კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში შშმ პირთა უფლებებზე ისაუბრეს

24 მაისი, 2014
 
ნინო დევიძე

22 მაისს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თაობაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შშმ პირთა პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფო უწყებების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ანა აბაშიძემ, რომელიც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებს“ წარმოადგენდა, სახელმწიფო უწყებებს და ადგილობრივი თვითმართველობების ორგანოებს თავიანთი მოვალეობები შეახსენა: „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ უფლებების და ძირითადი თავისუფლებების რეალიზება, რაზეც  გაეროს კონვენციაშია საუბარი. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არ მობრძანდნენ და ამ თემისადმი გულგრილობა გამოიჩინეს. დისკუსიაზე საინტერესო იდეები წამოიჭრა. მაგალითად, როგორ გავხადოთ სასამართლო შშმ პირთათვის უფრო ხელმისაწვდომი, საგამოძიებო და მართლმსაჯულების პროცესი კი უფრო სენსიტიური. საუბარი გვქონდა ასევე არაადაპტირებულ გარემოზე და  ღირსების შემლახველ მოპყრობაზე“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ წარმომადგენელმა გიორგი ალავიძემ, გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რეტიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „საქართველომ ცოტა ხნის წინ მოახდინა გაეროს კონვენციის რატიფიცირება და პირველ პრობლემას, რასაც ამ პროცესში ვხედავ, ეს არის კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მისაწვდომობა, რაც აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს კერძო სექტორის დავალდებულება, რადგან შენობების 90 %-ზე მეტი კერძო პირების ხელშია. შემდეგი ეს გახლავთ დასაქმება და სამედიცინო მომსახურება. სახელმწიფომ მონიტორინგის შედეგად უნდა განსაზღვროს, თუ რა იქნება პრიორიტეტი, რომ შშმ პირის ინტეგრირება მოხდეს საზოგადოებაში“. 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ნიკა ლეგაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, ადაპტირებული გარემო შეუქმნას შშმ პირს: „ჩვენ ვცადეთ, თვითმართველობებისთვის შეგვეხსენებინა ვალდებულება, რომ ადაპტირება გაუკეთონ როგორც ტრანსპორტს, ასევე შენობებს. ადგილობრივ თვითმართველობებს კანონი ავალდებულებს ამის მოგვარებას. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, არაერთხელ მივმართეთ თბილისის მერიას თუმცა მიღებული პასუხი ცხადყოფს, რომ აქტიური ქმედებები აღნიშნულთან დაკავშირებით არ იგეგმება. ბუნებრივია, შშმ პირთა პრობლემების მოგვარებას დიდი ძალისხმევა და რესურსი სჭირდება მაგრამ შესაძლოა, ყოველწლიურად სხვადასხვა სერვისის ადაპტირება მოხდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ შემდგომში აქტიურად ითანამშრომლებენ სახელმწიფო უწყებებთან  და მინიმუმ დიალოგის საშვალება მაინც მიეცემათ.

ახალი ამბები