კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები პრეზიდენტს უვადო პატიმრობაში მყოფი პირების საქმეების შესწავლის თაობაზე მიმართავენ

28 ნოემბერი, 2014
 
ნინო ახობაძე

25 ნოემბერს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრებო ორგანიზაციებმა  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოს პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმრების საქმეების შესწავლის თაობაზე მიმართეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისთვის“ გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ინიციატივას, უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმრების საქმეების შესწავლის მიზნით  ფართო დისკუსიის დაწყების  თაობაზე . ისინი მიიჩნევენ, რომ უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების საქმეების სესწავლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდების სიმძიმე, ჩადენილი დანაშაულით დამდგარი შედეგები და ასევე მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან სხვა გარემოებები. 
არასამთავრებო ორგანიზაციები მოუწოდებენ პრეზიდენტს, რომ უვადო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების საქმეების შესწავლისას განსაკუთრებულ გარემოებად მიიჩნიოს მართლმსაჯულების ხარვეზები.

„განსაკუთრებულ გარემოებად უნდა იყოს მიჩნეული მართლმსაჯულების ხარვეზები, რამაც, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, დიდი დაღი დაასვა სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს. ეს ხარვეზები გულისხმობდა სასამართლო ხელისუფლებაზე პროკურატურის ზეგავლენას, პოლიტიკურ მოტივებს და სხვა. ასევე უვადო პატიმართა უმრავლესობა, გასაჩივრების ვადების გასვლის გამო, მოკლებულნი არიან სასამართლოს გზით დავის გაგრძელების შესაძლებლობას, შესაბამისად, მათი გათავისუფლება ან სასჯელის  შემცირება მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთი გზაა,“ _ განაცხადა პრესკონფერენციაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა“ ნესტან ლონდარიძემ.

პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრეს თეიმურაზ შარაშენიძის საქმის შესახებ, როგორც ნესტან ლონდარიძე აღნიშნავს, ეს საქმე  მართლმსაჯულების ხარვეზებით წარმოებულ საქმეების მაგალითად გამოდგება.
თეიმურაზ შარაშენიძეს ბრალად ედება ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობა.

თეიმურაზ შარაშენიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა, პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში უამრავი დარღვევაა: „ადამიანი, რომელსაც დაპატენტებული აქვს უნიკალური გამოგონება(ლიფტებში ხუთ და ათთეთრიანებების ჩასაყრელი აპარატი) და რომელიც ამ საქმით მილიონებს ატრიალებდა და არავითარი შეხება არ ჰქონდა კრიმინალთან, თურმე 2000 დოლარის სანაცვლოდ გაურიგდა დაქირავებულ მკვლელებს, მათ ნაცვლად თვითონ შეასრულა დავალება და მოკლა ზურაბ ზუბადალაშვილი.“

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი აღნიშნავს, ამ მკვლელობაში მონაწილე პირები დაკავებულნი იყვნენ, მაგრამ საპროცესო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულმა  შეთხზა ისტორია, რომლის მიხედვით დანაშაული ზურაბ შარაშენიძეს გადააბრალა.  

არასამთავრებო ორგანიზაციებმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისთვის“ , მიმართეს შეწყალების კომისიას,  რომ დეტალურად შეისწავლოს თეიმურაზ შარაშენიძის საქმე და მიმართოს პრეზიდენტს რეკომენდაციით, რომ გამოსცეს შეწყალების აქტი კონკრეტულ საქმეებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის აღსადგენად.

ახალი ამბები