კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი გამოძიების მოლოდინშია

31 მარტი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

გიგა ფარტენაძე, გეგუთის ციხეში 4 მარტს, ღამით გარდაიცვალა. ოჯახის წევრები თვლიან, რომ ის წამებით მოკლეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს პროკურატურას უკვე დაწყებული აქვს. თუმცა, ოჯახის წევრები თვლიან, რომ გამოძიება ჭიანურდება. ოჯახს, არც ექსპერტიზის დასკვნას აცნობენ.

ის რომ გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნავებოდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალური განცხადებაში, პატიმრის გარდაცვალების დღესვეა აღნიშნული: „გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“ - აღნიშნულია განცხადებაში.  ოჯახის წევრებს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დღემდე არ მიეწოდა. 

გიგა ფარტენაძე სასჯელს 2011 წლიდან იხდიდა. ის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი იყო. ამიტომაც თვლის ოჯახი რომ ის ჯგუფის მიერ არის ნაწამები: „ისეთი დასახიჩრებული იყო ჩემი შვილიშვილი, გაგიჟდებოდა ადამიანი. ძალიან ღონიერი იყო გიგა. მას ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა. როგორც ჩანს, მიეპარნენ და ისე მოკლეს“, - ამბობს გარდაცვლილის ბებია.

მზია მიქაბაძე, გარდაცვლილი პატიმრის დედა: „ფეისბუკზე ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მას თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი. ჩემი შვილი მოთამაშე ნამდვილად არ ყოფილა და გარდაცვლილ პატიმარს შეურაცხყოფას ნუ აყენებენ. მე ვერც ძველ მთავრობაში და ვერც ახალში ვერ ვნახე სამართალი, ყაჩაღები გამოუშვეს, ნარკომანები გამოუშვეს, ბარიგები. ჩემი შვილი თავისით არ მოკვდებოდა, მას ვერ მოერეოდნენ“.
„ჩემს ძმას სხეულზე წამების კვალი აღენიშნება, საშინლად იყო ნაწამები, თვალი ჰქონდა ამოთხრილი. ეს ფაქტი ვერ მოხდებოდა ისე, ციხის ადმინისტრაცია საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო“ - ამბობს გარდაცვლილი პატიმრის ძმა, კობა ფარტენაძე.
მსრჯავდებულ ფარტენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითა საქართველოს სახალხო დამცველმა თავის განცხადებაში.   ომბუდსმენი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოუწოდებს, გაატაროს ყველა შესაძლო პრევენციული ღონისძიება გეგუთის #14 დაწესებულებაში პატიმართა პირადი უსაფრთხოების დასაცავად და ამგვარი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში გეგუთის #14 დაწესებულებაში უკვე მეორედ დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის გამო მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტი, რაც ამ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს“, აღნიშნულია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილზე სწავლობდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

26 მარტს, საქართველოს პროკურატურამ თავის ოფიციალურ საიტზე გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება განათავსა. პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამი პატიმრის _ შოთა შანიძის, ლევან მოისწრაფიშვილისა და გიორგი სეხნიაშვილის მიმართ: „ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს - შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან  გონება  დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის მიმართ სასტიკ ძალადობას, კერძოდ გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და  ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ თავს. აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, რა დროსაც გიგა ფარტენაძე გადაყვანილი იქნა №14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად იგი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა“

აღნიშნულ პირებზე წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები