კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაპირისპირება სოფელ მოხეში

13 ნოემბერი, 2014
 გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org 

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მუსლიმ  და მართლმადიდებლ ქართველებს შორის კონფლიქტი  წარმოიშვა. მიზეზი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ბიბლიოთეკის მოწყობის გადაწყვეტილებაა. მუსლიმების განცხადებით, ამ ნაგებობაში ადრე მეჩეთი იყო განთავსებული, ამიტომ ეს ქმედება  მათი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფაა. შენობის დემონტაჟი ადგილობრივი მოსახლეობის პროტეტსის ფონზე წარიმართა, რასაც პოლიციიის მხრიდან კონფლიქტის მონაწილე რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ.

მოხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელია. მის უმრავლესობას ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, აჭარიდან ჩამოსახლებული მუსულმანი ქართველები წარმოადგენენ, მოხეში ასევე სახლობენ მართმადიდებელი ქართველები. 

ორ ჯგუფს შორის დავა მას შემდეგ  დაიწყო, რაც  ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის ერთ-ერთ შენობაში ბიბლიოთეკის მოწყობა გადაწყვიტა. მუსლიმების განცხადებითამ ნაგებობაში ადრე მეჩეთი იყო განთავსებული. მათი ვარაუდით სახელმწიფო ბიბლიოთეკას მოწყობას მხოლოდ შირმად იყენებს, სინამდვილეში კი იქ კლუბის გახსნა იგეგმება , რაც მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. 

შენობის დემონტაჟი ადგილობრივი მოსახლეობის პროტეტსის ფონზე წარიმართა, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე პირი რამდენიმე დღით დააკავა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მუსლიმური თემი ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებას, დაკავებულთა გათავისუფლებამდე, გამორიცხავდა.

როდესაც ჩვენი ორგანიზაცია დაპირისპირების ადგილზე ჩავიდა მოხელების განწყობას ჯერ კიდევ ეტყობოდა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინცინდენტის კვალი, რომლის დროსაც საპროტეტსო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამის მიუხედავად, თითოეული მხარე აცხადებდა, რომ პირადი წყენა მეორე მხარისგან არ ჰქონია და მხოლოდ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას აპროტესტებდნენ. საინტერესოა, რომ მულსიმების მსგავსად, იგივეს ამბობდნენ, მართლმადიდებლები. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მეჩეთი არა მხოლოდ მოხეში, არამედ თითქმის ყველა მეზობელ სოფელში ფუნქციონირებს.  ეკლესიის მშენებლობა მოხეში დაწყებული იყო, თუმცა ათწლეულების მანძლზე მართლმადიდებლებს სალოცავად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა  უწევდათ.

ჩვენი ორგანიზაცია დეტალების გასარკვევად ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

ციალა რეხვიაშვილი მოხეში გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან ცხოვრობს. მისი ოჯახი, სხვა თანასოფლელებთან ერთად, რაჭიდან, ონის რაიონის სოფელ ჭიორადან, ჩამოასახლეს. ხანდაზმული ქალბატონი მოგვიყვა , თუ როგორ  იაფად შეისყიდეს „აჭარლებმა“ რაჭველების მიერ მიტოვებული სახლები  და სამუდამოდ იქ დასახლდნენ:

  „44’ წელს როცა ჩვენი მოსახლეობა აქ ჩამოვიდა , უკვე გვიანი შემოდგომა, ლამის ზამთრის პერიოიდი იდგა. ეს დაუსრულებელი ნაგებობა სავსე იყო შემოდგომის მოსავლით. მეორე სართული ხის იყო. ეტყობა, იმ პერიოდშიც საწყობად იყენებდნენ. ეს ნაგებობა სსრკ-ს შემადგენლობაში შესვლამდეააშენებული. მანამდე ეს ადგილი ჩვენი დამპყრობელი თურქების უღელქვეშ იყო.  მართლა შეწუხებულები ვართ. ამდენ ხანს, ვითმენდით იმიტომ, რომ ჩემი მეზობელია, ჩემი მოყვასია. მოყვასი შენი შეიყვარე ისე, როგორც თავი შენიო და მართლა მიყვარს, ადამიანები არიან და ადამიანურად მიყვარს. შუბლზე რელიგია არავის გვაწერია. ჩემი გაჭირვების ჟამს, ჩემი გვერდში მდგომი უნდა იყოს, მათ მიმართ არანაირი მტრობა  მაქვს, მაგრამ ჩემსას არ ვთმობ, მე ვიცავ ჩემსას.“ 

მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წარმომადგენლებს, მოხეს საჯარო სკოლის დირექტორი, თემურ ბერიძე,  გვესაუბრა; იგი მუსლიმური მრევლის წარმომადგენელია. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფლის ცენტრში, სადაც ბოლო პერიოდში კულტურის სახლი მდებარეობდა, მუსლიმი მესხების მიერ აშენებული მეჩეთი იყო. შენობა მას მერე დარჩა უფუნქციოდ, რაც ისინი გაასახლეს . კომუნისტების დროს იქ  საწყობი იყო, შემდგომ კულტურის სახლად გადაკეთდა და დაახლოებით ბოლო 7-8 წელი ამ სტატუსს ატარებდა. სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ როდესაც საზოგადოება სარწმუნოებას დაუბრუნდა  და უფრო მეტად მორწმუნე გახდა, იქ შესვლაზე უარი განაცხადა: „ჩვენ ვაპროტესტებთ ყოფილი მეჩეთის შენობაში კულტურის სახლის, თუნდაც ბიბლიოთეკის, გახსნას. სხვა რამის აშენებაზე საუბარი არ გვაქვს, თუ რამეზე იყო ლაპარაკი, ეს უკვე პროვოკაციაა. იყო ერთადერთი მოთხოვნა, რომ ეს შენობა გადახურულიყო და არ განადგურებულიყო, რადგანაც ეს რელიგიური სიწმინდეა, თუნდაც, იგი უფუნქციოდ დარჩენილიყო .“

მართლმადიდებლები თავის მხრივ, ირწმუნებიან, რომ საწყობად გადაქცეული შენობა იმ სპეციფიური ტუფის ქვითაა ნაგები, რომლებიც ეკლესიის მშენებლობისთვის გამოიყენება. სოფელში ფართოდ გავრცელებულ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს თემურ ბერიძე: „რაც შეეხება ეკლესიის ქვას, მე, როგორც მუსლიმი მრევლი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ რადგან მართლმადიდებლებს აქვთ ეს მოსაზრება, ყველა მუსლიმი მრევლი ვთანხმდებით, რომ ამ საქმეში კომპეტენტური სამსახურები ჩაერთონ და დაადგინონ ქვის ნამდვილი წარმომავლობა. ექსპერტის მოწვევაზე საუბარი იყო, მაგრამ ოფიციალური მოთხოვნა ჩვენ არ წაგვიყენებია.ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, ვინც მას შეხედავს, იერსახეზე დარწმუნდება, რომ ეს იყო სალოცავი და ქვები არამოკრეფილი, არამედ ერთი ხელით აშენებულია ,ამას შენობის იერსახეც ცხადჰყოფს.“

სკოლის პედაგოგი ეთერ თაგვაძე თავის ბავშვობას იხსენებს, რომელსაც სწორედ ამ ტუფის ქვით ნაგებ შენობას უკავშრებს: „მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი, მახსოვს, აქ ეს შენობა არ ფუნქციონირებდადა არც კულტურის სახლი იყო. შიგნით იდგა ღვთისმშობლის ხატი, მე და ჩვენი თაობის ბავშები, უფროსებთან ერთად, სანთლებს ვანთებდით., ეს იმ წინაპრებისგან მახსოვს, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან,  მე კი უკვე 60 წლის ვარ ,აქ იყო ეკლესია თუ ეკლესიის კედლები ჩაყოლებული (ზუსტად ვერ ვიხსენებ). ჩვენთვისაც , ქრისტიანი მოსახლეობისათვის, მტკივნეულია ეს შენობა,. ამიტომ, უნდა მოვიწვიოთ ექსპერტიზა, შემოწმდეს ძირფესვიანად და თუკი ეკლესიაც არის და მეჩეთიც,მაშინ ერთნიც გავჩუმდეთ, მეორენიც გავჩუმდეთ და დღეს როგორც კეთდება  ბიბლიოთეკა, ისე გაკეთდეს. 

როგოც ბატონი ბერიძე ამბობს, სკოლის ტეროტორიაზე იდგა მასწავლებელთა სახლი და ინტერნატი. ბოლო 15 წელი ეს ინტერნატი აღარ ფუნქციონირებდა, სანამ ის ამ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ, დირექტორი გახდებოდა: „ორივე შენობა დაშლის პირას იყო. ეკონომიკის სამინისტრომ ის გაყიდა, ჩემი ინფორმაციით. საპატრიარქოსმიჰყიდა, რომელმაც აქ ზაფხულიდან ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ეს პროტესტი ეკლესიის მშენებლობის მიმართ არ არის  გამოხატული. ვერცერთი მუსლიმანური მრევლისგან ვერ გაიგებთ, რომ ვინმე  ეკლესიის მშენებლობას აპროტესტებს. ამას  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! „

უხუცესი, ჯუმბერ რეხვიაშვილი მართალია, მშიდობიან, მეგობრულ თანაცხოვრებაზე საუბრობს, მაგრამ თან არც ამ თანაცხოვრების თანმდევი საკითხები რჩება მისი კრიტიკის მიღმა: „რომელ სოფელშიც ეგენი შემოვიდნენ, იქ ქრისტიანი კაცი აღარ არსებობს, ვერ  ეგუებიან. ჯერ ერთი, ღორის ყოლას არ დაგანებებენ, ჩვენ კი გვყავს ღორი, მაგრამ მუსულმანებს ეს არ უნდათ. ცხოვრებაში ეს ცოტა შეუთანხმებელი საქმეა, მაგრამ ჩვენ მაინც მეგობრულად ვართ.  მოხეშიც ხდება ის, რაც სხვა სოფლებში. უნდათ, რომ ყველა აღმოსავლეთისკენ გაგვრეკონ. თუ ასე გაგრძელდა, მალე არა მხოლოდ მოხეს, არამედ, რაიონში ყველა სოფელს დაიკავებენ. 

ბატონი ონისე მოხეს საჯარო სკოლის უხუცესი პედაგოგია. იგი მუსლიმურ თემს განეკუთვნება. სკოლაში შეხვედრისას, ის დიდხანს ჩუმად იყო. ბოლოს, თვალზე ცრემლი ვერ შეიკავა და წლების მანძილზე დაგროვილ ემოციებს, თავისუფალი დინება მისცა: რეკონსტრუქციისთვის უცბად გამონახეს თანხა, 70 ათასი, რომ ჩვენთვის მეჩეთი წაერთმიათ, ხომ?! ამ თანხით ხომ შეიძლებოდა ცალკე  საუკეთესო ბიბლიოთეკა აეშენებინათ? ამის გარემონტება ხომ უფრო ძვირია, ვიდრე ახლის აშენება? ეს არის საშინელი რელიგიური დისკრიმინაცია. შე ოჯახაშენებულო, მე და შენ ძმები ხომ ვართ?! აქ აშენდა დიდი ეკლესია. ამბობენ, მილიონი ლარი დაიხარჯაო. კი ბატონო, გამჩენმა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. შენ ეკლესიაში ილოცე, მე მეჩეთში ვილოცებ. ვისაც სად უნდამ იქ ილოცოს. თუ შენ მაჩვენებ, რომ მართლმადიდებელი ხარ, ჩემზე უკეთესი ხარ, ტოლერანტი ხარ, ჩემი მოყვარული მეზობელი ხარ, შესაძლებელია მეც შემოვიდე იქ. ჩემო შვილებო ძალით ამის გაკეთება, არავითარ შემთხევაში შეიძლება. მე ვარ აჭარელი, აჭარელი ხალხი საქართველოს ყველა რაიონშია. ჩვენ რა, უსწავლელები ვართ, დებილები ვართ?! ერთი რაიონის ხელმძღვანელობაში დამანახეთ მუსლიმანი კაცი, დეპუტატი დამანახეთ სადმე მინისტრის მოადგილე, სამინისტროში დამანახეთ მუსლიმანი კაცი! მე ვარ ადამიანი და აღარ შემიძლია მუხლებზე დაჩოქილი ცხოვრება. 

ადგილობრივ მართლმადიდებლებში განათლებით ეთნოგრაფი აღმოვაჩინეთ, რომელმაც არსებული სიტუაციის ძირებზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია მოგვაწოდა. კობამ თავისი გვარი არ გაგვიმხილა, მაგრამ გვითხრა, რომ მართალია, აქ მეჩეთის მშენებლობა ჯერ კიდევ 20-აინ წლებში იგეგმებოდა, მაგრამ კომუნისტების დროს, 1944 წლამდე მხოლოდ პირველი სართულის დასრულება მოხერხდა, მას შემდეგ იგი უფუნქციოდ დარჩა და საწყობად იყენებდნენ. რაც შეეხება ქვას, კობამ უარყო მართლმადიდებელთა ინფორმაცია და პირად საუბარში გვითხრა, რომ ეს ჩვეულებრივი ქვაა და მას სომეხი ოსტატები ამუშავებდნენ. 

საგულისხმოა, რომ მუსლიმური მრევლის წარმომადგენლები მთავრობის მიერ ბიბლიოთეკის მშენებლობის სახით ე.წ. „ოქროს შუალედის“ შეთავაზებასაც არ ეთანხმებიან და ნაგებობის მხოლოდ გადახურვასა და მის უფუნქციოდ დატოვებაზე არიან  თანახმა. როგორც გაირკვა, ეს უთანხმოება ძალიან დიდი ხანია, არსებობს: „მე მარტოხელა დედა ვარ, მადლობელი ვარ, რომ ბევრჯერ გაჭირვებაში დამხმარებიან, მაგრამ ეს საქმე ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს, რომ ჩვენმა თაობამ ეს საკითხი შვილებს თავსატეხად აღარ უნდა დავუტოვოთ -აცხადებს ეთერ თაგვაძე და კეთილი დასასრულის იმედით ტოვებს სოფლის ცენტრალურ მოედანს, სადაც დღეს იქნება თუ ხვალ, მისი შვილები და შვილიშვილები მუსლიმ თანატოლებთან ერთად ითამაშებენ.

სოფელ მოხეში დაპირისპირება ქართველ მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის 18 ოქტომბერს მოხდა.ამ ეტაპზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით შენობის რეკონსტრუქცია შეჩერებულია, თუმცა როდის აღდგება სამუშაოები და რა ფუნქციას შეიძენს სადავო შენობა, ჯერჯერობით უცნობია. 

ახალი ამბები