კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პარლამენტი თბილისში ბრუნდება

11 აგვისტო, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიებს 2 სექტემბრიდან დედაქალაქში, პარლამენტის ძველ შენობაში განაახლებს. საპარლამენტო ქალაქად წოდებულ ქუთაისში განთავსებულ მინის კონსტრუქციაში ბარგი უკვე შეკრულია - კომპიუტერული ტექნიკა, სხვა ინვენტართან ერთად, ქუთაისიდან თბილისში ეტაპობრივად გადააქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენა ქვეყნის ეკონომიკისთვის ზედმეტი ხარჯია, რომლის ფუფუნება საქართველოს არა აქვს.

ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა, რომლის აგება-კეთილმოწყობა საქართველოს ბიუჯეტს 37 მილიონი ლარი დაუჯდა, ჯერაც დაუსრულებელია. სპეციალისტთა განმარტებით, მისი სრულყოფილებამდე მიყვანისთვის დამატებით   20 მილიონამდე ლარია საჭირო. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან აკეთებდნენ განცხადებებს, რომ არც ერთი თეთრის დახარჯვას აღარ აპირებენ, რადგან პარლამენტის რკინა-შუშის ნაგებობა უხარისხოდაა აგებული და მისთვის არც ერთი თეთრის დახარჯვა არ ღირს.

ასევე, უხარისხოდაა დამონტაჟებული განათება-გათბობისა და კენჭისყრის აპარატურა, რომლის წყობიდან გამოსვლის გამო ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დაგვიანებით დაიწყო და შეფერხებებით წარიმართა. აღნიშნული ფაქტის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს უმრავლესობის წევრებმა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი, აპარატის უფროსს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.  

აღნიშნულ შენობაში არასათანადო პირობებზე უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემაც არაერთხელ აღნიშნა. სხვა ხარვეზებთან ერთად მან ყურადღება მედიის წარმომადგენლებისთვის არსებულ არასამუშაო პირობებზე გაამახვილა და დასძინა, რომ ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებდა.  

ჩივილები უმრავლესობის წევრთა მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ 37 მილიონი ლარი ყოფილმა ხელისუფლებამ წყალში გადაყარა, შედეგად კი უხარისხო ნაგებობა მიიღო,  2012 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის პირველივე დღეებიდან დაიწყო. 

შენობის ექსპლუატაციაში შესვლიდან რამდენიმე თვეში „უფანჯრო, მხოლოდ ვენტილაციაზე დამოკიდებული უზარმაზარი შენობა“ მალე ექსპერტთა კვლევის ობიექტი გახდა. პარლამენტართა მოთხოვნით, რომლებიც   დარბაზებსა და სამუშაო ოთახებში ჟანგბადის ნაკლებობაზე ალაპარაკდნენ, პარლამენტის შენობაში სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია „გამას“ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება მოჰყვა.

„ჩემს კოლეგებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით  პრობლემები შეექმნათ. უჩივიან თავის ტკივილებს, უჰაერობას. განსაკუთრებით კი ისინი არიან შეწუხებული, ვისაც ასთმური პრობლემები აწუხებს. ან კარგად  როგორ იქნებიან, როცა ამხელა შენობა მხოლოდ ვინტილაციის იმედაა. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ერთ მხარეზე მაინც ღია აივანი,  ან ფანჯარა იყოს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ამ განცხადებაზე ბევრს გაეცინება და იტყვიან, რომ სისულელეს ვლაპარაკობ, მაგრამ დამერწმუნეთ, მე ექიმი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ. როცა ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, ჩნდება ტვინის დაქვეითების საშიშროება. ეს კი, მე ვფიქრობ, სერიოზული ამბავია“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა დავით საგანელიძემ. 

რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ შენობას, სარემონტო-სარეკონსტრუქციო  სამუშაოები თითქმის დასრულებულია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განმარტებით,  სექტემბრიდან, როცა საქართველოს პარლამენტი მუშაობას საშემოდგომო სესიით განაახლებს, იქ ყველაფერი მზად იქნება.

„პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში, ანუ იქ, სადაც სხვა სახელმწიფო უწყებებია განთავსებული და თანამდებობის პირები, რომელთაც ისედაც ბევრი საქმე აქვთ, დროს აქეთ-იქით სიარულში არ უნდა კარგავდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ქუთაისი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალაქია. მაგრამ იმისთვის, რომ იგი განვითარდეს, პარლამენტის ყოფნა საკმარისი არ არის. ამისთვის სხვა, უფრო საჭირო და ქმედითი ღონისძიებებია გასატარებელი“, - აცხადებს პარლამენტარი ზვიად ძიძიგური.

სხვა მოსაზრებები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს. აკაკი ბობოხიძის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანისას წინა ხელისუფლებამ უამრავი გეგმა დასახა: „გვქონდა პროექტები, რომლის მიხედვით ამ ქალაქში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. ჩამოვიდოდნენ უცხოელები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქუთაისი განვითარდებოდა. ეს იყო ჩვენი მიზანი. დამღუპველია ერისთვის, როცა ერთი ქალაქი მეორეზე ორჯერ მეტადაა განვითარებული. ეს კი ის შემთხვევაა, როცა თბილისი ქუთაისზე ამ მხრივ ათჯერ და მეტადაც წინაა. ჩვენი კოლეგები კი აცხადებენ, რომ პარლამენტის ადგილი იქაა, სადაც მთავრობაა“. 

პოლიტიკოსების (და არა მხოლოდ მათი) მოსაზრებების სხვადასხვაობის მიუხედავად, სექტემბრიდან საქართველოს პარლამენის ბიუროებისა და კომიტეტების სხდომები თბილისში გაიმართება. პლენარული სხდომებისთვის კი, კანონმდებლები თვეში ორჯერ ქუთაისში შეიკრიბებიან.

ახალი ამბები