კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება კონფლიქტისპირა სოფლებში

2 ოქტომბერი, 2014
 
გიორგი ჯანელიძე, www.humanrightshouse.org 

ფლავი, ფლავისმანი და ქვეში სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის ე. წ. გამყოფ ზოლთან მდებარეობს. ქართული ბლოკ-პოსტიდან 150 მეტრის შემდეგ გზა მავთულხლართით მთავრდება. ეს 150 მეტრი სარისკო ზონაა, საიდანაც შეიძლება „საზღვრის დარღვევის“ ბრალდებით ცხინვალისკენ გაგიტაცონ და 2000 რუბლის მიტანამდე პატიმრობაში დაგტოვონ. ამ გამოსასყიდს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება „ადმინისტრაციულ ჯარიმას“ უწოდებს. 150-მეტრიან მონაკვეთში გადაადგილებისას ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოსროლილი „ბრმა ტყვიისგანაც“ არავინაა დაზღვეული. 

2013 წლის შემოდგომაზე ფლაველი რობინზონ ტერაშვილი ოსმა სეპარატისტებმა სწორედ „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს. „წამიყვანეს ცხინვალში. 6 დღე ვიყავი დაკავებული. პარასკევი, შაბათი და კვირა დაემთხვა. სანამ გაარკვიეს ჩემი ვინაობა, დრო გავიდა. კარგად კი გვეპყრობოდნენ. გარეთ გასვლის საშუალებასაც გვაძლევდნენ. ძირითადად ქართულად გვესაუბრებოდნენ - იქ ქართული ყველამ იცის. სასადილოში რასაც თვითონ მიირთმევდნენ, ჩვენც იმას გვთავაზობდნენ. ბოლოს გამასამართლეს. ჩემმა იქ მცხოვრებმა მოყვარემ 2000 რუბლი გადამიხადა და გამომიშვეს. ერგნეთში ჩამაბარეს პოლიციას“, - იხსენებს ტერაშვილი. 

მიხეილ ვაზაგაშვილი მისი ოჯახის კუთვნილი ნაკვეთისკენ მიმავალი გზიდან, 2009 წლის 9 იანვარს აიყვანეს. ამ შემთხვევაშიც მის მიერ წაყენებული ბრალდება, ტრადიციულად, საზღვრის დარღვევა იყო: „ამ გზაზე, ჩვეულებრივ, მე და ჩემი ძმა უპრობლემოდ დავდიოდით, მაგრამ ამ ჯერზე დაგვაკავეს. ცხინვალამდე არ ჩავუყვანივართ. ოსებმა მათ მიერ კონტროლირებად არცევში წაგვიყვანეს. ნაცნობი ოსების დახმარებით, ცხინვალში ჩასვლას გადავრჩით. არც ფული გადაგვიხდია, ისე გამოგვიშვეს იმავე დღეს“.

კონფლიქტის ზონაში მსგავსი შემთხვევები ხშირია. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ადგილობრივი ქალბატონი საკუთარი ბოსტნიდან გაიტაცეს. ოსური მხარე მსგავს ქმედებას ოფიციალურად დაკავებას უწოდებს და არა გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას. ადგილობრივები კი შემდგომში მიყენებული ზარალის ანაზღაურებას საქართველოს სახელმწიფოსგან ითხოვენ. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილური ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის კომენტირებისას, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ადამიანების გატაცების ისტორიებიდან კარგად ჩანს, ოკუპაციის მკაცრი რეჟიმის მიუხედავად, როგორ აგრძელებენ ქართველები და ოსები ერთმანეთთან ურთიერთობას: „ერთ შემთხვევაში, გატაცებულ ქართველს ცხინვალში მცხოვრები ოსი მოყვარე დაეხმარა და „ადმინისტრაციული ჯარიმა“ გადაუხადა. ერთ-ერთი გატაცებული კი გზიდან ისე დააბრუნეს, ცხინვალამდე არც ჩაუყვანიათ, რადგან მას გზაშივე ოსი ახლობელი დაეხმარა. ასეთი მაგალითები გვიჩვენებს, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ხალხებს შორის ნათესაური და მეგობრული ურთიერთობები გრძელდება. სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავების, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით არის ოკუპაციის დამარცხება შესაძლებელი და არა იარაღის ძალით, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის ასეთი მაგალითები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ქართველ და ოს ხალხს შორის გავლებული მავთულხლართებიც ასევე გაქრება“.

როგორც ქართული პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ყველანაირად ცდილობენ, 150-მეტრიან პატარა მონაკვეთში მცხოვრებ მოქალაქეებს დაცულობის შეგრძნება ჰქონდეს. თუმცა, იქ არსებული მდგომარეობით გამოწვეული უკმაყოფილება საკმაოდ დიდია. „ხალხს პატრონი არავინ გვყავს. აი, მავთულხლართები სად გაგვიბეს! ძროხა ვეღარ გამყავს გაღმა. ბადის იქით რუსი სამხედროები დადიან, მე აქეთ ვარ. ვინ არის ჩვენი პატრონი, აბა მითხარით?! ნერვები აღარ გვაქვს ხალხს, დაგვაწდა ნერვები. სად არის ამერიკა, მოვიდეს, დაგვეხმაროს! ამერიკა ეხმარება მთავრობას, გენაცვალე. ჩვენ, ხალხს რატომ არავინ გვეხმარება? მთელი ცხოვრება მუშაობით მოვიკალი თავი და ახლა ავად გავხდი. 150 ლარი მაქვს პენსია, წამლებზე არ მყოფნის. ხალხი ვართ ცოდო, ჩვენმა შვილებმა რა უნდა ქნან?! საკუთარი მოსახლეობის ასე უპატრონოდ დაყრა შეიძლება?!“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას მოხუცი მამაკაცი, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა. 

