კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრებო ორგანიზაციები პატრულ-ინსპექტორის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას აპროტესტებენ

18 სექტემბერი, 2014
 
 
ნინო ახობაძე

18 სექტემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ და „საზოგადოებრივი დამცველი“ შსს-ს მიერ საპატრულო პოლიციის პატრულ ინსტექტორის, იოსებ აბულაძის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების თემაზე პრესკონფერენცია გამართეს.

19 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებული ღონისძიების გამო, თბილისში მეტეხის ხიდთან გზა ცალმხრივად იყო გადაკეტილი. აქ ღამის საათებში სამსახურებრივ მოვალეობას პატრულ-ინსპექტორი იოსებ აბულაძე ასრულებდა. ამ დროს მან გააჩერა BMW-ს მარკის მანქანა, რომლის მძღოლიც ცდილობდა, გადაკეტილ ხიდზე თვითნებურად შესულიყო. მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორის მითითებას აგდებული ტონით უპასუხა, რაზეც პატრულისაგან მიიღო შენიშვნა. 

აღნიშნული მოქალაქე აღმოჩნდა შსს-ს მაღალჩინოსნის, გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ერეკლე ჭოხონელიძის მეგობარი, რომელიც ასევე შარდენის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გაჩერებული ავტომანქანის მძროლი მიდიოდა. ჭოხონელიძემ რამდენიმე დღეში იოსებ აბულაძე დაიბარა შსს-ში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება, რის შედეგადაც მას გამოუცხადეს სასტიკი საყვედური.

იოსებ აბულაძე: „შეხვედრისას ბატონმა ჭოხონელიძემ უშვერი სიტყვებით მოიხსენია მთელი საპატრულო პოლიცია, რაც მე, როგორც პატრულ-ინსპექტორმა, საკუთარ თავზე მივიღე შეურაცხყოფად. ახსნა-განმარტებაზე უარი არ მითქვამს და ქაღალდზე გადავიტანე სიმართლე - ის, რაც რეალურად მოხდა ჩემსა და იმ მოქალაქეს შორის. შემთხვევიდან დაახლოებით თვენახევარის შემდეგ - 30 ივლისს უკვე ვიგებ, რომ გამომიცხადეს სასტიკი საყვედური“.

იოსებ აბულაძემ შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე მიმართა სახალხო დამცველს, რომელმაც შემთხვევაზე დაიწყო მოკვლევა. ამის შემდეგ პატრულ-ინსპექტორის წინააღმდეგ გაძლიერდა სხვადასხვა სახის ზეწოლა, ხოლო 17 სექტემბერს იგი დაიბარეს შსს-ში და განუცხადეს, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსის, იოსებ აბულაძის ინტერესების დამცველის, თამარ ავალიანის განცხადებით პატრულ-ინსპექტორი უკანონოდ, შსს-ს მაღალჩინოსნის პირადი ანგარიშსწორების ნიადაგზე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნა არ არის დასაბუთებული, კანონშესაბამისი და ამ დასკვნით არ დგინდება იოსებ აბულაძის ბრალეულობა.

თამარ ავალიანი, ადვოკატი: „იოსებ აბულაძე არის შსს-ს მაღალჩინოსნის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი. კიდევ ერთი, რაზეც მას ახლა ედავებიან, მოხდა 13 სექტემბერს, როცა იგი შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სიცხეში იდგა და ქვეითად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. უბრძანეს, რომ 17 საათის განმავლობაში სიცხეში ფეხზე მდგარიყო და პატრულირება მოეხდინა. სულ ორი წუთით მან გასაგრილებლად მოიხადა ქუდი და სწორედ ამაზე წაუყენეს პრეტენზია, რომ უქუდოდ პატრულირებდა. ჩვენი ვარაუდით, ის სპეციალურად განამწესეს აღნიშნულ ადგილას, რათა მასზე განხორციელებულიყო თვალთვალი და ვიდეოკონტროლი.მას უთვალთვალებდნენ და როგორც ბატონი იოსები ამბობს, მას, სავარაუდოდ, უღებდნენ სამინისტროს შენობიდან.ჩვენს მიერ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი  კიდევ წარმოებაშია და ჩვენთვის პასუხი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ვაპირებთ სასამართლოში გავასაჩივროთ აღნიშნული ფაქტი“.

არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საზოგადოებრივი დამცველი მოითხოვენ, მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს ობიექტური გამოძიება შსს-ს მაღალჩინოსნის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, შეისწავლოს იოსებ აბულაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი და დროული რეაგირება მოახდინოს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და დევნაზე.

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „ეს საქმე ერთგვარად არის პრეცენდენტული, რადგან პატრულ-ინსპექტორები, რომელთაც ასევე უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან, ასე არ რეაგირებენ. იშვიათი შემთხვევაა, როცა პატრულ-ინსპექტორი თვითონ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას ამ ბრძოლაში. მით უმეტეს, როცა იკვეთება რომ იგი არის დევნისა და პირადი ანგარიშწორების მსხვერპლი. ამ დევნას კი სათავეში უდგას გენერალური ინსპექციის მაღალჩინოსანი, რომელიც თავად უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი პოლიციელებისათვის“.

თამარ გაბისონია, კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორი: „სამართალდამცავ სტრუქტურებში უკვე ჩანს ტენდენცია, როცა მაღალჩინოსანი ცდილობს საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და რიგითი პოლიციელის დაჩაგვრას, სამსახურის წართმევას მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემა შეექმნა მის მეგობარს. ისე გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, ისჯება მხოლოდ მაღალჩინოსნის მეგობრის მიმართ კანონიერი მოთხოვნის წაყენების გამო. ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი და ტენდენცია, რადგან ამას ხედავენ სხვა პოლიციელები და ანგარიშს უწევენ. მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები შსს-ს მაღალჩინოსნის ქმედებებიდან“.
  
გია გვილავა, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს წარმომადგენელი: „ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით რთულია და ყველაზე სარისკო ამ სახელმწიფოსთვის, როცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელზე  თვითონ უწყება ახორციელებს ზეწოლას და უწყების მაღალჩინოსნები ჩართულნი არიან ამ უკანონო ქმედებებში. აუცილებელია დროული რეაგირება, რადგან ასეთი შემთხვევების ყურადღების მიღმა დატოვება იწვევს სხვა შემთხვევებს. ეს სინდრომი სამინისტროში გავრცელდება ძალიან სწრაფად და პოლიციელებში ჩამოყალიბდება განცდა, რომ ისინი არიან დაუცველები  და ეს ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ წაადგება“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეისწავლოს აღნიშნული საქმე, გააუქმოს იოსებ აბულაძის გათავისუფლების ბრძანება და უკანონოდ გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორი აღადგინოს სამსახურში.
 

ახალი ამბები