01:40, Sunday, 18.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადრეული ქორწინება, ოჯახური ძალადობა და სხვა უფლებადარღვევები სახალხო დამცველის ანგარიშში

16.04.2014

 
ნინო დევიძე , კახეთი

საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში,  საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს. 

ანგარიშის მიხედვით, კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს გოგონათა ადრეული ქორწინება. ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, რაც მოტაცების ან მშობლებს შორის გარიგების შედეგია.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის რაიონის კაბალის თემში: „კაბალის №1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრისას მიღებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ გოგონები დამამთავრებელ კლასებში განათლების მიღებას წყვეტენ და არ დადიან სკოლაში, რადგან დიდია მათი მოტაცების რისკი. 2014 წლის იანვარ-თებერვალში მოტაცების 3 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულს ადასტურებს სკოლის დირექტორიც. ერთ-ერთი გოგონას ინფორმაციით: „ჩვენი სოფლიდან ერთი გოგო მამამ 10 ძროხად მიჰყიდა 45 წლის კაცს, ამ გოგოს არ უნდოდა ამ კაცზე გათხოვება და სხვასთან ერთად გაიპარა სახლიდან“. მეორე გოგონა ამბობს: „ჩემს მშობლებს ვეუბნები, თუ ძალით გამათხოვებენ, თავს მოვიკლავ. ამას ყოველდღე ვუმეორებ, რომ არ გამათხოვონ“.

ომბუდსმენის შეფასებით, მთავარი პრობლემა შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო ყურადღებაა: „კაბალის თემში არ იციან, ვის უნდა მიმართონ ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში. გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ, ამ თემში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაცია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული აქტივობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მასწავლებლების, მშობლებისა და სამართალდამცავი უწყებების ცნობიერების ამაღლებას ადრეული ქორწინებით გამოწვეული პრობლემებისა და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესახებ“.

სახალხო დამცველის შეფასებით, 2013 წელი კვლავ დატვირთული იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევებითაც: „მიუხედავად ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული არაერთი კამპანიის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიების შექმნის და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციისა, საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც უმრავლეს შემთხვევაში ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა. 2013 წლის აგვისტო-სექტემბერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა - „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და ზემო სვანეთში“. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა: 77,8%-ს ოჯახში ძალადობა ძალზე ან საკმაოდ ხშირ მოვლენად მიაჩნია; 9,6% აქვს გარკვეული შიში იმისა, რომ მისი ახლობელი შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი; 14% ამართლებს ცოლისადმი ძალადობას იმ შემთხვევაში, როდესაც ცოლი ყურადღებას არ აქცევს შვილებს“.

სახალხო დამცველი 2013 წელს რელიგიის თავისუფლების რეალიზაციისა და ტოლერანტობის კუთხით პრობლემატურად აფასებს, რაც ყველაზე მწვავედ საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ  რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა: „2013 წლის მაისსა და ივნისში, წინწყაროსა და სამთაწყაროში მაცხოვრებელი მართლმადიდებელი მოსახლეობა აპროტესტებდა მეჩეთის ამოქმედებას სოფელში და მუქარით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძალადობით არ აძლევდა მუსლიმ მრევლს შეკრებისა და პარასკევის ტრადიციული ლოცვის ჩატარების შესაძლებლობას. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას, სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მუსლიმებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივმა მოსახლეებმა დაზიანებები მიიღეს, თერთმეტი მუსლიმი დააკავეს და რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დემონტაჟიდან სამ თვეში კი, 27 ნოემბერს, მინარეთის აღდგენის პროცესი დასრულდა“.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნულ ფაქტებთან მიმართებაში შესაბამისი რეაგირება არ განუხორციელებიათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. კერძოდ, არც ერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში, სამართალდამცავ პირებს არ შეუსრულებიათ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი - პოზიტიური ვალდებულება – დაეცვათ მუსლიმთა რელიგიური ჯგუფი მათდამი რელიგიური სიძულვილის გამოვლენისა და ძალადობისაგან. 

