კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვილმოკლული მამა სამართალს ეძებს

31 ოქტომბერი, 2014
 
ნინო ახობაძე

2013 წლის 30 ნოემბერს ხაშურში, საკუთარი სახლის ეზოში მოკლული 21 წლის გიორგი ხვედელიძის მამა შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სასჯელის 2 წლით შემსუბუქებას აპროტესტებს. მსჯავრდებულს საქალაქო სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა, სააპელაციომ კი 2 წელი ჩამოუკლო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მკვლელობის დეტალებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი ერთი წლის წინაც წერდა. (იხ: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=17569&lang=geo ) 

„სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს 2 წელი დააკლო და გაუგებარია რატომ. რა მორალზე და მეზობლების დახასიათებაზე ლაპარაკი, როცა მოვიდა  ნოზაძე დანით და შვილი სახლში მომიკლა. ეს ხომ ჩემი ნათქვამი არაა და დაამტკიცა ყველა ექსპერტიზამ, ორმა ცოცხალმა მოწმემაც, რომლებმაც ჩემი შვილის მკვლელი წაიყვანეს და თბილისში გადამალეს. მათ აღიარეს ჩვენებაში, რომ ჩემი შვილი ცარიელ-ტარიელი გამოვიდა გარეთ. დამტკიცდა, რომ ჩემს შვილს დანა არ სჭერია ხელში. თურმე 21 წლის შვილის სიკვდილი ამ ქვეყანაში მხოლოდ 8 წელი ღირებულა“- ამბობს გარდაცვლილის მამა ალექსანდრე ხვედელიძე. 

საქმეში რამდენიმე  მოწმის ჩვენება დევს, მათ შორის გელაშვილი და თედიაშვილი, რომლებიც, როგორც მოკლულის მამა ამბობს, ადასტურებენ, რომ  მის შვილს ხელში ცივი იარაღი არ სჭერია, როგორც ამას დაცვის მხარე აცხადებს. თუმცა ამავე მოწმეთა ჩვენებით, გიორგი ხვედელიძე მსჯავრდებულს ფულს სძალავდა, რასაც მოკლულის მამა კატეგორიულად გამორიცხავს.

საქმის გამოძიება გორის პროკურატურას დაეკისრა. როგორც  ალექსანდრე ხვედელიზე  ამბობს, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე გორის რაიონის პროკურატურაში არ ყოფილიყო, რადგან არ ენდობოდა და ითხოვდა საქმის თბილისის სასამართლოში გადმოტანას. 

„ მე გორის პროკურატურის არ მწამს, ხაშურში ვცხოვრობ და ვიცი იქ რაც ხდება. ძალიან ბევრ ადამიანთან ვიყავი: უჩა ნანუაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ზურა აბაშიძესთან. თეა წულუკიანთან ხმაც არ მივიდა. მასთან შეხვედრას იმიტომ ვითხოვდი, რომ მინდოდა სასამართლო თბილისში ყოფილიყო. უჩა ნანუაშვილმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ეტყობა მისიც არავინ გაიგო. ერთადერთი რასაც მივაღწიე,რესპუბლიკის პროკურორ გიორგი ბადაშვილთან შეხვედრა იყო. დამპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა საქმის გორიდან წამოსაღებად. მართლაც წამოიღო და გადასცა თბილისის პროკურატურას, მაგრამ მე დამპირდა, რომ რესპუბლიკის პროკურატურა გამოიძიებდა ამ საქმეს. მე პროკურორებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თუმცა მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მე არ ვითხოვ უმაღლეს სასჯელს, მე სიმართლეს ვითხოვ!“

ალექსანდრე ხვედელიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი პიროვნება, მით უმეტეს გიორგი ხვედელიძეზე ფიზიკურად გაცილებით სუსტი  ნოზაძე, მის შვილს ვერ მოერეოდა, მით უმეტეს 10-ჯერ ვერ დაარტყამდა დანას. თვლის, რომ მკვლელობაში კიდევ რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებსაც  დანის დარტყმისას დაჭერილი ჰყავდათ გიორგი ხვედელიძე. გარდაცვლილის მამის თქმით, გამოძიების ეტაპზე ეს საკითხი მიიჩქმალა, რათა საქმე ჯგუფური მკვლელობით არ დაკვალიფიცირებულიყო. 

