15:40, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილთა „დროებითი“ პრობლემები

29.09.2014

 
გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org
                               
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ყოფილი კადეტთა კორპუსის ბაზა პირველად, 1991 წელს დაიკავა მთავრობისგან განდგომილმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა. იგი თავის სტატუსგაუქმებულ გვარდიასთან ერთად სწორედ აქ დაბანაკდა და თბილისის ომიც ამ ბანაკიდან დაიწყო. მოგვიანებით იქ აფხაზეთიდან დევნილები შესახლდნენ და დარჩნენ. 1993 წლიდან ისინი იქ მუდმივად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ საცხოვრებელ ფართს „დროებითი“ ჰქვია. 

იძულებით გადაადგილებულ პირებს უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდათ. ამორტიზებული შენობა, მათივე ვერაუდით, 4-5 ბალიან მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. ანტისანიტარია და ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო ამუქებს დევნილთა ისედაც უღიმღამო ყოფას. აფხაზეთიდან დევნილი ზაირა მიქაძე ყოფილი კადეტთა კორპუსის ოთახებს, დიდი ხანია, ბინებად არც განიხილავს. მათი ავარიული მდგომარეობა კორპუსის ბინადრებში არა მარტო შიშს იწვევს, არამედ ფართის დაკანონებაზეც კი უარს ამბობენ. 

ზაირა მიქაძე, დევნილი: „მე მაქვს ერთი მუჭა ოთახი და მის გაფორმებას არ დავთანხმდები. მინდოდა, ჩემთვის მოეცათ კომპენსაცია და ბინა მეყიდა ჩემთვის, მაგრამ კომპენსაცია არ მოგვცეს. 100-120 ლარის ღირებულების წამალი მინდა თვეში. წყალი ზედმეტად დაგვაწერეს. დენზე შეღავათი მოგვიხსნეს. ეს მაშინ უნდა გააკეთებინათ, თუკი მე ბინას გავიფორმებდი. მე ნაომარი ქალი ვარ. ერთი ძმა სიკვდილს გამოვგლიჯე და აქ მომიკვდა. მეორე ძმა და ერთი შვილიც აქ დავმარხე, მაგრამ უსახსრობის გამო, საფლავი ვერ გამიკეთებია მათთვის. ნუთუ, ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან არაა ანგარიშგასაწევი და გასათვალისწინებელი?!“

ეკატერინე ტყებუჩავა პატარა, ნესტიან, მინებჩამსხვრეულ ოთახში ცხოვრობს. კარსაც ზამთარში სქელ გადასაფარებელს აფარებს და წლიდან წლამდე თავი ასე გააქვს. პრობლემების მოსაგვარებლად ხან ვის მიმართავს, ხან - ვის: „თამარ კორძაიას, ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში არაერთხელ მივმართე წერილობით, რომ მინების ჩასმაში დამხმარებოდა. მე ამის საშუალება არა მაქვს. კორძაიამ არც მიმიღო და არც მიპასუხა“. 

ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ადამიანის უფლებათა ცენტრის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ კადეტთა კორპუსის ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებთან იგი პირადად იყო მისული პრობლემების ადგილზე გასაცნობად: „მახსოვს, იქ ერთმა ქალბატონმა მთხოვა, დავხმარებოდი მინების ჩასმის თაობაზე. ისიც მახსოვს, ვუთხარი, განცხადება მოიტანეთ და შუამდგომლობას გაგიკეთებთ დევნილთა სამინისტროსთან-მეთქი. თქვენი კითხვის პასუხად, გადავამოწმეთ ქალბატონი ეკატერინე ტყებუჩავას განცხადებები და არც ერთში არ ითხოვდა მინის ჩასმას. შესაბამისად, ჩვენ ამაზე რეაგირებას ვერ მოვახდენდით. ეკატერინე ტყებუჩავამ ჩვენთან სულ სამი განცხადება შემოიტანა გასულ წელს და ყველაზე მოვახდინეთ რეაგირება. პირველ განცხადებაში იგი ითხოვდა ფულად დახმარებას. მეორე განცხადება მედიკამენტებს ეხებოდა (დააფინანსეს 145ლარით). მესამე კი შეშით დახმარებაზე იყო, რაზედაც გამგეობამ მას უთხრა უარი, ბიუჯეტის ამოწურვის გამო. აქვე დავამატებ, რომ ჩემი კანონიერი დახმარება მხოლოდ ისაა, რომ მე შუამდგომლობა შემიძლია, გავუწიო შესაბამის უწყებასთან. სხვა სახით, მსგავს პრობლემებზე მე არა მაქვს უფლება რეაგირება მოვახდინო“.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ზაირა მიქაძემ თავდაპირველად თავისი საცხოვრებელი ფართი დაათვალიერებინა და იქ არსებულ მძიმე პირობებთან ერთად, ოჯახის დაღუპული წევრების ფოტოები აჩვენა. თავისი ოჯახის ტრაგედიისა და პრობლემების შესახებ თვალცრემლიანმა ისაუბრა: „ჩემი შვილიშვილი და რძალი რუსეთში მყავს, რადგანაც აქ ბინა არ მისცეს. მეორე შვილმა ახლა გაიკეთა თრომბის ოპერაცია და ჩემთან ცხოვრობს. ამხელა კაცს ბინა ხომ უნდა ჰქონდეს, რომ ცოლი მოიყვანოს?!“ 

