კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, აღკვეთოს ძალადობა და აგრესია ოპოზიციის ლიდერებზე

16 ივნისი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაციის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ. დაფიქსირებული დარღვევები, უმეტესწილად, პროცესუალური ხასიათისაა და არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნებს 28 დამკვირვებლით დააკვირდა კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და იმერეთის რეგიონის, კერძოდ - საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა, საერთო ჯამში, საარჩევნო უბნებზე 9 საჩივარი დაწერეს და 30-მდე შენიშვნა გააკეთეს ჩანაწერთა წიგნში. აქედან 2 საჩივარი წარდგენილია საოლქო საარჩევნო კომისიაში და მოთხოვნილია შესაბამის საარჩევნო უბნებზე არჩევნების შედეგების გაუქმება. 

ყველაზე მეტი შენიშვნა (25) ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ პანკისის ხეობაში განთავსებულ საარჩევნო უბნებში დაიწერა. საჩივრები დაიწერა საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა გამოწვეული იყო საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმის დეფიციტით და კვალიფიკაციის ნაკლებობით.

ამავე დროს, საარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენა წინასაარჩევნო კამპანიისას კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან გამოვლენილმა აგრესიამ და ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტმა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ თავდასხმები ხდებოდა უშუალოდ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ან უშუალოდ პარტიის ოფისებზე. ასევე პრობლემური იყო კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, რის გამოც რამდენიმე კანდიდატმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. 

შემაშფოთებელია, რომ არჩევნების დღესაც რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ინციდენტებს, ხოლო არჩევნების შემდეგ კვლავ გაგრძელდა აგრესია და ძალადობა ოპოზიციურ ლიდერებზე. კერძოდ, საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები თავს დაესხნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ლიდერებს, გიგა ბოკერიას და ნუგზარ წიკლაურს, მიაყენეს მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა სამხარეო პოლიციის წინ მოხდა, იქვე მყოფ პოლიციელებს სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ და თავდამსხმელები არ დაუკავებიათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, მსგავსი შემთხვევები დროულად გამოიძიოს და თავდამსხმელები დაისაჯონ ადეკვატურად, რათა სამომავლოდ სახელმწიფომ შეძლოს ასეთი ტიპის ძალადობის ესკალაციის შეჩერება.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები