კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებს

1 აპრილი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა 

26 წლის გარდაცვლილი პატიმრის, ავთო მაისურაძის და, როზეტა მაისურაძე აცხადებს, რომ პატიმარი ნაწამებია. პატიმარი სასჯელს გეგუთის #14 დაწესებულებაში იხდიდა. მას სასჯელის მოხდამდე ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. გარდაცვლილის დამ, როზეტა მაისურაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  მისი ძმის ცხედარს ისეთი ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც თავის ჩამოხრჩობის შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონოდა: „ჩვენ გვითხრეს, რომ ჩემმა ძმამ თავი მოიკლა. დედაჩემმა გვამი რომ ნახა, ნაწამები იყო - წელში იყო გადატეხილი, თითები დამტვრეული, ფეხები დაზიანებული ჰქონდა, თავი კიდევ დაჩეჩქვილი“.

ოჯახი პატიმრის თვითმკვლელობას კიდევ ერთი მიზეზის გამო გამორიცხავს: „მას ორ კვირაში სასჯელის ვადა ეწურებოდა. დედაჩემს დაურეკა და უთხრა, ციხიდან რომ გამოვალ, უცხეთში წავალ და აღარასდროს გაგვიჭირდებაო. ამის შემდეგ, ის თავს აღარ მოიკლავდა. დღეს საქართველოში სამართალი არ არის. ციხის ადმინისტრაციის ბრალია, რომ ვერ შეძლეს ჩემი ძმის სიცოცხლის ორი კვირით დაცვა“ - განაცხადა გარდაცვლილი პატიმრის დამ.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მისი წამების მიზეზს, პატიმრის დაკავებისას უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით დაპატიმრებულ ორ სამართალდამცავს უკავშირებს. როგორც გარდაცვლილის ოჯახს აქვს ინფორმაცია, პატიმარს წერილი აქვს დატოვებული: „მნიშვნელოვანია ის, რომ წერილი დატოვა, რომელიც სამართალდამცველებს აქვთ და ჯერჯერობით არ გვაძლევენ. ალბათ იმ წერილიდან ყველაფერი გაირკვევა“.

მაისურაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. ისინი ხელვაჩაურში, ყოფილი 53-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე,  პატარა ფიცრულში, თვითნებურად შეჭრილ სხვა ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ.

პატიმარი მაისურაძე, გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 23 მარტს, დილით იპოვეს გარდაცვლილი. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციაშია აღნიშნული, სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. 

პატიმარ მაისურაძის საქმის შესწავლა დაწყებული აქვს სახალხო დამცველის აპარატსაც: „სახალხო დამცველის რწმუნებულები პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ გარდაცვლილის თანასაკნელებსა და ციხის ადმინისტრაციას. მსჯავრდებულების ინფორმაციით, გარდაცვლილი 24 მარტს, დილით ადრე, მისმა თანასაკნელმა იპოვა, რის შემდეგაც მან მორიგე ინსპექტორს დაუძახა. გვამის აღმოჩენისას პატიმარი სავარაუდოდ უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. პატიმრების ინფორმაციით, გარდაცვლილს არც ციხის ადმინისტრაციასთან და არც სხვა მსჯავრდებულებთან კონფლიქტი არ ჰქონია“, აღნიშნულია სახალხაო დამცველის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში, გეგუთის #14 დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი, ბათუმელი გიგა ფარტენაძე იპოვეს გარდაცვლილი. პატიმარ ფარტენაძეს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. 

ახალი ამბები