კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ „პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებთან“ დაკავშირებით უცხოელი ექსპერტები მოიწვია

25 ივლისი, 2014
 
სივილ ჯორჯია

24 ივლისს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ  „მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების“ ჯგუფთან „შედგა შეთანხმება“ და  შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ქართველ პროკურორებს სამართლის სფეროში არსებულ მსოფლიო პრაქტიკას და გამოცდილებას გაუზიარებს. ეს კი მნიშვნელოვანია „მაღალი თანამდებობის პირების“ საქმეების გამოძიების წარმოებისა და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. 

ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გაამწვავა სპეკულაციები, რომ პროკურატურა შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეს ამზადებდეს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა; ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი, რომელმაც ისრაელის ექს–პრეზიდენტ მოშე კაცავს და ყოფილ პრემიერ–მინისტრ ეჰუდ ოლმერტს ბრალი წაუყენა; და  ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი, რომელიც კოსოვოში გაეროს მისიის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორია.  
სამივე მათგანი კონსულტაციებს მართავენ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობასთან.

პროკურატურის თქმით, ექსპერტები იმისთვის მოიწვიეს, რომ მათი გამოცდილება და რეკომენდაციები გამოიყენონ „პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების გამოძიების კუთხით“, რაც მნიშვნელოვანია „მაღალი თანამდებობის პირების“ საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. 

პროკურატურამ არ დააკონკრეტა, თუ რომელი „სენსიტიური საქმეები“ იგულისხმა და ასევე უარი თქვა საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის დეტალებსა და მის კონკრეტულ როლზე ესაუბრა.

„ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა ხელი შევუწყოთ პროკურორს და დავეხმაროთ მას პროკურატურაში ამჟამად მიმდინარე საკითხების შეფასებაში და ასევე განსხვავებული კანონმდებლობების და მიდგომების გათვალისწინებით, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, თუ როგორ ვაგვარებთ ამ საკითხებს და მივაწოდოთ ჩვენი მოსაზრებები“, – განაცხადა პოლ კაფიმ ვიდეო განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ 24 ივლისს გაავრცელა.

„ჩვენ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გვთხოვა, რომ ჩამოვსულიყავით იმისათვის, რომ ჩვენს განსხვავებულ ქვეყნებში მიღებული გამოცდილების მეშვეობით დავეხმაროთ საქართველოს პროკურატურას ამჟამად მიმდინარე საქმეების შეფასებაში. ჩვენ მადლობას ვუხდით მთავარ პროკურორს მისი მასპინძლობისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ გუშინდელი და დღევანდელი დისკუსია ნაყოფიერი იქნება და ჩვენ შევძლებთ ამ პროცესისთვის ხელის შეწყობას“, – ღნიშნა მოშე ლადორიმ.

23 ივლისის სატელევიზიო ინტერვიუში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაქო პროკურატურის ხელმძღვანელობა და განაცხადა, რომ უწყების საქმიანობა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე არის, თუ არა უცხოელი ექსპერტების მოწვევა იმის მანიშნებელი, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს და გამორიცხავს, თუ არა ის ამგვარ განვითარებას, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა ტელეკომპანია „იმედს“ 23 ივლისს: „მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ მე თუ ოდესმე ჩავიდენ დანაშაულს, არ გამასამართლებენ. ყველა ადამიანი უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე. ჩვენ თუ გვაქვს სურვილი, რომ რეალური დემოკრატია დავაფუძნოთ და რეალური კანონის უზენაესობა იყოს დამკვიდრებული ქვეყანაში, მაშინ ყველა უნდა იყოს თანაბარი კანონის წინაშე“.

