კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინსულინდამოკიდებული ქალი ღამეებს ქუჩაში ათევს

15 ოქტომბერი, 2014
 
ნინო ახობაძე

57 წლის ნელი ლეკიაშვილის დღე სახლიდან გამოსვლით არ იწყება. მას სახლი საერთოდ არ აქვს და ღამეს ქუჩაში ათევს. ქალბატონი ნელი მეორე ჯგუფის ინვალიდია, ის  დიაბეტით არის დაავადებული და დღეში სამჯერ საკუთარი ხელით იკეთებს ინსულინის ნემსს. ასევე რამდენჯერმე გადატანილი აქვს ინფარქტი და ინსულტი.

ინსულინდამოკიდებული ქალბატონი ძირითადად, რუსთაველზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ–ერთ შედარებით წყნარ ქუჩაზე სკამზე ზის ხოლმე. შერყეული ჯანმრთელობის გამო ბევრი სიარულიც არ შეუძლია. ქალაქში უკვე საკმაოდ აცივდა. სიცივეს რომ ვეღარ უძლებს, ირჩევს 37 ნომერ ავტობუსს, რომელსაც შედარებით გრძელი მარშრუტი აქვს, ჯდება და მიჰყვება ბოლომდე, რათა როგორმე გათბეს. 

საკუთარი სახლი რუსთავში წლების წინ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გაყიდა, რათა დედისერთა, მარტო გაზრდილი შვილი სამხედრო ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინა და როგორც  სთავაზობდნენ, ფულის სანაცვლოდ აეღოთ სამხედრო ბილეთი.

ამის შემდეგ ნელი ლეკიაშვილი ვაჟიშვლთან ერთად ერთ ხანს ქირით ცხოვრობდა, შემდეგ მისმა დედ–მამამ მოხუცის მოვლის სანაცვლოდ ბინა მიიღეს და ლეკიაშვილებიც იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. წინა ხელისუფლების დროს,  ბინის ავარიულობის გამო, მისი დანგრევა დაიგეგმა და მაცხოვრებლებს ალტერნატიულ ფართებს დაჰპირდნენ.  2013 წლის დეკემბერში ნელი ლეკიაშვილი საკუთარმა დისშვილმა გამოასახლა აღნიშნული ავარიული ბინიდან. ნერვიულობის ნიადაგზე ქალბატონმა ნელიმ რამდენჯერმე გადაიტანა ინფარქტიც და ინსულტიც. ბინის კომპენსაციის სანაცვლოდ, მათ თვეში სამას ლარს დაჰპირდნენ, უნდა ეპოვნათ ბინა, რომელსაც ხელშეკრულების პირობით იქირავებდნენ. ისან–სამგორის გამგეობამ ასეთი ბინა უპოვა ლეკიაშვილების ოჯახს. თუმცა, როგორც ქალბატონი ნელი ამბობს, ბინაში გაუსაძლისი პირობები იყო, მით უმეტეს დაავადებული ადამიანისათვის.

ნელი ლეკიაშვილი, უბინაო: „ძალიან პრობლემური სახლი იყო. ბინას არ ჰქონდა ვენტილაცია, ოთახში შემოდიოდა საშინელი სუნი. ჩემმა რძალმაც ვერ გაუძლოა ასეთ პირობებს და ბავშვთან ერთად დედამისთან წავიდა სოფელში. მეც ცუდად მხდიდა ეს სუნი და ხშირად  ვიძახებდი  სასწრაფოს. ფანჯრები სულ ღია მქონდა, რომ სახლი გამენიავებინა. ამან ბინის მესაკუთრის უკმაყოფილება გამოიწვია, მეზობლები გაიგებენ ჩემი ბინის მდგომარეობასო და მეჩხუბა, ახლავე დატოვე ჩემი სახლიო! იძულებული გავხდი სხვა ბინა მეძებნა, მაგრამ ისეთი ბინის პოვნა, რომლის მეპატრონეც ხელშეკრულების დადებაზე დაგთანხნდება, ძალიან რთულია.“

ნელი ლეკიაშვილი, როგორც თავად ამბობს, იძულებული გახდა იმ სახლიდან წამოსულიყო. მან ამის შესახებ ისან–სამგორის გამგეობის წარმომადგენელი ანი თორდია ჩააყენა საქმის კურსში. ქალბატონი ნელი აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ სცადა ისან–სამგორის რაიონის გამგებელ ხუციშვილთან ან სოციალურ საკითხების დარგში მის მესამე მოადგილე, საღინაძესთან  პირისპირ შეხვედრა, მაგრამ ანი თორდია და კანცელარიის წევრები ათასგავრ მიზეზს იგონებდნე და არ ახვედრებდნენ.

ლეკიაშვილებმა იპოვეს 14 კვადრატული ფართის ბინა,რომელიც ნელი ლეკიაშვილის თქმით, ისეთი ვიწრო იყო,რომ  ვერც კი იხრებოდა რაიმეს ასაღებად. ასევე ბინაში ელაგა მეპატრონის კუთვნილი ნივთები, რომლის გამოც სოც. აგენტმა ქულები მოუმატა. ბინაში არც გაზი იყო. ბინის მეპატრონე  დასთანხმდა ხელშეკრულების დადებას, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ბინის მეპატრონე თავიდან თანახმა იყო  ქირის თანხის თვის ბოლოს მიღებაზე, თუმცა შემდეგ თვის დასაწყისში მოითხოვა ფული.

ნელი ლეკიაშვილი: „ნივთები გარეთ გამომიყარა და პატრულიც გამოიძახა, არ იხდის ქირასო, მეც გამოვიძახე პატრული და ავუხსენი მდგომარეობა, რომ მე მთლიანად გამგეობაზე ვიყავი დამოკიდებული. პატრულმა მიპასუხა, ბინა მისია და როცა უნდა მაშინ გამოგიშვებსო. მეპატრონემ მითხრა, დროულად წაიღე ნივთები, თორემ გადაგიყრიო. პირველი ბინის მეპატრონემ მიჩივლა ბოლო თვის ფული არ გადაუხდიაო, არადა გადახდილი მაქვს. გამგეობამ შემიწყვიტა დახმარება. ანი თორდიას რომ ვთხოვე დახმარება, მე რა შუაში ვარ, მე უბრალოდ კურიერი ვარ, საბუთები დამაქვსო, არადა აქამდე მხოლოდ მას ვეკონტაქტებოდი. ყველას მივმართე, ყველა შევაწუხე, თუმცა დამაკმაყოფილებელი პასუხი არავისგან მიმიღია.“

ნელი ლეკიაშვილს უმისამართობის გამო შეწყვეტილი აქვს სოციალური დახმარება. მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიას მთლიანად უკავებს ბანკი, რადგან მის ვაჟს ბანკში სესხი აქვს აღებული, რომელსაც ვერ იხდის, თავდებად კი საკუთარი დედა ჰყავს.  ქალბატონი ნელის ვაჟი ტაქსაობით ირჩენს თავს, მანქანა ქირით ჰყავს გამოყვანილი. „თუ გეგმა ვერ შეასრულა მანქანას წაართმევენ, ამიტომ ხშირად მთელი ღამე მუშაობს. როცა გეგმას შეასრულებს და მშვიდადაა, მაშინ მეც მივყავრ და ღამეს მანქანაში ვათევთ.“– ყვება ქალბატონი ნელი. 

ნელი ლეკიაშვილს მერიამ შესთავაზა მიუსაფართათვის მოსკოვის გამზირზე გაშლილ კარვებში ცხოვრება, თუმცა მისი თქმით, ადგილზე მისულს უთხრეს, რომ აქ ისედაც აუტანელი პირობებია, ადგილიც არ არის და დაავადებული ადამიანი აქ ვერ გაძლებსო. მას მერიაში განცხადება აქვს დაწერილი და უკვე თვენახევარია ელოდება პასუხს. 

ქალბატონ ნელის ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი უწევს სამართლებრივ დახმარებას:  „მოგვმართა თხოვნით სოციალურად დაუცველმა ნელი ლეკიაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მერიამ შეუწყვიტა ბინის კომპენსაციის გაცემა. მას მერია უხდიდა რამდენიმე თვე ამ თანხას. მოედავნენ, რომ წინა მესაკუთრესთან არ ჰქონდა დაფარული ქირის საფასური. ნელი ლეკიაშვილი უკვე თვეებია ცხოვრობს ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე. მას არ აქვს თავშესაფარი, ამასთანავე აქვს  ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, არის ინსულინმომხმარებელი, რამდენჯერმე გადატანილი აქვს ინსულტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია ქუჩის პირობებთან. ჩვენ მივმართეთ თბილისის მერს და მოვითხოვეთ, ერთიმხრივ შეხვედრა და მეორემხრივ,  კომპენსაცია და ფართის გამოყოფა. მერიამ ჩაგვინიშნა შეხვედრა, მაგრამ დათქმულ დროს რომ მივედით, გვითხრეს, რომ ჩვენი შეხვედრა ჩანიშნული არ იყო. ეს ადამიანი კვლავ ეძებს სამართალს და ჯერჯერობით ვერსად  პოულობს“. 

ახალი ამბები