კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო დისკუსია - კონფლიქტები და კულტურათაშორისი ურთიერთობები

15 ნოემბერი, 2014
 
ნინო ახობაძე

14 ნოემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში  ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის პროექტის - „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: კონფლიქტები და კულტურათაშორისი ურთიერთობები. 

დისკუსიაზე მთავარი მომხსენებელი იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ზურაბ შენგელია. მან აფხაზეთში დღესდღეობით არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. მეორე მომხსენებელმა - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, ამპელოგრაფმა ვაჟა გოცირიძემ ისაუბრა ვაზის აფხაზური ჯიშების შესახებ და ასევე მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ქართველებისა და აფხაზების საერთო კულტურულ ღირებულებებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა დისკუსიის დასაწყისში აფხაზი და ქართველ ხალხების ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრა. „საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით ერთ მიწაზე და ამიტომ ზოგიერთი ტრადიცია და კულტურული ნიშანიც ერთი გვაქვს. მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ ღვინის კულტურა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები. დღევანდელ ვითარებაში, როცა აფხაზ ხალხს ემუქრება ასიმილაცია, ხოლო აფხაზური კულტურა საფრთხის ქვეშაა, ქართველ ხალხს აქვს ისტორიული და სახელმწიფოებრივი ვალდებულება, დაიცვას აფხაზი ხალხი და აფხაზური კულტურა“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ზურაბ შენგელიას  თქმით, აფხაზეთში  ამჟამად სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობაა. დაახლოებით 450 000 ადამიანისაგან შემდგარ აფხაზურ ეთნოსში მოსახლეობის კლებადობა წელიწადში 2500 ადამიანია, რაც კატასტროფის ტოლფასია. მისივე ინფორმაციით, აფხაზეთში თითქმის მთლიანად განადგურებულია კულტურული მემკვიდრეობა, ხოლო ჯანდაცვის სისტემა საერთოდ არ არსებობს და აფხაზები სამკურნალოდ ხშირად ჩამოდიან თბილისში.

ვაჟა გოცირიძემ  აღნიშნა, რომ აფხაზეთის სოფლის მეურნეობამ, კონფლიქტების შედეგად, დიდი დანაკლისი განიცადა: „აფხაზეთში მიტოვებულია სოფლის მეურნეობა. დაფინანსება არ არის. ბაზარიც შეზღუდულია. გადამამუშავებელი მრეწველობა მოშლილია. არც თამბაქოს და არც ჩაის გადამუშავება აღარ ხდება. ეს ყველაფერი, ცხადია, ეკონომიკურ კრიზისს იწვევს. მომავალში, ქართულ-აფხაზური დაახლოების პროგრამით, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ აღადგინონ ნაყოფიერი სოფლის მეურნეობა. მათ აკლიათ სპეციალისტები და ვისურვებდი, რომ შემუშავდეს რაიმე პროგრამა, რომ აფხაზი სპეციალისტები ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გაიზარდონ“.

ვაჟა გოცირიძე დევნილია. წარსულში მან გუდაუთაში გააშენა ვაზის აფხაზური ჯიშების ამპელოგრაფიული კოლექცია, სადაც დაცული იყო უნიკალური ვაზის ჯიშები: ავასირხვა, ამლახუ, კაჭიჭი და მრავალი სხვა. ამ ჯიშების დიდი ნაწილი ამჟამად მხოლოდ ქართულ კოლექციებშია დაცული, მათ შორის - საგურამოს კოლექციაში, რომელიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გაშენდა. საჭიროა ვაზის ამ ჯიშების დაცვა, გამრავლება და საწარმოო ვენახების გაშენება, განსაკუთრებით კი - აფხაზეთში ან დასავლეთ საქართველოს სხვა მეზობელ რეგიონებში, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ჯიშების გამოყენება მეღვინეობაში.

როგორც დებატებისას აღინიშნა, ადამიანის უფლებათა ცენტრის, ღვინის კლუბის, ქართული ვაზის ფონდისა და ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის ინიციატივით,  სამეგრელოში იგეგმება „მშვიდობის ვენახის“ გაშენება, სადაც გვერდიგვერდ იქნება დაცული როგორც უძველესი აფხაზური ვაზის ჯიშები, ისე სამეგრელოსა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების იშვიათი ვაზის ჯიშები. 

„ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ამ ვენახიდან დავწუროთ ღვინო და ამ ღვინით დავაინტერესოთ არა მარტო აფხაზები, არამედ მეღვინეობის დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ვგეგმავთ, ასევე, მშვიდობის ვენახში გამოყვანილი ვაზის ნერგები გავავრცელოთ როგორც ადგილობრივ გლეხებში, ისე აფხაზეთშიც. აფხაზებს მევენახეობის მხრივ დიდი ისტორია ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტრადიციები დღეს დაკნინებულია. აფხაზეთში ახლა მეღვინეობაში გამოიყენება ჰიბრიდული ვაზის ჯიში იზაბელა (ადესა), რომლის გამოყენებაც ევროპული კანომდებლობით, მეღვინეობაში დაშვებული არ არის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მევენახეობის უძველესი ტრადიციების გაცოცხლებას და მაღალხარისხიანი ღვინოების მომცემი აფხაზური ვაზის ჯიშების გავრცელებას. ასეთი ჯიშებია, პირველ რიგში - ავასირხვა, კაჭიჭი და ამლახუ. თავის დროზე სხვა ჯიშებიც შესწავლილი იყო და საჭიროა ამ კვლევების გაგრძელება და შესაბამისი მიგნებების გამოყენება მეღვინეობაში“, - განაცხადა ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, ზაზა გაგუამ.

დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოში არსებული ეთნოკონფლიქტების მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, იმედი გამოთქვეს, რომ ყველა ხიდი ჯერ კიდევ არ არის ჩატეხილი და კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებით შესაძლებელი იქნება ნდობის აღდგენისა და შერიგების მიღწევა.

ახალი ამბები