კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მომავალ კონკურსზე დაობენ

22 სექტემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

16 სექტემბერს ქუთაისის საკრებულომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კონკურსის შესახებ დებულება დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომა დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დასრულდა - ადგილობრივი სათათბიროს „ნაციონალმა“ წევრება დებულების ის ნაწილი გააპროტესტეს, რომელიც ტესტირების შემდეგ აპლიკანტთან გასაუბრებას გულისხმობს.

„საინტერესოა, ვინ გააკონტროლებს გასაუბრებას. იქნებ ადამიანმა ტესტირებაზე მაქსიმალური ქულა დააგროვოს, გასაუბრების ეტაპი კი, ვეღარ გადალახოს. აქ ჩვენ აუცილებლად გვექნება სუბიექტური მომენტები. ბევრ ადამიანს, თუნდაც მათ, ვისაც კი ოდესმე „ნაციონალური მოძრაობის“ ახლომახლოს გაუვლია,ალბათ თავიდან მოიშორებენ. ქუთაისის მერიაში ბევრი დაკარგავს სამსახურს. უკვე დაიწყო მღელვარება ამ კუთხით. ეს არაა საკითხის სწორად გადაწვეტა. ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ. ეს დებულება ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამირან ძოწენიძემ.

2014 წლის 10 სექტემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ“ ბრძანება N 73/სა მიიღო.

როგორც ირკვევა, კონკურსისა და ატესტაციის ეტაპების ჩატარების მეთოდიკასა და შესაბამისად, საბოლოო შეფასების კრიტერიუმებს თავად ადგილობრივი თვითმმართველობები განსაზღვრავენ, რაც როგორც ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილისთვის, ისე აპლიკანტებისთვის მიუღებელია.

„ვიღაცას საუბრის მანერას დაუწუნებენ, ვიღაცას - თვალების ფერს. წადი მერე და გააპროტესტე. ან რომ გააპროტესტო კიდეც, შედეგს მიიღებ? - არა, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცით, თუ რა შედეგებით დასრულდა წინა კონკურსები ქუთაისის მერიაში. ვფიქრობ, იგივე შედეგი დადგება ამ შემთხვევაშიც. გახსოვთ ალბათ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რა მოხდა ქუთაისის მერიაში. უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს ხალხი სამსახურებიდან და ახალი კადრი დანიშნეს. ზოგმა სასამართლოს გზით აღიდგინა თავი. თუმცა აწი რა მოხდება,  არავინ იცის“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას ქუთაისის მერიის თანამშრომელი, რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

კონკურსის ერთ-ერთი, და ამ შემთხვევაში დასკვნითი, ეტაპი გასაუბრება რომ იქნება, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს თავად ადგილობრივი ხელისუფლება. დებულების წარდგენისას ამის შესახებ აღნიშნა კიდეც ქუთაისის მერმა. შოთა მურღულია ფიქრობს, რომ გასაუბრების ეტაპი აპლიკანტების პროფესიონალიზმის გამოვლენას შეუწყობს ხელს.

იმავე აზრზეა საკრებულოს უმრავლესობაც. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ირმა პეტრიაშვილის განმარტებით: „გასაუბრებაში ცუდი არაფერია. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტესტირება ძალიან ზოგადია და ელემენტარულ, უმნიშვნელო საკითხებს შეიცავს. როცა სხვადასხვა სამსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვიწრო სპეციალიზაციის საკითხი დგება, იქ საჭიროა ადამიანი იყოს მეტად კომპეტენტური, რაც სწორედ გასაუბრების ეტაპზე გახდება ნათელი“.

რაც შეეხება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომლის როგორც კომპეტენციის, ისე ობიექტურობის საკითხი დაისა და საპროტესტო გამოსვლების მიზეზი არაერთხელ გახდა, მიმდინარე წლის იანვარში ხელახლა დაკომპლექტდა და მას სათავეში მაშინდელი საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი მომავლისთვის“ თავმჯდომარე დავით დვალი ჩაუდგა. ამჯამად დვალი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეა.შესაბამისად, უცვლელია კომისიის შემადგენლობაც. 

„ამჯერად იმედიანად ვარ განწყობილი და ვერ ვიტყვი, რომ კომისია ტენდენციური და არაობიექტური იქნება. ვნახოთ, როგორ წარიმართება საკონკურსო-საატესტაციო პროცესი. თუ იქნება რაიმე ტიპის გადაცდომები, გავაპროტესტებთ, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, სამართლიანობის პრინციპიუნდა იყოს ამოსავალი წერტილი. დაიღალა ხალხი ამდენი თვალთმაქცობითა და გაწბილებებით“, - ამბობს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრობის ყოფილი  კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით მანანა მანაგაძე. იგი ამჯერად კონკურსის აპლიკანტია ქალაქის ერთერთი მართვის ტერიტორიული ორგანოს თავმჯდომარის ვაკანსიაზე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კომისია კომპეტენტური, სხვადასხვა დარგის პროფესიონალი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ პროცესი წარმატებით ჩაივლის, დიდია.

რაც შეეხება კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების თარიღს, ჯერჯერობით უცნობია. ასევე, არავინ საუბრობს იმაზე, შეიცვლება თუ არა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და სხვა, უფრო დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. არ არის გამორიცხული აღნიშნულ პროცესებს მონიტორინგი არასამთავრობო სექტორის რეგიონულმა ორგანიზაციებმაც გაუწიონ. ამის შესახებ humanrights.ge-ს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იმერეთის ოფისის კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა განუცხადა.

ახალი ამბები