კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და დღის წესრიგის შეცვლა სურს

19 სექტემბერი, 2014
 
სივილ ჯორჯია

სოხუმი მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას, თუმცა მისი ფორმატი და დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს – რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თბილისი – განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ 18 სექტემბერს.

ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ივნისში ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა სეპარატისტული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ორიდან ერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს; სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა, რომელთაც რუსეთის მომლაპარაკებელიც უჭერს მხარს, დევნილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს.

„მოლაპარაკებების 28–ე რაუნდის დროს [ივნისში] პრობლემებს ჰქონდა ადგილი; ჩვენ მათი თავიდან აცილება გვინდა, ამიტომაც წინასწარ უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ჩირიკბას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ფორმატი და დღის წესრიგი მთავარი პრობლემებია. ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ დევნილების საკითხს, მაგრამ ქართული მხარე დაჟინებით ითხოვს ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა ჩირიკბამ. „თუმცა ის, რაც ყველა მონაწილეს აერთიანებს, არის მოსაზრება, რომ ამ ფორუმს თავისი თავი ჯერ არ ამოუწურია, ის სასარგებლოა“.

18 სექტემბერს ჩირიკბა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, რომლებიც 7–8 ოქტომბერს დაგეგმილ მომდევნო რაუნდს ამზადებენ.

„გვესმის, რომ ჩვენს წინაშე დღის წესრიგზე და ფორმატზე კომპრომისის გამოძებნის რთული ამოცანა დგას“, – განაცხადა ჩირიკბამ. „აფხაზური მხარე მოლაპარაკებების ჩაშლის წინააღმდეგია. მაგრამ არსებობს პრინციპული საკითხები, რომელთა დათმობაც ჩვენ არ შეგვიძლია“.

სოხუმში ვიზიტამდე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები 15 სექტემბერს თბილისში საქართველოს მთავარ მომლაპარაკებელს დავით ზალკალიანს შეხვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 15 სექტემბერს, რომ „დესტრუქციული“ ქმედებები, რომლებიც მოლაპარაკებების იმ ფორმატის და დღის წესრიგის შეცვლისკენაა მიმართული, რომელზეც შეთანხმება მაშინ მოხდა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა, „ცალსახად მიუღებელია“.

„ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია სამუშაო ჯგუფების შეუფერხებელი ფუნქციონირება და ისეთი ძირითადი საკითხების განხილვა, როგორიც არის ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ჟენევის დისკუსიებში, რომელსაც ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ, საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები არიან ჩართულები, რომელთაც ფორმალურად „მონაწილეები“ ჰქვიათ. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს, მათ შორის დევნილების თემას.

ახალი ამბები