ანგარიშის მიხედვით, საჯარო სკოლებში კვლავაც პრობლემად რჩება რელიგიის თავისუფლების დაცვა. განსხვავებული მრწამსის მქონე სკოლის მოსწავლეები დაუცველნი არიან, როგორც ფსიქოლოგიური, ისე მორალური თუ ფიზიკური ძალადობისგან: „საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველს მიმართეს ჩუმლაყის საჯარო სკოლაში განხორციელებულ დისკრიმინაციის თაობაზე. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს არასრულწლოვანის მშობლებს, ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორს. დედის განმარტებით, მისი ოჯახი ევანგელურ-ბაპტისტური სარწმუნოების აღმსარებელია და მის შვილს კლასის ხელმძღვანელი ხშირად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამასთან, მოსწავლეს ხშირად მოუწოდებდა მონათლულიყო მართლმადიდებლური წესით. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა უარყვეს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. თუმცა, კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლის ოჯახს „სექტის“ მიმდევარი უწოდა“.

სახალხო დამცველის აპარატმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია რეაგირებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუგზავნა. მიღებული კორესპონდენციებით სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლას, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, მითითება მისცა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის ხელის შეშლისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის რამდენიმე შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გაფრთხილებაც კი არ მისცა საგარეჯოს პოლიციის უფროსის მოადგილეს გიორგი რევაზიშვილს, რომელმაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები, დროებითი მოთავსების იზოლატორის შემოწმების დროს, პოლიციის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყარა. გენერალურმა ინსპექციამ რევაზიშვილს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი გაუგზავნა: „2013 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ საგარეჯოს რაიონული სამმართველოში, სადაც, პრევენციის ეროვნული მექანიზმის გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, იგეგმებოდა დაკავებულ პირთა აღრიცხვისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილ პირთა ჟურნალების შემოწმება. სამორიგეოში შესვლისას სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მორიგეს წარუდგინეს სახალხო დამცველის რწმუნება და განუმარტეს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის მიზეზი. ამ დროს სამორიგეო ნაწილში შემოვიდა საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი რევაზიშვილი, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაეტოვებინათ სამორიგეო. მიუხედავად იმისა, რომ მას განემარტა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები. გიორგი რევაზიშვილმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ უცნობ პირთან, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელთან ერთად ძალის გამოყენებით აიძულა სახალხო დამცველის რწმუნებულები, დაეტოვებინათ სამორიგეო.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის 18 ოქტომბერს №771/03 რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა პირადად შეესწავლა საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი რევაზიშვილის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დაბრკოლების შექმნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტების საკითხი და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. სახალხო დამცველმა ასევე რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს: მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ინფორმირება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მანდატისა და უფლებამოსილებების შესახებ; უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და ადვოკატებისათვის, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების სრულად და შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა; საქართველოს სახალხო დამცველისა და მისი რწმუნებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლის ყველა შემთხვევას მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილები პირების მხრიდან. 
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მოცემულ თავში განხილული იქნება ის შემთხვევებიც, როდესაც სიცოცხლის მოსპობა, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად განხორციელდა და ამ ჭრილში, წარმოდგენილი იქნება სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობა და პროგრესი: „კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებულ პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის“. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიერ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხელყოფა, არსებითია გამოძიების ფარგლებში შეფასდეს სამართალდამცავი პირების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა, მართლზომიერება და პროპორციულობა. ამ დრომდე გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, მაშინ როცა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების გამოძიების დროს, დაზარალებულების წინაშე, სახელმწიფოს მაღალი ანგარიშვალდებულება და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირების ვალდებულება გააჩნია. დაზარალებულის სტატუსის არარსებობის პირობებში, გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრები იმ მცირედი უფლებებითაც ვერ სარგებლობენ, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ანიჭებთ. 

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავარ პროკურორს: ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირთა საქმეების გამოძიება წარიმართოს საქართველოს მთავარო პროკურატურაში, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ყველა პრინციპის დაცვით. 
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC