კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის თვითმმართველობაში კონკურსის პირველი ეტაპი სავალალო შედეგით დასრულდა

14 ნოემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოცხადებულ კონკურსს ჩაშლის საფრთხე ემუქრება. როგორც ირკვევა, აპლიკანტებს 196 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ხელახლა გამოცხადებული კონკურსის გავლა მოუწევთ. მიზეზად კონკურსანტების მიერ არასრული დოკუმენტაციის წარდგენა სახელდება.

ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, დავით დვალის ინფორმაციით, საკონკურსოდ სულ 5006 განაცხადი შემოვიდა. ზოგიერთ აპლიკანტს განაცხადი რამდენიმე ვაკანსიაზე ჰქონდა შეტანილი. საბოლოოდ 1693 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე მხოლოდ 407 კონკურსანტი გადავიდა. „გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ იმ 474 აპლიკანტის ინტერესიც, რომელთაც არ ჰქონდათ წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლი. ასევე, მათ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული ინფორმაცია კომპიუტერული ცოდნის შესახებ. ეს მოხდა საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით. ჩვენ წავედით ამ დათმობაზე“, - აცხადებს დავით დვალი.

კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ვინაობის დასახელებისგან გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებს,  humanrights.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სინამდვილეში არავითარი დათმობა არ ყოფილა: „უბრალოდ, ჯერ იფიქრეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მათი ინტერესის სფეროში არ შედიან, კონკურსის მეორე ეტაპზე არ გადაიყვანდნენ. მერე მიხვდნენ, რომ ამას დიდი ამბავი მოყვებოდა და გადაიფიქრეს. ყველაფერი არასრულყოფილ დოკუმენტაციას დააბრალეს და „გამოსწორების გზები“ დასახეს.  ვითომ საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაცია გაითვალისწინეს. მოკლედ, არ ვიცი, რა მოხდება აწი. ერთ რამეში კი ნამდვილად ვარ დარწმუნებული - ჩემს უფლებებს მაქსიმალურად დავიცავ, ამისთვის სასამართლოს გზით ბრძოლაც რომ დამჭირდეს. დანარჩენებიც დაიცავენ საკუთარ უფლებებს. ბოლოსდაბოლოს, დროა, ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში პოზიციებზე ადამიანების კონკურსის გზით დანიშვნის პრეცედენტი შეიქმნას“.

შექმნილი ვითარების გამო ქუთაისის მერიაში საპრეტენზიო კომისია დაკომპლექტდა, რომელიც მუშაობას უკვე შეუდგა და კონკურსანტების საჩივრებს ორი დღის ვადაში განიხილავს. როგორც კომისიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მხოლოდ 26 განაცხადია შესული. 

რაც შეეხება კონკურსს, სულ სამ ეტაპს ითვალისწინებს და ჯამში დოკუმენტების შერჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, კონკურსის შედეგად, რომელიც ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების ხელმძღვანელებს არ ეხება,  მომავალი 2015 წლის იანვრიდან, ქუთაისის მერიაში უფლებამოსილების შესრულებას 340 შტატით გათვალისწინებული და 35 შტატგარეშე თანამშრომელი შეუდგება.
 
თუმცა, მანამდე ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დოკუმენტაციის ხელახალი მიღებისა და კონკურსის თავიდან ჩატარების ალბათობაზე აქტიურად საუბრობენ. ამის შესახებ ოფიციალურად ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამაც განაცხადა: „ეს არის რეალობა და ამაში კატასტროფული არაფერია. ქუთაისის მერიაში ჩვენ გვჭირდება განათლებული, პროფესიონალი კადრი და არა ადამიანები, ვინც აქ ცარიელ ადგილს შეავსებს. ამიტომ, თუ საჭირო გახდა, კონკურსს ხელახლა გამოვაცხადებთ“.

იმ შემთხვევაში, თუ მის განცხადებას მოქმედება მოჰყვა, შეიცვლება კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების თარიღიც და იგი 16 ნოემბრის ნაცვლად მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსკენ გადაიწევს.

კონკურსის მონიტორინგის მოთხოვნით ქუთაისის მერიას უკვე მიმართეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ წერილობითი მიმართვა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელის სახელზე კონკურსის გამოცხადებისთანავე გააგზავნეს. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე  არც უარი მიუღიათ და არც თანხმობა. 

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იმერეთის რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა humanrights.ge-სთან საუბარში განაცხადა, არაერთმა ორგანიზაციამ გამოთქვა ამ პროცესის მონიტორინგის განხორციელების სურვილი. ველოდებით პასუხს. ალბათ, უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და გადაწყდება რა და როგორ იქნება. ასევე, ალბათ, გადაწყდება ისიც, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცები მოიპოვებენ აღნიშნულ პროცესებზე დაკვირვების უფლებას“. 

ახალი ამბები