კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების მხარდასაჭერად

21 აგვისტო, 2014
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები 22 აგვისტოს, 11 საათზე, ევროსაბჭოს ოფისთან, აზერბაიჯანში დაპატიმრებული  უფლებადამცველების მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. 

აზერბაიჯანში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა. თითქმის ერთნაირი ბრალდებებით (გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სამშობლოს ღალატი) დააკავეს 4 უფლებადამცველი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების  კრიტიკით. 

2014 წლის მაისიდან აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მთავრობა არ ერიდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიებს და არღვევს ევროკონვენციითა თუ სხვა საერთაშორისო კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებებს. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ვგმობთ ცნობილი უფლებადამცველების - რასულ ჯაფაროვის, ინტიგამ ალიევის, ლეილა იუნუსისა და არიფ იუნუსოვის დევნასა და დაპატიმრებას. მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს და მინისტრთა კომიტეტის წევრებს, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პატივი სცეს და შეასრულოს როგორც ევროკონვენციით, ასევე სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე; დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი უფებადამცველები; დაასრულოს უფლებადამცველების დევნა და შევიწროება აზერბაიჯანში და უზრუნველყოს მათი ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი დაბრკოლების, დაშინებისა და რეპრესიების გარეშე. 


საპროტესტო აქცია გაიმართება 22 აგვისტოს, 11:00 სთ-ზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. 26, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში.

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
ტელ: 593 73 75 03, E-mail: salomeachba@gmail.com 

ინფორმაციისათვის:

რასულ ჯაფაროვი არის პოლიტიკური პატიმრების უფლებების აქტიური დამცველი 2006 წლიდან და კამპანიების - „იმღერე დემოკრატიისათვის“ (2012 წელს ბაქოში ჩატარებული ევროვიზიის გამო) და „ხელოვნება დემოკრატიისათვის“ აქტიური მონაწილე, ასევე „ადამიანის უფლებების კლუბის“ დამფუძნებელი და ა/ო „იურიდიული დაცვისა და ცნობიერების საზოგადოების“ თავმჯდომარე. რასულ ჯაფაროვი 2014 წლის 2 აგვისტოს დაიკითხა აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის მძიმე დანაშაულებათა საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ, ისეთ ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიც არის გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე, 192-ე და 308.2-ე მუხლები). იმავე დღეს, ნასიმის რაიონულმა სასამართლომ ჯაფაროვს შეუფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მანამდე, 2014 წლის 25 ივლისს, მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება, მას შემდეგ, რაც ანგარიში წარადგინა აზერბაიჯანის პოლიტიკური პატიმრების შესახებ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) 2014 წლის ივნისში. 2014 წლის 29 ივლისს, აზერბაიჯანის ბეიუკ-კიასიკის სასაზღვრე პუნქტიდან მას ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.

2014 წლის 30 ივლისს პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს  ლეილა იუნუსი, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (IPD) დირექტორი და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) გენერალური ასამბლეის წევრი. მას მიუსაჯეს სამი თვით წინასაწარი პატიმრობა შემდეგი ბრალდებებით: სახელმწიფო ღალატი (სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლი), თაღლითობა დიდი ოდენობით (178.3.2. მუხლი), ყალბი დოკუმენტის დამზადება (320-ე მუხლი), გადასახადისაგან თავის არიდება (213-ე მუხლი) და უკანონო ბიზნესი (192-ე მუხლი). 

ბრალდება წაუყენეს ასევე, ლეილა იუნუსის მეუღლეს არიფ იუნუსოვს, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტიის კონფლიქტოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო ღალატისა და ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი თავიდანვე არ დაუკავებიათ. სამართალდამცავებმა მოგვიანებით, 2014 წლის 5 აგვისტოს ბატონი იუნუსოვიც დააკავეს. სასამართლომ მასაც სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

2014 წლის 8 აგვისტოს დააკავეს იურიდიული განათლების საზოგადოების (LES) ხელმძღვანელი ბ-ნი ინტიგამ ალიევი. იქამდე კი პროკურატურამ განახორციელა როგორც მისი სახლის, ასევე, ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკა, რასაც წინ უძღოდა, ბ-ნი ალიევის მძიმე დანაშაულებათა საგამოძიებო დეპარტამენტისა და აგენერალური პროკურატურის მიერ მოწმედ დაკითხვაზე გამოძახება. 8 აგვისტოს ნასიმის რაიონულმა სასამართლომ ინტიგამ ალიევს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გადასახადების თავიდან არიდების, უკანონო ბიზნესის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე, 192-ე და 308.2-ე მუხლები).

აღნიშნული უფლებადამცველების მიმართ წაყენებული ბრალდებები იგივეა, რაც თავის დროზე წაუყენეს ბატონ ანარ მამადლის - საარჩევნო მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის (EMDSC) თავმჯდომარესა და ბატონ ბაშირ სულეიმანს, EMDSC-ის აღმასრულებელ დირექტორს. ორივე მათგანი დამნაშავედ სცნო სასამართლომ გადასახადების თავიდან არიდების, უკანონო ბიზნესისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დანაშაულებში, შესაბამისად, 5.5 და 3.5 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2014 წლის 26 მაისს.

ამას გარდა, 8 აგვისტოს პოლიციამ გადაკეტა და შემდგომ გაჩხრიკა „რეპორტიოთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ (IRFS) ოფისი და მოახდინა აღჭურვილობისა და დოკუმენტების კონფისკაცია. იქამდე კი, 5 აგვისტოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ემინ ჰუსეინოვს აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა არ მისცეს უფლება დაეტოვებინა ქვეყანა და გადასულიყო თურქეთში სამედიცინო მკურნალობის ჩატარების მიზნით. 8 აგვისტოს ემინ ჰუსეინოვმა მიიღო სასამართლო დადგენილება იმის შესახებ, რომ უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში დაკითხვაზე. შესაბამისად, დიდია იმის საფრთხე, რომ ემინ ჰუსეინოვი დააკავონ ნებისმიერ წუთს. 

ახალი ამბები