მამუკა კიკუტაძე აფხაზეთის ომის ვეტერანია. სახელმწიფო დახმარების დანიშვნამდე მან მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს, რისი ფინანსური საშუალებაც არა აქვს. „ტუალეტში ირეცხება სარეცხიც და ჭურჭელიც და ეს მე მგონი, არანორმალურია. ოთხი პროფესია მაქვს, მაგრამ უმუშევარი ვარ. საინტერესოა, რომელიმე საჯარო მოხელე ერთ ოთახში, დედასთან ერთად იცხოვრებს?“ - მორიდებით კითხულობს საშუალო ასაკის მამაკაცი და ოთახიდან გადის. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილური ჯგუფის იურისტი ეკა ქობესაშვილი ყოფილი კადეტთა კორპუსის ტერიტორიაზე მყოფი დევნილების მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს და გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან დევნილთათვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებაში ხედავს. თუმცა, პრობლემაა, რომ საჯარო მოხელეებს დევნილებთან კომუნიკაცია არა აქვთ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციით, ყოფილი კადეტთა კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ექვსი შენობიდან ამორტიზებული მხოლოდ ერთია: „თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილები ექვს კორპუსში ცხოვრობენ. აქედან დევნილების 80% თანხმობას აცხადებს საცხოვრებელი ფართების  დაკანონებაზე. ვიზუალური დათვალიერებით მხოლოდ ერთ კორპუსს შესაძლოა, ესაჭიროებოდეს გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. დევნილთა და განსახლების სამინისტრო განცხადებით მიმართავს „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ და მათი დასკვნის შესაბამისად მოხდება კორპუსისთვის საჭირო გასამაგრებელი სამუშაოების შესრულება. გარდა ამისა, სამინისტრო გეგმავს ყველა კორპუსის სახურავის შეკეთებასა და წყალმომარაგების სისტემის გამართვას. უკვე გამოცხადდა ტენდერი 4 კორპუსის სახურავის შეკეთებაზე. რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც დაკანონებაზე უარს აცხადებენ,  მათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში შეუძლიათ განაცხადების შევსება, რის შემდეგაც ბინებს კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ“.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორინგის ჯგუფმა თემქის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის შენობაც მოინახულა. რამდენიმე წლის წინ აქ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ამორტიზებული შენობა გარემონტდა და 2014 წლის თებერვლიდან იქ დევნილები შეასახლეს. ყოფილი კადეტთა კორპუსის ბინადრებისგან განსხვავებით, სკოლაში მცხოვრები დევნილები ახლადმიღებული საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვენ. 

დარეჯან ლეჟავა თავდაპირველად ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ბარაკებში   ცხოვრობდა. თუმცა, იმ პირობებში ღამის გათენებას ძნელია, „ცხოვრება“ უწოდო. მან თებერვლიდან თემქაზე მდებარე სკოლაში მიიღო გარემონტებული საცხოვრებელი ფართი, რის გამოც ძალიან კმაყოფილი და მადლიერია: „ფართის გაფორმებაზე უარს არ ამბობენ, მაგრამ დროში რაღაცნაირად წელავენ. ამ მთავრობას მადლობას მოვახსენებ, რომ ძალიან ხშირად მოდიან, აქაურობას ამოწმებენ, აღწერენ, მაგრამ ჯერ მაინც არაა შიგნით გაკეთებული და ვითხოვთ გაკეთებასაც. გარდა ამისა, ყოველგვარი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, დენზე გვეუბნებიან, რომ 12 000 ლარია საერთო დავალიანება. წინასწარ ვაცხადებ, რომ ჩვენ ამ  თანხას არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდით“. 

მიწისქვეშ კიდევ რამდენიმე ოთახია განთავსებული, სადაც ზედა სართულებიდან წყალი ჩადის. მობინადრენი იძულებულნი არიან, დაზიანებული კედლები და მთლიანად, საცხოვრებელი ფართი, საკუთარი სახსრებით გაარემონტონ. ეს კი მათ შესაძლებლობებს აღემატება. 

ეკა ქობესაშვილის შეფასებით, სამინისტრომ ამ შენობაში დევნილები ისე შეასახლა, რომ გამრიცხველიანება კორპუსში ჯერ არ იყო გაკეთებული. რიგ ოთახებში ავარიული მდგომარეობაა, მშენებლები კი აცხადებენ, რომ მათ ამ პრობლემის მოგვარება აღარ ეხებათ. შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან დროული რეაგირებაა საჭირო ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რამაც შესაძლოა, ორივე მხარე მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილობითი ინფორმაციით, სკოლის შენობა დევნილთა ოჯახებს უახლოეს მომავალში დაუკანონდება: „თემქის მე-4 მიკრო--რაიონში, ყოფილი სკოლის შენობაში უკვე მოხდა დევნილთა საცხოვრებელი ფართების ინდივიდუალურ ბინებად რეგისტრაცია. დევნილთა სამინისტრო უახლოეს დღეებში ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს შუამდგომლობით, რის შემდეგაც დევნილთათვის ბინების დაკანონების საკითხი მთავრობის სხდომაზე გავა განსახილველად. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, იმ შემთხვევაში, თუ წყლის ჩამოსვლის მიზეზი მშენებლობის ხარვეზია, სამინისტრო მის გამოსწორებას ზედამხედველობას გაუწევს“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC