კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტოლერანტობა და რელიგიური უმრავლესობის შიშები

21 ნოემბერი, 2014
 
ნათია გოგოლაშვილი

რამდენად ტოლერანტულები ვართ და იცავს თუ არა საქართველოს სახელმწიფო ერთნაირად ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის უფლებას, რელიგიის თავისუფლებას? რამდენად არიან დაცული დისკრიმინაციული მოპყრობისგან განსხვავებული ეთნოსის, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები? რამდენად არიან დაცული ქალები ძალადობისგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დამამცირებელი მოპყრობისგან?  

ეს კითხვები დასვა სახალხო დამცველმა 17 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, სადაც მან რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარმოადგინა. სახალხო დამცველი და მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ტრადიციულად წლის ბოლოს აჯამებს იმ ნაბიჯებს, რაც ამ კუთხით სახელმწიფომ  გადადგა და გამოყოფს არსებულ პრობლემებს.

2014 წლის მიღწევად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღება შეიძლება დასახელდეს. ასევე დადებით ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს გადაწყვეტილება ოთხი რელიგიური გაერთიანების დაფინანსების თაობაზე. თუმცა, ამ მიღწევებზე საუბრისას რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ ხელისუფლების მიერ რელიგიური უმრავლესობის წინაშე დაშვებულ კომპრომისებსა და სამომავლო რისკებზე.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები 

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 იანვარს მიიღო დადგენილება საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე. შედეგად, სახელმწიფომ დაფინანსება გამოუყო ოთხ რელიგიურ გაერთიანებას. ესენია: ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებები. 

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია დაფინანსების ამ მოდელის გაუმჯობესებაზე ფიქრი: „ერთი მხრივ, თავიდან უნდა ავირიდოთ დისკრიმინაციული დამოკიდებულება იმ რელიგიური გაერთიანებებისადმი, რომლებიც დაფინანსებულთა რიგებში ვერ აღმოჩნდნენ. მეორე მხრივ, სახელმწიფოს არ უნდა გაუჩნდეს ცდუნება, დაფინანსების ფაქტორი რელიგიური გაერთიანებების შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით გამოიყენოს“.

2014 წლის 7 თებერვალს მთავრობამ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება და რელიგიურ საკითხებში სახელმწიფო პოლიტიკას გაატარებს. 

რელიგიურ უმცირესობათა ნაწილი აღნიშნავს, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტო მათთან კონსულტაციის გარეშე შეიქმნა. ბექა მინდიაშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნას (რომლის ამოცანასაც წარმოადგენს რელიგიური გაერთიანებების საკითხების შესწავლა და სახელმწიფოსთვის რეკომენდაციების მიწოდება) წინ არ უძღოდა ფართო დემოკრატიული მსჯელობა ამგვარი სტრუქტურის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სააგენტოს რამდენიმეთვიანი არსებობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან არ გამოხატულა რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის ინტერესი.

2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორი უზრუნველყოფა  რასის, კანის ფერის, სქესის, მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად. 

საკანონმდებლო პაკეტის მიღებას დიდი წინააღმდეგობა უძღოდა როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში. საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მორწმუნე საზოგადოება „მომაკვდინებელი ცოდვის“ „პროპაგანდად და დაკანონებად“ მიიჩნევს, რადგანაც ის „სექსუალური ორიენტაციას“ და „გენდერულ იდენტობას“ შეიცავს დისკრიმინაციის საფუძველთა ჩამონათვალში. პარლამენტში კანონის განხილვისას ქუთაისსა და თბილისში მართლმადიდებელმა ჯგუფებმა სასულიერო პირების ხელმძღვანელობით საპროტესტო აქციები გამართეს. თუმცა, საპროტესტო აქციების მასშტაბები ბევრად ნაკლები იყო იმ ფართომასშტაბიან აქციებთან შედარებით, რაც საქართველოს საპატრიარქომ 2011 წელს გამართა, როცა სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის მიღებას შეეწინააღმდეგა.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა პარლამენტში განხილვისას დიდი გაცხრილვა განიცადა, რის შედეგადაც იგი დაკნინდა: „ანტიდისკრიმინაციული კანონი სრულიად დასაჭურისებულია. სათაურის დონეზე დარჩენილი კანონიც კი შიშით მიიღეს. ეს კანონი, ფაქტობრივად, აღარაფერს  წარმოადგენს იმის მერე, რა გაცხრილვაც განიცადა მუშაობის პროცესში. უმცირესობისათვის ყველაზე უფრო დამთრგუნველი იმის დანახვა იყო, თუ როგორ ვერ იღებდა ხმას სახელმწიფო რელიგიური უმრავლესობის წინაშე“.

სავალალო ფაქტები 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი ახორციელებს. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოლო ხანს ქობულეთსა და სოფელ მოხეში რელიგიური უმცირესობების შევიწროების ფაქტებს. 

