კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭელა და მოხე - რელიგიური დაპირისპირების ორი საშიში კერა

19 დეკემბერი, 2014
 
ნათია გოგოლაშვილი

„ჭელის ექსცესებმა გამოიწვია მოხის ექსცესები“, - ასე აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში განვითარებულ მოვლენებს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე. მისი თქმით, თუ ხელისუფლება პრობლემას სამართლიანად არ გადაწყვეტს, მოვლენები კიდევ უფრო დაიძაბება. მართლმადიდებელი მოქალაქეები, თავის მხრივ, „თურქული ექსპანსიის საფრთხეზე“ საუბრობენ და აცხადებენ, რომ „ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება, სისხლი დაიღვაროს“. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ჩავიდა და საქმის დეტალებს გაეცნო.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუსლიმი მრევლის უმრავლესობა ძირითადად ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს - დაახლოებით 1500 კომლი. ადიგენის მუნიციპალიტეტში არის ყველაზე მეტი - 7 მოქმედი მეჩეთი, ასპინძაში - 2, ახალქალაქში - 2. ბოლო დროს განსაკუთრებული პრობლემებით ადიგენის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მართლმადიდებელ და მუსლიმ მოქალაქეებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. 

სოფლები ჭელა და მოხე ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. ამ სოფლებში გასული საუკუნის 40-იან წლებში რაჭიდან მართლმადიდებელი ოჯახები ჩამოასახლეს და შუა აზიაში დეპორტირებული მაჰმადიანი მესხების სახლებში შეასახლეს. შემდგომ წლებში ამ სოფლებში მოსაზღვრე რეგიონიდან - აჭარიდან ეკომიგრანტი მუსლიმებიც ჩამოსახლდნენ. საბჭოთა ათეიზმის პირობებში წირვა-ლოცვა მართლმადიდებლებისთვის და მუსლიმებისთვის ერთნაირად აკრძალული და შეზღუდული იყო. საბჭოთა პერიოდის შემდეგ კი მორწმუნეებმა დაიწყეს ეკლესიებისა და მეჩეთების აღდგენა ან ახლის მშენებლობა. ორივე რელიგიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში შემორჩენილია მათი ისტორიული სალოცავები. 

ჭელის მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის თქმით, სახელმწიფო უხეშად ცდილობს, მართოს რელიგიური უმცირესობები და ძალადობრივ პოლიტიკას ატარებს: „ხელისუფლებაში მუშაობენ არაკომპეტენტური ადამიანები. სახელმწიფო ვერ აანალიზებს, ქვეყანაში რა პროცესები მიმდინარეობს. ხელისუფლებას უნდა, რომ ძალადობით თავისი პოლიტიკა გაატაროს. ძალადობას კი ხალხი არ მიიღებს. ზეწოლა იყო მუფთზე, როგორც წინა ხელისუფლების, ისე ახალი ხელისუფლების პერიოდში. სახელმწიფო უხეშად ერევა სამუფთო სამმართველოს მუშაობაში“.

ჭელა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა მინარეთის დემონტაჟი განახორციელა. მინარეთის დემონტაჟის ფორმამ და შექმნილმა კონფლიქტურმა ვითარებამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრის შეშფოთება გამოიწვია. დემონტაჟის ოფიციალური მიზეზი მინარეთის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობა იყო. სამცხე-ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის თქმით, სინამდვილეში დოკუმენტაცია სრულ წესრიგში იყო. 

„მინარეთი თურქეთში დავამზადებინეთ, საზღვარზე განვაბაჟეთ და ჭელაში 2013 წლის 14 ივლისს მოვიტანეთ. აქ მერე ერთი კვირა ვამზადებდით დასამონტაჟებლად. არავის მხრიდან  პრობლემა არ ყოფილა. მინარეთის დამონტაჟება როცა დასრულდა, ნახევარ საათში მოვიდნენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები. ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. მიგვიყვანეს ახალციხის უსაფრთხოების სამსახურში. „მოჭერით ეს მინარეთი და თქვენს აჭარაში გადააგდეთ“, - ასე უხეშად გველაპარაკებოდნენ. მე და ჯამბულ აბულაძე არაოფიციალურად დაგვკითხეს. ჩემ მიმართ იყო ძალდატანება, რომ მინარეთი დამეშალა, რასაც არასოდეს დავთანხმდებოდი. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ამას ვერ დავამტკიცებ, რადგან დაკითხვისას მარტო ვიყავი. ცალკე ოთახში შემიყვანეს და მითხრეს, თუ 2-3 საათში მინარეთის დემონტაჟს არ მოვახდენდი, ამას თავისი ძალით გააკეთებდნენ. პასუხისმგებლობას კი მე მაკისრებდნენ. ამ ძალადობაში უხეშად ერეოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, აკაკი მაჭუტაძე, რომელიც ამჟამად მხარის გუბერნატორია“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე.

მამუკა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ იგი რამდენჯერმე გამგეობაშიც დაიბარეს, სადაც ასევე აიძულებდნენ, მოეხდინა მინარეთის დემონტაჟი. ერთთვიანი უშედეგო ზეწოლის შემდეგ, 2013 წლის 26 აგვისტოს, ჭელაში მოულოდნელად სპეცრაზმის თანხლებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებიჩავიდნენ და მინარეთის დემონტაჟი დაიწყეს.  

„ჭელის მეჩეთი ჩემზეა გაფორმებული. იმ დღეს სახლიდან გამომიყვანეს და ტელეფონი სახლში დამატოვებინეს, არავის რომ არ დავკავშირებოდი. მითხრეს, ეს მეჩეთი შენი საკუთრებაა და უშენოდ ჭიშკარში შესვლის უფლება არ გვაქვსო. უნდა მოხვიდე, ჭიშკარი გავხსნათ და დემონტაჟი მოვახდინოთო. მე შესვლის უფლება არ მივეცი. მათ მაინც გააღეს და დაიწყეს მინარეთის დემონტაჟი“, - იხსენებს ჭელის მეჩეთის მრევლი, დავით ჩოგაძე. 

მინარეთის დემონტაჟის გასაპროტესტებლად მეჩეთთან მუსლიმები შეიკრიბნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ჭელაში მინარეთთან მისასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ, რასაც მუსლიმი მრევლის აღშფოთება და ძალოვანებთან კონფლიქტი მოჰყვა. 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის 22 მონაწილე დააკავეს, ხოლო, მოგვიანებით, 13 პირი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულთაგან 6 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო 3 პირს სისხლისსამართლებრივი, რომლებსაც რამდენიმე თვის შემდეგ ბრალი მოეხსნათ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტი ანგარიშში.

მუსლიმების განმარტებით, შსს-ს თანამშრომლები აგრესიულად იყვნენ განწყობილები. ჭელის მეჩეთის მრევლი, ოთარ მარკოიძე ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას იხსენებს: „ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს. იმდენი შევძელი, რომ სახე ხელებით დავიფარე. ნამდვილად ერთი სიკვდილი ვნახე. შემდეგ ხელები გადამიგრიხეს, გამათრიეს და მანქანაში წიხლებით შემტენეს. სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენეს. თათარს მეძახდნენ. ტანსაცმელი დახეული მქონდა“.

მინარეთის დემონტაჟს დიდი რეზონანსი მოჰყვა. 26 აგვისტოს მომხდარი ინციდენტით უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობროვი არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მინარეთის შემოტანისას დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში და ამ პრობლემის შესწავლის მიზნით საჭირო იყო მინარეთის დემონტაჟი და მისი გადატანა თბილისში, რის შემდეგაც მას მალევე დააბრუნებდნენ. მართლაც, მინარეთი ადიგენის მუნიციპალიტეტში სამ დღეში დააბრუნეს და დაასაწყობეს. 2013 წლის 27 ნოემბერს კი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჭელაში მინარეთის კონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა გასცა და მინარეთიც თავის ადგილს იმავე ღამით დაუბრუნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მინარეთის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი.

„დოკუმენტაცია თავიდანვე იყო სრულად გამართული. 3175 ლარი გადავიხადეთ სახელმწიფო ბიუჯეტში, როცა მინარეთი თურქეთიდან საზღვარზე გადმოვიტანეთ. თუმცა, როგორც შემდეგ გავარკვიეთ, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკულტო ნაგებობები არ იბეგრება. საბაჟოზე კი მინარეთს „მობილური სახლის“ სტატუსი მიანიჭეს და შესაბამისად, ფული არაკანონიერად გადაგვახდევინეს. ჩვენ ახლა ამაზე ვდაობთ - სასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი, მაგრამ საქმე დღემდე ჯერ არ განხილულა“, - ამბობს ჯამბულ აბულაძე ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.

სახალხო დამცველის შეფასებით, სოფელ ჭელაში განთავსებული მინარეთის დემონტაჟი მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს და  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უგულვებელყოფით განხორციელდა. „სწორედ სასაქონლო კოდის სისწორის დადგენა გახდა მინარეთის დემონტაჟის ოფიციალური საფუძველი. დემონტაჟის შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, საქონელს (მინარეთს) მიენიჭა კოდი, რომელიც „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბერს დადებული საერთაშორისო შეთანხმების მე-4 და მე-16 მუხლების თანახმად, თუკი წარმოშობილი იყო თურქეთის რესპუბლიკაში, გათავისუფლებული იყო იმპორტის გადასახადისაგან, რაც ი.მ. ჯ.ა.-ს მხრიდან დარღვევას გამორიცხავდა. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნდა კანონისმიერი უფლებამოსილება, განეხორციელებინა მინარეთის დემონტაჟი“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

მუსლიმი მოსახლეობის თქმით, მინარეთი 27 ნოემბერს შუაღამისას დაზიანებული დაზიანებული დააბრუნეს, რამდენიმე საათში დადგეს და გათენებისას ფოტო გადაუღეს. როგორც ამბობდნენ, ფოტო 28 ნოემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე უნდა გაეგზავნათ, იმის დასამტკიცებლად, რომ რელიგიური უმცირესობასთან წარმოქმნილი პრობლემა აღმოიფხვრა. მინარეთის დამონტაჟებისას ადგილზე მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი გამოჩნდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მართლადიდებელთა უფლებები ილახება.
„სამხრეთის კარიბჭის“ ფოტო: 2013 წლის 27 ნოემბერი, სოფელი ჭელა. მინარეთის დამონტაჟებისას ადგილზე მართლადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი გამოჩნდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მართლადიდებელთა უფლებები ილახება.

