კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სარჩელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

23 ივლისი, 2014
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი    

მიკერძოებული, უსამართლო, ტენდენციური - ასე აფასებს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი თინათინ ზაქარაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებულ კონკურსს. პროფესიით ჟურნალისტი ზაქარაშვილი აღნიშნული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უპირისპირდება და მას დისკრიმინაციულ ქმედებებში ამხელს.

„საინტერესოა, რა საჭიროა კონკურსი, რომლის შედეგები წინასწარვე ცნობილია. ამ კონკურსის შედეგად ოთხ ვაკანტურ ადგილზე ზუსტად ის პირები დაინიშნენ, ვინც თავიდანვე მოიაზრებოდნენ და, რაც მთავარია, უკვე მუშაობდნენ ამ პოზიციებზე. ყოველთვის იყო საუბარი, რომ არ მქონდა სამეცნიერო ხარისხი, მაგრამ მაშინაც და დღესაც უნივერსიტეტში სწორედ ასეთი, სამეცნიერო ხარისხის არმქონე ხალხი კითხულობს ლექციებს. მე კი, ვინც ხარისხიც დავიცავი და გარკვეული პედაგოგიური გამოცდილებაც მაქვს, კვლავ იგნორირებული ვარ“, - აცხადებს თინათინ ზაქარაშვილი.

იგი მედიალაბორატორიის პროექტზეც საუბრობს, რომლის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპატრამენტის ხელმძღვანელობას გააცნო და მისივე თქმით, მოწონებაც დაიმსახურა. 

„უნივერსიტეტის რექტორატის მიერ გაპიარდა კიდეც ეს პროექტი, მაგრამ მოგვიანებით ესეც დაიბლოკა. უბედურება ისაა, რომ ამ ქალაქში და ამ უნივერსიტეტში ნაცნობ-მეგობრობა და ნათესაური კავშირებია ყველაფრის განმსაზღვრელი და არა პროფესიონალიზმი და თუნდაც, სამეცნიერო ხარისხი“, -  ამბობს უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, რომელიც თავს სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გრიგოლ ქობალიანის „მძევლად“ მიიჩნევს.  თავად ქობალიანი კი, რომელიც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ყოველივეს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

„მე ვინ ვარ, რომ უნივერსიტეტში თინიკო ზაქარაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხი გადავწყვიტო? კონკურსი ჩატარდა, რომელსაც კომპეტენტური პიროვნება ხელმძღვანელობდა და რომელიც, მინდა შეგახსენოთ, არ გახლავთ ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი. თუმცა, მე არ მიკვირს ამ ადამიანის საქციელი, რომელიც შანტაჟის გზით ცდილობს სამართლიანობის მოპოვებას.  მე მიკვირს, რატომ არ ფიქრობს ის იმაზე, რომ როგორ შეიძლება ვდევნიდე მას უნივერსიტეტიდან, როცა სხვადასხვა დროს რეკომენდაციას ვუწევდი  სხვადასხვა აკრედიტებულ უნივერსიტეტებში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა“, - აცხადებს გრიგოლ ქობალიანი. 

იგი თვლის, რომ ზაქარაშვილის გააქტიურება და მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული კონკურსის არაობიექტურობაზე ახლა საუბარი შემთხვევითი არ არის და ყოველივეს მოახლოებულ კონკურსს უკავშირებს, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტში,  ამჯერად სხვა აკადემიური თანამდებობების მოსაპოვებლად,  უახლოეს დღეებშია დაგეგმილი და რომელშიც თავად გრიგოლ ქობალიანი მონაწილეობს.   

„ეს არის წინასაკონკურსო შანტაჟი და ზეწოლა კომისიაზე, კონკურსზე, რომელიც ხვალ და ზეგ უნდა გაიმართოს. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, დაადგა ამ არამართებულ გზას, რათა გამომიწვიოს მე და გამოიწვიოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. თუმცა, უნივერსიტეტშიც და მის ფარგლებს გარეთაც იციან, ვინ ვარ მე და ვიინ არის თინიკო ზაქარაშვილი“, - ამბობს გრიგოლ ქობალიანი.

humanrights.ge წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს შალვა კირთაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, კანონის თანახმად, პოზიციებზე ჯერ აკადემიური პერსონალი უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგ მოწვეული ლექტორები: „ამ ეტაპზე აღნიშნულ დეპარტამენტში საათები შეზღუდულია, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ კადრი დავიმატოთ. გარდა ამისა, თინათინ ზაქარაშვილმა კონკურსში დაბალი შეფასება მიიღო. დღეს კი იმაზე საუბარი, რომ კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ჩვენი უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური კადრით დაკომპლექტება სწორედ აღნიშნული კონკურსის შედეგია“.

უნივერსიტეტის პრორექტორი გრიგოლ ქობალიანის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზეც საუბრობს. ამბობს, რომ მისი წვლილი ჟურნალისტიკის განყოფილების როგორც დაარსების, ისე წინსვლისა და ფორმირების საქმეში დიდია.  
რაც შეეხება თინათინ ზაქარაშვილს, იგი სამართლიანობისთვის ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მან უკვე მიმართა და პირველი სხდომა მიმდინარე წლის 30 ივლისსაა ჩანიშნული.

ახალი ამბები