ქობულეთში ახალგახსნილი მუსლიმური სკოლა-პანსიონის კარზე დაუდგენელმა პირებმა ღორის თავი მიაჭედეს, რასაც ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ექსტრემისტული შინაარსის აქციები მოჰყვა. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პანსიონში სწავლის პროცესი დღემდე არ არის დაწყებული. ხელისუფლებამ მუსლიმთა წარმომადგენლებთან პანსიონის სხვა ადგილას გადატანის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო იმის მაგივრად, რომ ყველა ღონე ეხმარა, რათა მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე სამართლებრივი პასუხი გაეცა. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმი მოქალაქეები რამდენიმე წელია, ამაოდ მოითხოვენ საბჭოთა პერიოდში გაუქმებული და ჩამორთმეული მეჩეთის დაბრუნებას. ოქტომბერში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ამ შენობაში ბიბლიოთეკის მოწყობის თაობაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ კი მეჩეთის დემონტაჟი დაიწყო. ამას სოფლის მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. პროცესში ჩაერთვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მუსლიმი ცემეს და დააკავეს. ამ ეტაპზე მეჩეთის დემონტაჟი შეჩერებულია. მეჩეთის შენობაზე პრეტენზია საქართველოს საპატრიარქომაც განაცხადა და აღნიშნა, რომ საუკუნეების წინ ამ შენობაში მართლმადიდებლური ეკლესია იყო, რომელიც ოსმალური ოკუპაციის პერიოდში მეჩეთად გადაკეთდა. საბოლოოდ, რელიგიის საკითხთა სააგენტომ შექმნა სპეციალური კომისია, რომლის მიზანიც მეჩეთის წარმომავლობის დადგენაა. 

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოხატავს მიმდინარე წელს რელიგიური ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევების ფაქტების თაობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავებმა ბოლომდე გამოიძიონ დისკრიმინაციის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები და დასაჯონ ის პირები, ვისაც კონკრეტულ დარღვევებში მიუძღვის ბრალი. 

„შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში, ტოლერანტობის კუთხით, პრობლემები არის, რაც გულისხმობს არაერთ ინციდენტს, განსაკუთრებით - მუსულმანური თემის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, გამოძიება ბოლომდე არ არის მისული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფომ კვლავ მიიღოს გარკვეული კანონები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ზოგადად, ქვეყანაში, შეუწყნარებლობის კუთხით,  პრობლემები არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან იყოს უფრო მეტი ნაბიჯები გადადგმული ტოლერანტობის დამკვიდრებისათვის“, - განაცხადა სახალხო დამცველომა უჩა ნანუაშვილმა. 

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ინფორმაციით, სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიება ან შეწყვეტილია, ან ჭიანურდება, ან პროკურატურა ვერ ადგენს მათში დანაშაულის ნიშნებს. „მიმდინარე წელს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ათეულობით სამართალდარღვევის შესახებ შევიტყვეთ. უმრავლეს შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ტრადიციულად, ეს საქმეები ან შეწყვეტილია, ან ჭიანურდება, ან პროკურატურა ვერ ხედავს დანაშაულის ნიშნებს. ასევე, მუსლიმთა წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული სამართალდარღვევების ფაქტების გამო, არც ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ არის მიცემული“, - განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე აღნიშნავს, რომ „2014 წელს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა. რაც დრო გადის, სიტუაცია უფრო მძიმდება. ამის ორი მიზეზი არსებობს: საზოგადოების დაბალი განათლება და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა. უპირველეს პასუხისმგებლობას დავაკისრებდი სახელმწიფოს. შემაშფოთებელია მისი ინერტულობა“.

ტოლერანტობის ქომაგები 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ტომას მორისის განცხადებით, USAID მხარს უჭერს საქართველოში ამ კუთხით განხორციელებულ პროექტებს. „ტოლერანტობა და შემწყნარებლობა გახლავთ ძირითადი ღირებულება, რაზეც ჩვენს  საქმიანობას ვამყარებთ.  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოში რელიგიურ და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების ფუნქციონირებას. ვფიქრობ, ტოლერანტობა სხვათა კულტურული ფასეულობების პატივისცემაა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ტომას მორისმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს.

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოვეს „ტოლერანტობის ქომაგები“ – ის პიროვნებები, ორგანიზაციები, მედია საშუალებები და საჯარო მოხელეები, რომლებმაც საქართველოში 2014 წელს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. 

რელიგიათა საბჭოს მხრიდან დაჯილდოვდა - ქობულეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე; საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია; ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) და ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემა „საუბარი რელიგიაზე“. ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა ისტორიკოსი გია ანჩაბაძე; გაზეთ „გურჯისტანის“ ყოფილი რედაქტორი სულეიმან სულეიმანოვი; საქართველოს პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი; საქართველოს ქალთა საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის უმცირესობების ენებზე მაუწყებლობა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა დააჯილდოვეს ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები. კერძოდ: პირველი ადგილის მფლობელი გახდა  ეკა კუხალაშვილი  „ქუთაისი პოსტ-ში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „ქართული „სტერილური“ ისტორიოგრაფია და სახელმძღვანელოები მუსლიმი მოღვაწეების გარეშე“; მეორე ადგილი წილად ხვდა გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს თამარ უჩიძეს სტატიისთვის „ბრძოლა სალოცავისთვის“; ხოლო  მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ  გელა მთივლიშვილი - კახეთის საინფორმაციო ცენტრი, სტატიით „აკრძალული ლოცვა“ და ირმა კახურაშვილი - ჟურნალი National Geographic სტატიით „მუსლიმების ქართული სახლი“.

კარგი ტრადიციაა, რომ საქართველოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. თუმცა, შეხსენებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საზოგადოება რეალურად გახდეს განსხვავებულის მიმართ შემწყნარებელი. სახელმწიფოსთვის კი, როგორც ბოლოდროინდელი შემაშფოთებელი ფაქტები გვიჩვენებს, პრიორიტეტად უნდა იქცეს უმცირესობათა დაცვა.

ახალი ამბები