კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებები - ნდობის აღდგენისა და ურთიერთთანამშრომლობის ინსტრუმენტი

5 ნოემბერი, 2014
 
ნინო ახობაძე

29 ოქტომბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის პროექტის - „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: ადამიანის უფლებები - ნდობის აღდგენისა და ურთიერთთანამშრომლობის ინსტრუმენტი.

საჯარო დისკუსიის ორგანიზატორი იყო ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოსთან“ ერთად არის ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია პროექტში - „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შეხების წერტილი ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის ისეთ ვითარებაში, როცა მნიშვნელოვანია კიდევ უფრო აქტიურად წარიმართოს ნდობის აღდგენის, შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესი. 
 
„უფლებადამცველებმა კიდევ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე არაღიარებულ რესპუბლიკებში და რამდენადაც შესაძლებელია, ეს თემა უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისაგან. ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში ხელისშემშლელი შეიძლება გამოდგეს ისეთი პოლიტიკური თემები, როგორიცაა, მაგალითად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი, რაზეც ჩვენ, როგორც მოქალაქეებს და ამომრჩევლებს აფხაზი და ოსი კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება გვქონდეს. თუმცა, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ადამიანს ყველგან სჭირდება დაცვა, რადგან ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება და შეგვიძლია, ერთობლივად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა. 

საჯარო დისკუსიის თემა მოიცავდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას არაღიარებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და რაც მთავარია - მსჯელობას, თუ რა უშლის ქართველ, აფხაზ და ოს უფლებადამცველებს ხელს, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ერთობლივად დაიცვან ადამიანის უფლებები. 
 
მთავარი მომხსენებელი გახლდათ სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომელმაც  ყურადღება გაამახვილა კონფლიქტისპირა სოფლებში, ე.წ. გამყოფ ხაზთან არსებულ პრობლემებზე. მან ისაუბრა გორიდან 25 კილომეტრში მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე.

„2008 წლის ომის დროს მოსახლეობამ ვერ დატოვა სოფელი და შესახლდნენ გორის საბავშვო ბაღებში. 2012 წლამდე სოფლის ტერიტორია ვერ კონტროლდებოდა ქართული ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, 2012 წელს საპატრულო ეკიპაჟი შევიდა სოფელში და პოლიციამ 2 პოსტი ჩადგა. რამდენიმე მოსახლე, ძირითადად - მოხუცები, საცხოვრებლებს დაუბრუნდნენ, მაგრამ უსაფრთხოებისა და მძიმე სოციალური პირობების გამო, დარჩენილი 27 ოჯახი დაბრუნებას ვერ ახერხებს და კვლავ გორში, საბავშვო ბაღში რჩება. დიდი ნაწილი მოითხოვს გრძელვადიან გასახლებას ან კომპენსაციას“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პატიმართა საკითხი რჩება. საუბარია, თბილისისა და რუსთავის ციხეებში მყოფ 7 ეთნიკურად ოს პატიმარზე და ასევე, 6 ქართველ პატიმარზე, რომლებიც ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული პროცესებისა და გაცვლის ან გათავისუფლების თაობაზე არსებული იმედებისა, პატიმართა საკითხი კვლავ გაურკვეველია და რეალურად რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა, გარდა იმისა, რომ გასულ წელს ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს მარეკ დუდაევი. ამის საპასუხოდ, ოსურმა მხარემ გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთი პატიმარი - ჯარაპოვი გაათავისუფლა.

სახალხო დამცველის განცხადებით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებით სარგებლობისას გარკვეული პრობლემები ექმნებათ: „თუ აქამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შუამდგომლობის საფუძველზე ხდებოდა პაციენტების საკითხის განხილვა, ახლა საკითხი გადის რეფერალური მომსახურების შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით შექმნილ კომისიაზე, რომელიც არის ე.წ. რეფერალური კომისია. დღეს სახელმწიფო აპარატი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ  საქართველოს მოქალაქეობის   მქონე პირებს აღარ შუამდგომლობს და ამას კომისიის გადაწყვეტილებით ხსნის. ასეთი მიდგომა გარკვეულ პრობლემებს ქმნის“.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელიმა ცხინვალიდან ირინა იანოვსკაიამ. დიალოგში იგი სკაიპით ჩაერთო და მოკლედ მიმოიხილა სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ყურადღება გაამახვილა სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის, შრომითი უფლებების დარღვევის საკითხზე, ასევე მართლმსაჯულების საკითხებზე. მისი თქმით, ცხინვალში სასამართლო საქმეების წარმოება ჭიანურდება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. 

ირინა იანოვსკაიამ ცალკე საკითხად გამოყო რამდენიმე ეთნიკურად ოსი ადამიანის გაუჩინარების საკითხი, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში გაუჩინარდნენ და დღემდე არაფერია ცნობილი მათი ადგილსამყოფელის შესახებ. მან შეკითხვით მიმართა სახალხო დამცველს, თუ რა ნაბიჯებს დგამს იგი ამ საქმეების გამოძიების დასაწყებად. უჩა ნანუაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ მან შესაბამის ორგანოებს რამდენჯერმე მიმართა, მიეწოდებინათ ინფორმაცია ამ თემაზე, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია ვერ მიიღო. 

კოალიცია „დევნილთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ბენდიანიშვილმა  წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ურთიერთთანამშრომლობის მაგალითები და სამომავლო პერსპექტივები“. მან ძირითადად ისაუბრა იმ საერთაშორისო  მექანიზმების არქონაზე, რომლებიც ხელს შეუწყობდა ქართული, ოსური და აფხაზური მხარეების ურთიერთთანამშრომლობას ადამიანის უფლებათა საკითხებში. 

დასასრულს, შეხვედრის შეჯამებისას, ალეკო ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის დისკუსიები უთუოდ შეუწყობს ხელს ქართველი, ოსი და აფხაზი უფლებადამცველების დაახლოებას. მთავარია, ეს დისკუსიები არ იყოს ფორმალური და პარალელურად დაიწყოს იმ მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივი ადვოკატირებაც, რაც უფლებადამცველებმა დისკუსიისას მოინიშნეს.

ახალი ამბები