„ ჩემი ქუჩის ამოსასვლელში, საიდანაც მსჯავრდებული მანქანით მოვიდა, არის აფთიაქი, სადაც 2 სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. როცა პროკურატურა ამ საქმეს იძიებდა, მე შევახსენე, ეს კამერები რომ იყო. მე უნდა შევახსენო გამომძიებლებს სად რა არის?! სწორედ ამ კამერის სურათები მოვთხოვე მე პროკურორ გიორგი ბადაშვილს. მინდა ეს სურათები და ამას სიცოცხლის ფასად მოვითხოვ. ნუთუ საქართველოში არ არის ისეთი ლაბორატორია, ისეთი ექსპერტიზა, რომ  დავადგინო ამ მანქანაში რამდენი ადამიანი იჯდა. მე ხომ არ ვითხოვ სახეები მაჩვენონ, მაინტერესებს ხალხის რაოდენობა. გადმომცენ ეს სურათები, მთელ ქვეყანას მოვივლი და მაინც დავადგენ, რომ შიგ კიდევ სხვებიც ისხდნენ. არ მჯერა, რომ იმ ერთმა მოკლა მხოლოდ ჩემი შვილი. ვერ მოკლავდა მხოლოდ ის ორმეტრიან, 140-კილოიან ბიჭს“- ამბობსალექსანდრე ხვედელიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა თამარ ავალიანმა შეისწავლა აღნიშნული საქმე და მისი თქმით, გაუგებარია რა მოტივით შეუმსუბუქა სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი: „გიორგი ხვედელიძის განზრახ მკვლელობისათვის მსჯავრდებულს 108-ე მუხლის თანახმად საბოლოო სასჯელად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუკლო სასჯელი და 10 წლის ნაცვლად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.  გავეცანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ის არის აბსოლიტურად დაუსაბუთებელი. გადაწყვეტილებიდან არ ჩანს თუ რას ეყრდნობა გამომძიებელი, როდესაც იმ 2 წელს უკლებს მსჯავრდებულს. მით უმეტეს, რომ იზიარებს იმ ფაქტობვრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს, რომ დანა ნამდვილად მსჯავრდებულს ჰქონდა და ხვედელიძის მოსაკლავად მივიდა. თუმცა ამბობს, რომ მისი ასაკის და რეპუტაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავუკლო 2 წელიო, თუმცა როგორ ასაბუთებს ის ამ ორი წლის დაკლებას, რა ფაქტობრივი გარემოებებით, არსად არ ჩანს.“

თამარ ავალიანი ასევე ამბობს, რომ  მსხვერპლის მამის, როგორც მოწმის ჩვენება, რომელსაც მიაჩნია, რომ  მკვლელობაში ერთზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სასამართლომ არ გაიზიარა და ამ თემაზე საერთოდ არ უმსჯელია.  ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში ერთზე მეტი პირის მონაწილეობის შემთხვევაში საქმე 109 მუხლით, დამამძიმებელი გარემოებებით მკვლელობად განიხილებოდა და შესაბამისად სასჯელის ვადაც გაცილებით მეტი იქნებოდა.

„ როგორც საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო გიორგი ხვედელიძე  და ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მორეოდა მას. სასამართლო აბსოლიტურად არ მსჯელობს იმ კამერების ფოტომასალის  განიხილვაზეც, რომელსაც დაზარალებული მხარე მიუთითებს. ამაზე საუბარი არ არის სასამართლო გადაწყვეტილებებში, არც დასაბუთებაში და არც აღწერილობაში. ზოგადად, დაზარალებულის სტატუსი, მისი უფლებამოსილებები და  კომპეტენცია მართლაც სიმბოლურია სისხლის სამართლის პროცესში. ის არ არის მხარე, არ მიუწვდება ხელი საქმის მასალებზე და გამოძიება არ მიიჩნევს საჭიროდ მიაწოდოს მას ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება“.

ალექსანდრე ხვედელიძე ამბობს, რომ მან ზურაბ აბაშიძის მეშვეობით რამდენჯერმე სთხოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას შეხვედრა, თუმცა შეხვედრა ვერ მოხერხდა. მოკლული გიორგი ხვედელიძის მამა humanrights.ge-ს მეშვეობით მიმართავს ეკა ბესელიას: 

„რამდენჯერ მოგმართათ ბატონმა ზურაბ აბაშიძემ, რომ შეხვედროდით ალექსანდრე ხვედელიძეს? ეგებ რა უნდა მეთქვა თქვენთვის? თქვენ ხომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხართ. თქვენ ხომ ყოველთვის ლამაზად ლაპარაკობთ ტელევიზორში, რომ 22 ათასი კაცის საქმე განვიხილე და ყველას პასუხი გავეციო. მე რა დავაშავე, ქალბატონო ეკა. თქვენ ის ქალბატონი არა ხართ, თქვენი შვილი თუ ძმა რომ დაიჭირეს და მთელი თბილისი ფეხზე რომ დააყენე? მე კი შვილი ეზოში მომიკლეს¬. აი, ესაა თქვენი სამართალი“- მიმართავს ხვედელიძე ეკა ბესელიას. 

ახალი ამბები