კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაკურციხის მოსახლეობა თანასოფლელის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოშვებას მოითხოვს

20 ნოემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები 45 წლის თეიმურაზ სამადაშვილი ,,სასჯელის” სანაცვლოდ არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის,  რისთვისაც ის, ხონში, შ.პ.ს. ,,აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშია“ მოთავსებული. როგორც მისი ახლობლები და თანასოფლელები განმარტავენ, ის ამხანაგმა, ამირან საჩეჩელაშვილმა წაიყვანა მოსახმარებლად და ტექნიკუმის  ეზოდან ჯართი  დაატვირთინა მანქანაზე. პოლიციამ კი, ქურდობისათვის ორივე დააპატიმრა. შეურაცხადობის გამო თეიმურაზ სამადაშვილი ფსიქიატრიულში გადააგზავნეს. ამირან საჩეჩელაშვილი კი გაათავისუფლეს და გარეთ დადის.

მათივე თქმით, თეიმურაზ სამადაშვილს ფსიქიკური პრობლემები დაბადებიდანვე აქვს. ეს დაავადება მას მემკვიდრეობით აქვს. ის ფიზიკურად ღონიერია და დღიურ მუშად მუშაობდა. სოფელში ყველას უყვარს და ენდობა. როგორც ისინი ამბობენ, თეიმურაზის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნა მასზე და მის მოხუც დედაზე უარყოფითად აისახება. მოსახლეობა ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან უდანაშაულო თანასოფლელის გამოხსნას ითხოვს.

,, სოფელი ფეხზე დგას ოღონდ გაათავისუფლონ, ჩამოვიდეს. მან არც იცოდა რომ ლითონს აპარინებდნენ. მთელი სოფელი ვიყავით სასამართლოზე, სადაც თქვეს, საქმეს როგორც ჭირდება გადავაგზავნით ფსიქიატრიულში, ერთი-ორი თვე იქნება, უმკურნალებენ და მალე გავათავისუფლებთო. სასამართლო იყო აგვისტოს დასაწყისში, მაგრამ ნოემბერი მთავრდება და ჯერ ისევ იქ ყავთ. დედამისიც ძალიან განიცდის, ნერვიულობს, ტირის. აღარ შეუძლია დამოუკიდებლად საქმის კეთება. იქნებ დაგვეხმაროთ რომ გამოუშვან თუნდაც არაფერი არ გააკეთოს დედისთვის მაინც იმედია შვილი,”-განუცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრს ადგილობრივმა, ზაირა ჭაჭუკაშვილმა.

,,ჩემი შვილი არის ქმედუუნაროდ აღიარებული. ის არასოდეს ყოფილა აგრესიული ან ვინმესთვის სახიფათო.  ის ყველას ეხმარებოდა ვინც კი დაუძახებდა. ასე სთხოვა ამხანაგმა, ა მიხმარებოდა, მანქანის ჯართით დატვირთვაში. ის ამხანაგი კი, თურმე ამ ჯართს იპარავდა.  ჩემი შვილი გადაიყვანეს ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2 თვის ვადით. 15ოქტომბერს სახლში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. დამეხმარეთ იქ არ დატოვონ ჩემი შვილი. ის  უჩემოდ ვერ გაძლებს, მე ეპილეფსიით ვარ დაავადებული ღამე ავად რომ გავხდე,  მარტო ვარ და ვინ გაიგებს, ჩემი შვილი კი, შეშას მიჭრიდა, წამალი მოქონდა, მაღაზიაშიც ის დადიოდა”-აღნიშნა, თეიმურაზ სამადაშვილის დედამ,  ლილი სამადაშვილმა.

როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოიკვლია, 2013 წლის, 18 აპრილის №2/533–12 გადაწყვეტილებით გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, თეიმურაზ სამადაშვილი ქმედუუნაროდ სცნო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე  სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ დააკმაყოფილა ლილი სამადაშვილის განცხადება და 2013 წლის 28 მაისის №04–10–04/1457 გადაწყვეტილებით დაინიშნა  შვილის, თეიმურაზ სამადაშვილის მეურვედ.
ამ ზაფხულს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №023030714005– საქმეზე ამირან საჩეჩელაშვილის და  თეიმურაზ სამადაშვილის მიმართ გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მდებარე ყოფილი ტექნიკუმის შენობიდან სეიფებისა და გისოსების ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2–ნაწილის ,,ა“ და მე-2-ე ნაწილის ,,ა“ქვეპუნქტით,  19.177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მე-3-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. მალე ორივე დაკავებული იქნა. თეიმურაზს შეფარდებული  აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა თავდებობით. 
5 აგვისტოს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის, თინათინ ზუბაშვილის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება თეიმურაზ სამადაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რადგან სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვით დადგინდა, რომ თეიმურაზ სამადაშვილი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო. დადგენილებაში მითითებულია, რომ თეიმურაზ სამადაშვილის მიმართ უნდა განხორციელდეს ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები(არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარება). სულ მალე იგი  პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს ხონში.

ხოლო, მეორე ბრალდებბულთან, რომელმაც წაიყვანა სამუშაოდ თეიმურაზ სამადაშვილი, პროკურატურამ  საპროცესო შეთანხმება გააფორმა და ის უკვე თავისუფალია.

თეიმურაზ სამადაშვილის დედისათვის კი უცნობია,  თუ რამდენ ხანს გასტანს მისი შვილის ყოფნა  ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. როგორც ახლობლები და მეზობლები ამბობენ, ლილი სამადაშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. რაც შვილი ხონის საავადმყოფოშია, ის მხოლოდ ერთხელ ინახულა, რადგან დიდ გზაზე მგზავრობა უჭირს. მაშინაც მეზობლებმა გადაწყვიტეს მის სანახავად წასვლა და დედაც წაიყვანეს.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ლია ხუროშვილმა აღნიშნა, საექიმო კომისიამ სასწრაფოდ უნდა გადაამოწმოს სამადაშვილის ჯანმრთელობა.

,, მოქმედი კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საშუალებას აძლევს საექიმო კომისიას, რომ გადაამოწმოს  თეიმურაზ სამადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მისი გათავისუფლების თაობაზე”-განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ლია ხუროშვილმა  
თეიმურაზ სამადაშვილის საქმის დადებითად გადაწყვეტის მიზნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა ოფიციალური წერილობითი მიმართვა გაუგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს. 

ახალი ამბები