„რაც შეეხება ძალიან კვალიფიციური ყოფილი პროკურორების ჩამოსვლას... მე ამ ფაქტს მივესალმები. პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არიან მოწოდებული, რომ მათი კვალიფიკაციის დონე კიდევ უფრო ამაღლდეს და რაც მთავარია, ყველა ის სენსიტიური, გახმაურებული საქმეები, რისი გამოძიებაც ამჟამად მიმდინარეობს მათი ზედამხედველობით, იქნას ამ საქმეების წარმოების პროცესში საერთაშორისო სტანდარტები დაცული – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როდესაც მას კვლავ კითხეს გამორიცხავს, თუ არა ის ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „ჩემი მხრიდან არასწორია, რომ მე რაიმე გამოვრიცხო ან არ გამოვრიცხო. მიმაჩნია, რომ ეს პროკურატურის საქმეა. მე არ მაქვს უფლება მათ მივუთითო, ვინ დააპატიმრონ და ვინ არა. რაც მთავარია, პროკურატურა არის აბსოლუტურად გამჭირვალე“.

„ჩვენ პროცედურებს მკაცრად ვიცავთ, ვიცავთ კანონის უზენაესობას და გამჭირვალობას. სასამართლოს შეხედეთ, რამდენად დამოუკიდებელი გახდა“, – დასძინა მან.     

ივლისში პროკურატურამ თემურ ჯანაშია დაკითხა, რომელიც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი იყო; პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ასევე დაკითხა პრეზიდენტის დაცვის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. უცნობია, თუ რა საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა ყველა ეს პირი. საქმე, რომლის ფარგლებშიც ეს დაკითხვები ხორციელდებოდა, გრიფით საიდუმლოა, როგორც პროკურატურის მიერ დაკითხულები აცხადებენ. 2013 წლის აპრილში ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ის ხარჯები გაასაჯაროვა, რომლებიც ადრე გასაიდუმლოებული იყო. ქართული ოცნების თქმით, სააკაშვილის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ჰქონდა ადგილი.

ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნა 24 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ „როგორც ჩანს, შემდეგი სამიზნე პრეზიდენტი სააკაშვილია“ ხელისუფლების მიერ „ოპონენტების პოლიტიკური დევნის“ კამპანიაში.

„პროკურატურის დღევანდელი ხელმძღვანელობისათვის კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების რჩევები მისასალმებელიც იქნებოდა, რომ არა შემდეგი შემაშფოთებელი ფაქტორი: პროკურატურის განცხადებამ ცხადყო, რომ მთელი ძალისხმევა გადატანილი აქვთ არა გაზრდილი დანაშაულისა  და კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლაზე, არამედ ოპონენტების პოლიტიკური დევნის გაგრძელებაზე“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ.

სააკაშვილი, რომელმაც საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა, პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა სხვადასხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში; სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ სკაიპის მეშვეობით განხორციელებულიყო მისი დაკითხვა.

პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების საჭიროებაზე და პროკურატურისადმი „საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობაზეა“ საუბარი საქართველოში საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის ბოლო ანგარიშში. მისი განცხადებით, მართალია „ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული“, მაგრამ გამოწვევები კვლავ რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებისა და გაძლიერების კუთხით. 

„პროკურატურის ანგარიშვალდებულების დაბალი დონე კვლავ პრობლემად რჩება“, – ნათქვამია მის რეკომენდაციებში, რომლებიც ივნისის დასაწყისში მისი საქართველოში ვიზიტის შემდეგ მომზადდა, „მას შემდეგ, რაც ეს უწყება გამოეყო იუსტიციის სამინისტროს, მის მუშაობაზე არ ხორციელდება ინსტიტუციური ზედამხედველობა, რაც, როგორც ჩანს, ზიანს აყენებს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეპუტაციას. აუცილებელია პროკურორების მუშაობის ხარისხის ამაღლება. გასულ წლებში პროკურორთა საგამოძიებო უნარები თითქმის არ გაუმჯობესებულა. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პროკურატურას რამდენიმე სხვადასხვა პირი ედგა სათავეში. ამ ლიდერებს რადიკალურად განსხვავებული ხედვა და ტაქტიკა ჰქონდათ, რამაც შეანელა ინსტიტუციური განმტკიცების პროცესი. მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანია პროკურატურისადმი საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობა“.

ახალი ამბები