნა კობრერიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი: „უმრავლესობამ მოიწონა აღნიშნული ვარიანტი. მეც და საკრებულოს თავმჯდომარეც მხარს ვუჭერთ ასეთ ტერიტორიულ დაყოფას. ეს არის რეალური დეცენტრალიზაცია. თუ ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, სწორედ „ერთს პლუს ხუთია“ საუკეთესო ვარიანტი. ეს პირველ რიგში შეაჩერებს მიგრაციას. ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი ბიუჯეტი ექნება და ადგილზე მოხდება პრობლემების გადაწყვეტა. ამ დაყოფით თითოეულ მუნიციპალიტეტში იზრდება ბიუჯეტი და უფრო მეტია ვიდრე „ერთს პლუს ერთის“ შემთხვევაში. იმ ვარიანტით, რასაც საკრებულომ დაუჭირა მხარი, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება“. 

ადმინისტრაციული ოპტიმიზაციის „ერთს პლუს ხუთი“ ვარიანტის მიხედვით, გორის რაიონის ტერიტორიაზე გეოგრაფიული პრინციპით იქმნება ვარიანის, მეჯვრისხევის, შავშვების, ხიდისთავისა და კარალეთის მუნიციპალიტეტები. ადგილობრივი მოსახლეობა ადგილზე აშენებულ ახალ ადმინისტრაციულ შენობებსა და მომსახურების ცენტრებში მიიღებს ყველა იმ მომსახურებას, რისთვისაც დღეს გორში უწევთ ჩასვლა. ხიდისთავის მუნიციპალიტეტში გაერთიანდება ხუთი თემი: ხიდისთავი, ატენი, ბოშური, სკრა, საყავრე და მღებრიანი. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 56 თანამშრომელი შტატით და ოთხი შტატგარეშეა გათვალისწინებული. 

საკრებულოს დეპუტატი, კობა ტლაშაძე humanrights.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნები კარზეა მომდგარი და ახლა ამის განხილვა დაგვიანებულია. იგი მხარს უჭერს „ერთს პლუს ერთ“ ფორმატს, სადაც გორი, როგორც თვითმმართველი ქალაქის, და  დარჩენილი სოფლებისგან ერთი სათემო მუნიციპალიტეტი შეიქმნას, 100-ზე მეტი სოფლით გულისხმობს.   

კობა ტლაშაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: „თუ ცენტრი არ ჩაერევა, „ერთს პლიუს ერთის“ შემთხვევაშიც შეიძლება იფუნქციონიროს თვითმართველობამ. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ხუთ ნაწილად დაშლას, ჩვენ ამისთვის დღევანდელი მდგომარეობით მზად არა ვართ, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო. პირველ რიგში, არ გვაქვს შენობები ადგილზე, სადაც მუნიციპალიტეტების ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს. მეორე, ცუდია იმითაც, რომ საკრებულოს დეპუტატებს, ვისაც ავირჩევთ, სადღაც განათავსებენ და მოსახლეობას მოუწევს ძებნა თუ სად იპოვოს თავისი გამგეობა ან საკრებულო. მესამე, არჩევნების დღეა გამოცხადებული და ახლა მიდის მსჯელობა ამ საკითხებზე. ორ თვეში არჩევნები იქნება და ამბობენ 5 თვეში აშენდება შენობებიო.  ხუთი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ადმინისტრაციული რესურსი 300 კაცს შეადგენს. სად დავსხათ ეს ხალხი?! სად იყოს მათი ცენტრი?! ამ შენობაში ვერ დაეტევა. უნდა გადანაწილდეს სადღაც“.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ოპოზიციის შეხედულებებს არ იზიარებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტს აქვს შენობები, სადაც წლის ბოლომდე დროებით განთავსდება ხუთივე  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია.

დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: „ამ ფორმატს მხარს უჭერს როგორც საკრებულო, ასევე პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი. ალბათ, ამას გაითვალიწინებს ცენტრი და ეს პროექტი განხორციელდება. გორი და თელავი არის საპილოტე მუნიციპალიტეტები და ვფიქრობ, ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ამ ფორმულირებით მოხდება თვითამართველობის ჩამოყალიბება. ეს არის ერთი დიდი ნაბიჯი ევროპის ღირებულებებისკენ. ეს არის ნამდვილი თვითმმართველობა და რეალური დეცენტრალიზება. ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს უკვე გათვალიწინებული ხუთი შენობა, რომელიც დაახლოებით 850 ათასი ლარი ჯდება. მშენებლობა 4-5 თვეში განხორციელდება და წლის ბოლოს უკვე ყველა თემის გაერთიანებას საკუთარი შენობა ექნებათ. მანამდე კი ამ შენობაში და კიდევ გვაქვს სხვა შენობებიც, სადაც დროებით განთავსდებიან  მუნიციპალიტეტები“.

საკრებულოს სხდომა სარეკომენდაციო სახიათის მატარებელი იყო. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე პარლამენტმა უნდა მიიღოს. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხის განხილვა პარლამენტში აპრილიდან დაიწყება.

ახალი ამბები