კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იეჰოვას მოწმეთა დევნის ფაქტებზე სახელმწიფო თვალს ხუჭავს

11 დეკემბერი, 2014
 
ნათია გოგოლაშვილი

რელიგიური რიტუალების ადგილებზე თავდასხმები, საზოგადოებრივი ზეწოლა და ძალადობა, დისკრიმინაცია, დევნა და შეურაცხყოფა - იეჰოვას მოწმეთა უფლებები საქართველოში ისევ ირღვევა. იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის 53 ფაქტი დაფიქსირდა. 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი - 25 ფიზიკური თავდასხმის ფაქტი, აქედან ერთ-ერთი შემთხვევის დროს,  მძიმე ტრამვის შედეგად, ადამიანი გარდაიცვალა. 

ადვოკატი მანუჩარ ციმინტია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სამართალდამცავების მხრიდან იეჰოვას მოწმეების მიმართ არაეთიკურ დამოკიდებულებას ასახელებს. „სამართალდამცავები დიდ ზეწოლას ახდენენ მორწმუნეებზე, რელიგიური ნიშნით დევნიან. ხშირია ფაქტები, როცა მათი მხრიდან ხდება ჩვენი მრევლის დამცირება, დაშანტაჟება, იძულება, ჩვენების გამოძალვა და ა.შ. ისინი ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფენ სწრაფი და ეფექტური გამოძიების წარმართვას და მხოლოდ დამნაშავეთა სიტყვიერი გაფრთხილებებით შემოიფარგლებიან“, - აცხადებს მანუჩარ ციმინტია. ადვოკატის თქმით, ამგვარი ფაქტები ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით მომრავლდა.

გელა ტატიაშვილი საქართველოში რელიგიური უმცირესობის, იეჰოვას მოწმეების მიმდევარია. 2014 წლის 4 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში, როცა იგი და სხვა მორწმუნეები რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე პატრული გამოიძახეს და დაზარალებულები განყოფილებაში გადაიყვანეს. გელა ტატიაშვილის თქმით, დაკითხვის დროს გამომძიებელი მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

„მთელი დაკითხვის განმავლობაში გამომძიებელი ცდილობდა ჩემზე ზეწოლას და ფაქტების დამახინჯებას. არ უნდოდა, დაფიქსირებულიყო, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს და რომ ფაქტი რელიგიური მოტივით იყო ჩადენილი. გამომძიებელი მაგიდაზე ხელის ბრაგუნით მაიძულებდა, ხელი მომეწერა მისთვის სასურველ ჩვენებაზე, რაზეც მე არ ვიყავი თანახმა“, - ვკითხულობთ გელა ტატიაშვილის მიერ დაწერილ ახსნა-განმარტების წერილში.

ადვოკატ მანუჩარ ციმინტიას განცხადებით, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ასეთი ქმედებით, პოლიცია ხელს აფარებს დამნაშავეებს და ხელს უწყობს რელიგიური დაპირისპირების ნიშნით განხორციელებულ კრიმინალურ ქმედებებს“, - აცხადებს მანუჩარ ციმინტია.

იურისტ მელანო გაბიანის განმარტებით კი, სამართალდამცავ ორგანოებს არ სურთ რელიგიურ ნიდაგზე დისკრიმინაციის ფაქტის დაფიქსირება, რადგან ეს სტატისტიკაში  რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევად აისახება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე 156-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. 

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან არაეთიკურ მოპყრობაზე მეტყველებს, ასპინძაში მომხდარი შემთხვევაა. იეჰოვას მოწმე ლელა შველიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც „ცემას ან სხვაგვარ ძალადობას“ გულისხმობს. ბრალდებულის თქმით, მისი მეზობელი ზინა ზედგინიძე-ნინუა თვითონ მიიჭრა მასთან სახლში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „მას არაერთხელ ვულანძღივარ ჩემი რელიგიური მრწამსის გამო, არაერთხელ უთქვამს ჩემი შვილებისთვის, რომ ცუდ გზას ვადგავარ“, - აცხადებს ლელა შველიძე. ზინა ნინუასგან შველიძეების ოჯახის შევიწროვების ფაქტებს კი მეზობლებიც ადასტურებენ. ზინა ნინუა კი ირწმუნება, რომ ლელამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შველიძეების ოჯახისგან შევიწროვების მსხვერპლია. საქმეში მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მოწმე არსებობს, რომელმაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტს არ შესწრებია და ჩვენებაზე ხელი ნასვამ მდგომარეობაში მოაწერინეს. 

„ამ საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურა უხეშად ეპყრობოდა დაზარალებულებს. მათ რელიგიის გამო ამცირებდნენ. ჩვენი მრევლის ქალბატონს განრიდება შესთავაზეს. ამ ვითომ დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზეც მიიტანა იერიში იეჰოვას მოწმე ქალბატონზე“, - აცხადება მანუჩარ ციმინტია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ლელა შველიძის სასამართლო პროცესს მონიტორინგს უწევს. თემაზე მომზადდა სტატია (http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=18002&lang=geo).

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა  მინდიაშვილის თქმით, პროკურატურა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ სამართალდარღვევების ფაქტებზე  დანაშაულის ნიშნებს ხშირად ვერ ხედავს. „მიმდინარე წელს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ათეულობით სამართალდარღვევის შესახებ შევიტყვეთ. უმრავლეს შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ტრადიციულად, ეს საქმეები ან შეწყვეტილია, ან ჭიანურდება, ან პროკურატურა ვერ ხედავს დანაშაულის ნიშნებს“, - აცხადებს ბექა მინდიაშვილი.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც იეჰოვას მოწმეები საუბრობენ, გამგეობების მხრიდან სალოცავი სახლების მშენებლობაზე ნებართვის გაუცემლობაა. მაგალითად, თერჯოლაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარემ მშენებლობის ნებართვა შეაჩერა. მანუჩარ ციმინტიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების  საფუძველი მართლმადიდებელი მრევლის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა გახდა. 

„მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მათი მრევლის ზოგიერთი წევრის მხრიდან ზეწოლის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  მშენებლობის ნებართვა შეაჩერა. კოდექსით გათვალისწინებული ყველა ნორმა არის დარღვეული“, - აცხადებს მანუჩარ ციმინტია. 

კანონის დარღვევაზე საუბრობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე.  მისი თქმით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მართლმადიდებლების სასარგებლოდ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო. „ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კერძო მესაკუთრემ შეიტანა განცხადება, რომ სამეფო დარბაზის მშენებლობა ზიანს აყენებდა მის საკუთრებას. მისი საჩივრის საფუძველზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეაჩერა მშენებლობის ნებართვა. ეს ფაქტი იყო უკანონო, რადგან კანონის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი ავტომატურად არ აჩერებს მშენებლობის ნებართვას. არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც სამეფო დარბაზის მშენებლობით კერძო მესაკუთრეს ზიანი არ ადგება. თუმცა, ამ დრომდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და მშენებლობა შეჩერებულია“, - აცხადებს თამთა მიქელაძე. 

იურისტ მელანო გაბიანის თქმით, თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა შეურაცხყოფის ფაქტები მას შემდეგ გახშირდა, რაც მუნიციპალიტეტმა მშენებლობის ნებართვა შეაჩერა. „ყველაფერი მიდის იქამდე, რომ დეკემბრის ბოლომდე იყოს ნებართვა შეჩერებული, რადგან დეკემბერში მშენებლობის ნებართვას ვადა ისედაც გადის და თავიდან მოგვიწევს ახალი ნებართვის მოპოვება. მშენებლობის გაუქმება ძალიან ბევრმა აღიქვა მწვანე შუქის ანთებად იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. იფიქრეს, რომ თითქოს მათ არ აქვთ ქადაგების უფლება, სახლის შენების უფლება. შედეგად, თერჯოლაში გახშირდა იეჰოვას მოწმეთა შეურაცხყოფის, დევნისა და მუქარის ფაქტები“, - ამბობს მელანო გაბიანი.

იეჰოვას მოწმეთა თქმით, გახშირდა ქუჩაში სტენდით რელიგიური მსახურების დროს მათი შეურაცხყოფის ფაქტები.

2014 წლის 17 ივნისს, ქუთაისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე იმყოფებოდნენ იეჰოვას მოწმეები ბაჩანა ჯანიაშვილი და გრიგოლ ბესიაშვილი. მათი რელიგიური კუთვნილების გამო ქუჩიდან დაუწყეს გინება და ლანძღვა. ბაჩანა ჯანიაშვილს სახეში ჩაარტყეს მუშტი, რის გამოც მას გაუტყდა ცხვირი და გადაიყვანეს საავადმყოფოში. 25 აგვისტოს მას გაუკეთეს ოპერაცია. ოპერაციიდან 3-4 საათის შემდეგ ბაჩანა ჯანიაშვილს გაუჩერდა გული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. 29 აგვისტოს იგი გარდაიცვალა. სასამართლომ დამნაშავეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის საფუძველზე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია) 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

სახალხო დამცველის აპარატი თვალს ადევნებს საქართველოში იეჰოვას მოწმეთა უფლებრივ მდგომარეობას. ომბუდსმენის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის მხრიდან, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველთან 17 განცხადება შევიდა. „8 იეჰოვას მოწმეთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს შეიცავს, 1 - მუქარის, 6 - იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზების დაზიანების და ორი - ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გადავადებისა და სამსახურიდან სასულიერო პირთა დათხოვნის შესახებ მოგვითხრობს. 8-დან 6 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება 156-ე (დევნა), 155-ე (რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა), 125-ე (ცემა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ორ შემთხვევაში პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, ერთ შემთხვევაში 125-ე (ცემა) მუხლით (განესაზღვრა ჯარიმა) და მეორე შემთვევაში, 156-ე (დევნა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვით, 2013-2014 წლებში იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები გაზრდილია. ამის მიზეზად იგი სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტურ გამოძიებასა და პოლიტიკური ნების უქონლობას ასახელებს. 

„სახელმწიფო რელიგიური უმცირესობების მიმართ არის რეპრესიული. თუ რელიგიური მოტივით დანაშაულს დომინანტური ჯგუფი ჩადის, სახელმწიფო ეფექტურ გამოძიებას არ ახდენს, არ სჯის კონკრეტულ პირებს, გამოძიების პროცესი ჭიანურდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად შეუწყნარებლობის მიმართ ლოიალურები შსს-ს თანამშრომლები არიან. საქმეების გამოძიება ხდება არა პროკურატურის მხრიდან, არამედ თავად შსს-ს გენინსპექციის მხრიდან, რაც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპს არღვევს. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა თავად ძალადობის თვისობრიობაც. ბოლო პერიოდის ქეისების მონიტორინგი აჩვენებს, რომ ძალადობას საჯარო და კოლექტიური ხასიათი აქვს“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებულ უკანონობებზე, ასევე სამართალდამცავების მხრიდან გამოძიება წარიმართოს იმ კონკრეტული მუხლებით, რომლებიც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, დევნას, რელიგიური რიტუალებისთვის ხელის შეშლას ითვალისწინებს.

ახალი ამბები