კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმელობა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი გახდა

3 მაისი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით დაკავებულ ხელვაჩაურის საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 14 აპრილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ თავისი გადაწყეტილება იმით ახსნა, რომ დაკავებულები თურქეთთან ახლოს ცხოვრობენ და დაუბრკოლებლად შეუძლიათ იქ მიმალვა. 

მოსამართლის დასაბუთება ამგვარად არის ჩამოყალიბებული: „გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულები ცხოვრობენ ბათუმში და შესაბამისად საზღვრისპირა რეგიონში, საიდანაც უვიზოდ და დაბრკოლების გარეშე შესაძლებელია თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლა და მოსალოდნელი სასჯელის შიშით შესაძლებელია, მათ დატოვონ საქართველოს ტერიტორია“. 

აღსანიშნავია, რომ თურქეთთან არსებული უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება საქართველოს ყველა მოქალაქე აქვს, არა მხოლოდ ბათუმელებს. ამიტომაც, მოსამართლის დასაბუთებამ არასამთავრობო სექტორისა და დაკავებულთა ადვოკატების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ამდაგვარ შეხედულებას დისკრიმინაციად აფასებენ და თვლიან, რომ მსგავსი მიდგომა აჭარის მცხოვრებლებს სხვა რეგიონების მკვიდრებთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: „თურქეთთან უვიზო მიმოსვლა ბათუმელების კი არა, საქართველოს ყველა მოქალაქის შესაძლებლობაა. თურქეთის საზღვრის უვიზოდ გადაკვეთა საქართველოს ყველა ქალაქიდან თუ რეგიონიდან 1-5 საათის განმავლობაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სამწუხაროდ ბათუმელები აშკარა დისკრიმანაციის მსხვერპლნი გახდნენ. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია“.

ლელა ბჟალავა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, იურისტი: „მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა აღნიშნულ პირებზე გაითვალისიწინა ის გარემოება, რომ ბრალდებულები ბათუმიდან არიან და მათ დაუბრკოლებლად შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაში მიმალვა. დაკავებულები ბათუმელობის გამო დატოვო პატიმრობაში შემაძრწუნებელია და დისკრიმინაციული მოსამართლლის მხრიდან. საქმის მასალებიდანაც ირკვევა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ საჯარო რეესტრის თანამშრომლებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. გულგრილობა არ არის ისეთი მძიმე დანაშაული, რომ ქალბატონ ეკატერინე ქარცივაძეს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, პატიმრობა შეუფარდო“.

„არსად არ წერია სახელმწიფო ბრალდებაში, რომელი სამართლებრივი ნორმა დაარღვია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, რითაც ის იყო ვალდებული, რაღაც შეესრულებინა და არ შეასრულა”, - აცხადებს ერთ–ერთი დაკავებულის, დავით გორგილაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე - „დაკავებულებს ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე დანაშაული. დღევანდელი პრაქტიკით, სასამართლოები არათუ ნაკლებად მძიმე, ისეთ დანაშაულებზეც კი, როგორიცაა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, უფარდებენ ხოლმე გირაოს. ამიტომ სრულიად გაუგებარია როგორც პროკურატურის მოთხოვნა, ისე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილება“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის განცხადების თანახმად, სოფლის რწმუნებულების დახმარებით, მიწის ამზომველი კომპანიები, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ადგენდნენ ყალბ საბუთებსა და ნახაზებს, რის შედეგადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეების საკუთრებაში არეგისტრირებდნენ მდინარეების - ჭოროხისა და აჭარისწყლის კალაპოტებს, ჭალებსა და წყალში მდებარე კუნძულებს. უკანონოდ დარეგისტრირებული კუნძულები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, მოქალაქეების მიერ სხვისდებოდა ჰესის მშენებელ კომპანიაზე.

დაკავებულ საჯარო რეესტრის თანამშრომლების ეკატერინე ქარცივაძის, დავით გორგილაძისა და რომან ზოიძის მხარდასაჭერად, ახლობლებმა და სამოქალაქო სექტორმა, 26 აპრილს, ბათუმში სოლიდარობის აქცია გამართეს. 

საჯარო რეესტრის თანამშრომლების საკითხს სასამართლო 28 მაისს განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები