კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფომ სამთაწყაროში ვერ დაიცვა მუსლიმთა რელიგიის თავისუფლება

22 აპრილი, 2014
 
ნინო დევიძე, კახეთი

საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სამთაწყაროში ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მუსლიმთა დევნაში აქტიურად მონაწილეობდა ამავე სოფლის რწმუნებული გულო ნადირაშვილი და დედოფლისწყაროს გამგებლი - ირაკლი შიოლაშვილი. სახალხო დამცველი დისკრიმინაციულად აფასებს შიოლაშვილის საჯარო განცხადებას, რომ სოფელში მეჩეთის ამოქმედება უმრავლესობის გადასაწყვეტი იყო.

სახალხო დამცველის რწმუნებულები 2013 წლის მაის-ივნისში ახორციელებდნენ პროცესის მონიტორინგს. სამთაწყაროს მუსლიმ მოსახლეობასთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ სოფელში 1978 წლიდან ცხოვრობდნენ ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად დაზარალებული, აჭარიდან ჩასახლებული ოჯახები, რომელთა შორის იყვნენ როგორც ისლამის აღმსარებლები, ასევე მართლმადიდებლები. 

მუსლიმი მოქალაქეები სამთაწყაროში წლების განმავლობაში ასრულებდნენ რელიგიურ რიტუალებს და ამ მხრივ პრობლემა არ შექმნიათ. თუმცა, 2013 წლამდე მათ ცალკე სამლოცველო არ ჰქონიათ. 2013 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“, სოფლის მუსლიმი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა მიერ ლოცვების შესასრულებლად, კერძო სახლი შეიძინა. ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია სამთაწყაროსა და მეზობელი სოფლების მართლმადიდებელ მოსახლეობაში, რაც მუსლიმი მრევლისათვის პარასკევის ლოცვის ჩატარებაში ხელის შეშლასა და სოფლის მუსლიმი მრევლის სულიერი წინამძღოლის ოჯახის წევრების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატა. 

სოფელ სამთაწყაროს მუსლიმი მოსახლეობისა და „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენლების საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 14 მაისს, სოფლის რწმუნებული გულო ნადირაშვილი შეეწინააღმდეგა სოფელში მუსლიმთა სამლოცველოს გახსნას. რელიგიური მსახურების განხორციელებაში ხელის შეშლა მუსლიმთა სალოცავიდან ყურანის, მაგიდისა და ხალიჩის მეჩეთიდან გარეთ გამოყრასა და მუსლიმებისათვის მიყენებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. 

სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა პარასკევის ლოცვას 2013 წლის 31 მაისსა და 2013 წლის 7 ივნისს მართლმადიდებელმა მოსახლეობამ კვლავ შეუშალა ხელი. კერძოდ, 31 მაისს, სამთაწყაროსა და მეზობელი სოფლების მართლმადიდებელმა მოსახლეობამ გადაკეტა გზა და ქვემო ქართლის მუფთი, მის თანმხლებ პირებთან ერთად, არ შეუშვა სოფელში. მუფთისა და მისი თანმხლები პირების ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 

სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერი წინამძღვრის განმარტებით, 2013 წლის 7 ივნისს, მას ავტომანქანით ორმა უცნობმა მიაკითხა, რომლებმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად გააცნეს თავი და ხოჯა სოფელში რელიგიური დაძაბულობის წარმოქმნასა და მუსლიმთა სალოცავის გახსნის სანაცვლოდ თანხის აღებაში დაადანაშაულეს. მუსლიმთა წინამძღოლის თქმით, ავტომობილში მას დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. დაახლოებით 1 საათის შემდეგ იგი სამლოცველოსთან მიიყვანეს, მაგრამ ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე შეუძლოდ გახდა, რის გამოც მეჩეთში შესვლა ვეღარ შეძლო. 

წინამძღვრის თქმით, 2013 წლის 6 ივნისს სოფლის რწმუნებულთან ერთად მასთან მისული იყო პიროვნება, რომელიც გაეცნო გ. ლ.-ს სახელით და საქართველოს სახალხო დამცველის თელავის რეგიონალურ რწმუნებულად წარუდგინა თავი. აღნიშნულმა პიროვნებამ მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან თითქოს, იცოდა ხოჯას მიერ მეჩეთის ამოქმედების სანაცვლოდ აღებული თანხის შესახებ. მან მუსლიმთა წინამძღოლს განუცხადა, რომ პარასკევის საერთო ლოცვის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ხოლო, რელიგიური დაპირისპირების შედეგად ვინმე რომ დაეკავებინათ, მას სოფელში აღარ მისცემდნენ ცხოვრების უფლებას. 

2013 წლის 14 ივნისს, სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა პარასკევის ტრადიციულ ლოცვაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები და სხვა რეგიონებიდან ჩასული მუსლიმები მონაწილეობდნენ. ხოჯამ ჯანმრთელობის გაუარესებისა და ბოლო პერიოდში მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარების გამო ლოცვაზე დასწრება ვერ შეძლო. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სალოცავად არც სოფლის მკვიდრი სხვა მუსლიმები გასულან. 

2013 წლის 21 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის ცნობილი გახდა წინამძღვრის ოჯახის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტების თაობაზე. მისი ინფორმაციით, 2013 წლის 21 ივნისს, ლოცვაზე დასასწრებად იმყოფებოდა სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე. პარასკევის ლოცვას ასევე დაესწრნენ წინამძღვარი და მისი შვილები. მისივე თქმით, ლოცვის დროს რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ლოცვის დასრულებისა და სტუმრების წასვლის შემდეგ მის საცხოვრებელ სახლთან სოფელ სამთაწყაროსა და მეზობელი სოფლების დაახლოებით ასმა მოსახლემ მოიყარა თავი, რომლებიც პარასკევის ლოცვის გამართვას უკიდურესად აგრესიული ფორმით აპროტესტებდნენ. ამ დროს ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. სოფლის მოსახლეობასთან ერთად სახლთან სამთაწყაროს სოფლის რწმუნებულიც იმყოფებოდა. 

ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით  მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული სს კოდექსის 155-ე მუხლის I ნაწილით) და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობის მიერ ე.ხ.-ს (ს.ხ.-ს შვილი) ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე (დანაშაული გათვალისწინებული სს კოდექსის 151-ე მუხლით). საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. თუმცა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის შსს-ს არ უცნობებია საგამოძიებო ორგანოების მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე წინადადებით მიმართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, სოფელ სამთაწყაროს რწმუნებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით. პასუხად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სახალხო დამცველს ეცნობა, რომ სამთაწყაროს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს დისციპლინური გადაცდომისთვის გამოეცხადა გაფრთხილება. 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ასევე მუსლიმი მრევლის ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვერ უზრუნველყვეს სოფელ სამთაწყაროს მუსლიმი მრევლის რელიგიის თავისუფლების დაცვა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ ბოლომდე ვერ უზრუნველყვეს მუსლიმი მრევლის რელიგიის თავისუფლების უფლება და სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს არ მიეცათ საკუთარი რელიგიური რიტუალების შესრულების შესაძლებლობა. 

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნულ ფაქტებთან მიმართებაში შესაბამისი რეაგირება არ განუხორციელებიათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. კერძოდ, არც ერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში, სამართალდამცავ პირებს არ შეუსრულებიათ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულება – დაეცვათ მუსლიმთა რელიგიური ჯგუფი მათდამი რელიგიური სიძულვილის გამოვლენისა და ძალადობისაგან. 

ახალი ამბები