ე. წ. გამყოფ ზოლში სხვადასხვა უცხოური თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისგან დაფინანსებული რესურს-ცენტრი მოქმედებს, რომლის მეშვეობითაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას სწავლობს. პრობლემები კი უამრავია: გარდა ზემოთჩამოთვლილისა, მათ საკუთარი დაზიანებული სახლების თუნდაც მეორადი მასალით გადახურვის საშუალებაც არა აქვთ. სოფელ ქვეშის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის ძირითადი საფიქრალი გაზიფიცირება და გამრიცხველიანებაა. 

ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია შეღავათიან ფასებში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ადმინისტრაციული ერთეულებიდან ტერიტორიულად მათთვის ყველაზე ახლოს ქალაქი გორია. ქალაქის ორი მოქმედი კლინიკიდან „ავერსი“ პაციენტებს მომსახურების მაღალ ხარისხს სთავაზობს, მაგრამ მასზე საყოველთაო დაზღვევის პროგრამა „არასაკმარისი რესურსის გამო“ აღარ ვრცელდება. ფლაველები ამბობენ, რომ „გორმედის“ მომსახურება საკმაოდ დაბალი დონისაა, რასაც წინასწარ მიღებაზე ჩაწერისა და ექიმთან შეხვედრის საკმაოდ მოუქნელი სისტემაც ემატება. 

მედეა ტურაშვილი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებზე სახალხო დამცველის მრჩეველია. მისი თქმით, კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის ამ ეტაპზე ყველაზე უფრო რთული და აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია: „ეს ეხება სოციალურ დახმარებებსაც. ბევრი მარტოხელა, გაჭირვებული ადამიანია, ვინც ვერ ახერხებს სახელმწიფოსგან სოციალური და ფულადი დახმარების მიღებას. პრობლემებია მიწის რეგისტრაციასთან, გადაადგილებასა და ადამიანების უკანონოდ დაკავებებთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, მოქალაქეები ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. მათ არ იციან, თუ რა არის მათი უფლებები. ასევე, არ იციან, თუ რა პროგრამებს სთავაზობს მათ სახელმწიფო და რაც მთავარია, ბიუროკრატიული პროცედურების გამო, მომსახურება მათთვის რთულად ხელმისაწვდომია“.  

გორის საბავშვო ბაღში ცხოვრებისთვის შეუსაბამო პირობებია. იქ აქხლა სოფელ ზარდიაანთკარიდან იძულებით გადაადგილებული ოცდაათამდე ოჯახია შესახლებული. მართალია, 2012 წლიდან სოფელ ზარდიაანთკარში საქართველოს იურისდიქცია აღდგენილია, მაგრამ ინტენსიური სროლების, დანგრეული სახლებისა და საშუალო სკოლის, სარწყავი და სასმელი სისტემების არარსებობის გამო, ცხოვრება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ნუგზარ მარიამიძე სახელმწიფოს მიერ მისი დანგრეული სახლის აღდგენის შემთხვევაში, თანახმაა, დაბრუნდეს და არსებული ვითარება აიტანოს: „კომპენსაციაზე უარი მითხრეს. სახლი გამიკეთეთ-მეთქი, ვთხოვე. მართალია, საშიშია, მაგრამ ნეტავ, აღმიდგინონ და აქ ყოფნას მირჩევნია, იქ წავიდე. შემჭამა ბაღის გამგემ, აღარ შემიძილია - კვირა ერთია და ის ათჯერ მახსენებს, რომ ოთახი დავუცალო. სად წავიდე, იმ დანგრეულ სახლში? მარტო მე კი არა, აქ შემოსახლებული ოცდაშვიდივე ოჯახი ჩემ მდგომარეობაშია“. 

ზარდიაანთკარელებს დევნილის სტატუსი არა აქვთ და შესაბამისად, არც კომპენსაცია ეკუთვნით. ლეილა მკალავიშვილი გადამწვარი სოფლიდან მეუღლესთან ერთად გამოიქცა. ამ უკანასკნელმა ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი გადაიტანა: „ჩემი მეუღლე ახლაც ავად არის. ვართ ასე და ვიტანჯავთ თავს. კომპენსაციას არ გვაძლევენ. პირველად რომ მოვედით, 15 000 ლარს არიგებდნენ. მერე გვეუბნებოდნენ, რომ ათიათასს დავთანხმებოდით. ბოლოს, აღარც ის თხუთმეტი გამოაჩინეს და აღარც ათი ათასი. დაიკარგა ყველაფერი. მაშინ რომ მოეცათ კომპენსაცია, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით არც ერთი. ადრე პური მაინც მოჰქონდათ. ახლა საერთოდ არაფერი აღარაა. ასე შემოყრილები ვართ, გასაცოდავებულები“, - შემოგვჩივლა 74 წლის ქალბატონმა და თვალცრემლიანი გაგვეცალა. 

გზად კიდევ დიდხანს მოგვყვებოდა საბავშვო ბაღის სველი წერტილებიდან გამოსული სუნი.  რაც მთავარია, მოგვყვებოდა განწყობა, რომელიც დედაქალაქისკენ თითოეული კილომეტრის გავლის შემდეგ კიდევ უფრო მძიმდებოდა. თბილისში კი ეს ყველაფერი ერმანეთში აირია და საბოლოოდ, ტკივილის ერთ დიდ გუნდად იქცა. ალბათ, ამ ტკივილის გაზიარებით იქნება შესაძლებელი საზოგადოების კონსოლიდაცია იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც სრულიად სხვა მოცემულობაში, გაჭირვებისა და ძალადობის პირობებში ცხოვრობენ.

ახალი ამბები