„მინარეთის დამონტაჟებას პოლიცია ხელმძღვანელობდა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი არ მოგვაწერინეს. მინარეთის კონსტრუქციის ზოგიერთი დაზიანებული ნაწილი შემდეგ თვითონ შევაკეთეთ, რაც დამატებით 2500 ლარი დაგვიჯდა. როგორც ხედავთ, მინარეთზე კიდევ პლასტმასის ფირფიტებია ადგილ-ადგილ ამოტეხილი, რასაც ფიზიკურად ვერ შევაკეთებთ. ეს ფირფიტები მთლიანად შესაცვლელია. ზარალის ანაზღაურებაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. ეს თემა არც კი განხილულა“, - აცხადებს ჯამბულ აბულაძე.

მოხე

ადიგენის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი დაპირისპირების კერა სოფელი მოხეა, სადაც მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა სოფლის ცენტრში არსებული შენობის წარმომავლობაზე დაობს. პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით თავი 2014 წლის ოქტომბერში იჩინა. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სადავო შენობაში ბიბლიოთეკის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ვითარება განსაკუთრებით 22 ოქტომბერს დაიძაბა, როდესაც შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშები გამოჩნდნენ შენობის დასაშლელად, რაც  მუსლიმმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. სამართალდამცავებმა შენობის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რათა მუშებს თავისუფლად ემუშავათ. ამას მუსლიმი მრევლის მღელვარება მოჰყვა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ძალა გამოიყენა. დაპირისპირებისას პოლიციის ავტომანქანები დაზიანდა.

„მოხის ექსცესებამდე გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ დაგვიბარა მე და მამუკა ვაშაყმაძე. ეს შეხვედრა კი არა, ქურდული გარჩევა იყო. შევედით თუ არა, გვითხრა - რასაც მე ვიტყვი, ყველაფერი ისე იქნებაო. უხეშად გვესაუბრებოდა, ხელებს აბრახუნებდა მაგიდაზე. ჩვენ დავტოვეთ კაბინეტი. რა თქმა უნდა, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. მეორე დღეს ხალხმა პრემიერთან გაგვაგზავნა პასუხის მისაღებად. გზაში ვიყავით, როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ შენობის დემონტაჟს იწყებდნენ. ხალხმა მეჩეთთან დაიწყო შეკრება“, - განაცხადა ჯამბულ აბულაძემ.

მეჩეთის მრევლის წარმომადგენელი, ფრიდონ აბაშიძე აქციაზე იმყოფებოდა. იგი სამართალდამცავების მხრიდან უხეშ მოპყრობაზე ამახვილებს ყურადღებას. „მრევლმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ დროებით შეეწყვიტათ შენობის დემონტაჟი, მაგრამ არავის ნათქვამი არ გაითვალისწინეს. 14 კაცი დააკავეს. პოლიციელები დაკავებულებს მანქანაში ტენიდნენ, წიხლებს ურტყამდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ ეს ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაიღო, მაგრამ მათ პოლიციელებმა აპარატები დაუმტვრიეს. ჩვენი ხალხი, მართალია, აღელდა, მაგრამ ფიზიკური დაპირისპირება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, - ამბობს ფრიდონ აბაშიძე.

სამართალდამცავებმა აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 14 მუსლიმი დააკავეს. სამს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალი წაუყენეს, ხოლო თერთმეტს ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდეს და ჯარიმა - 250 ლარი დააკისრეს. მეორეს დღეს აქციის სამი მონაწილე ბრალის წარდგენის საფუძვლის არარსებობის გამო გათავისუფლდა.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან კონკრეტულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. დააკავეს რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე, რომლებსაც ფიზიკური დაზიანებაც მიადგათ. სახალხო დამცველი ამ ინცინდენტის გამოძიებას ითხოვს.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, თამთა მიქელაძის განცხადებით, გამოძიება არასამართლიანად მიმდინარეობს, რადგან  შსს-ს თანამშრომლების სამართალდარღვევის ფაქტებს ისევ შსს იძიებს: „ჩვენი ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავს და  შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და უკანონო დაკავებების ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ პროკურატურამ საქმე ისევ შსს-ს დაუბრუნა და ახლა შსს-ს თანამშრომლების სამართალდარღვევის ფაქტებს ისევ შსს იძიებს, რაც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპს არღვევს“.

ჯამბულ აბულაძის თქმით, მოხის სადავო შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადმოცემას მუსლიმები წლებია, ითხოვენ. „მოხის მეჩეთთან დაკავშირებით ისტორია დაახლოებით 2000 წლიდან იწყება. შენობის გადაცემას მუსლიმთა სამმართველოსთვის აპირებდნენ. ვინაიდან ეს შენობა მეჩეთი იყო, გვინდოდა, თავის პატრონს დაბრუნებოდა. არ შეიძლებოდა მეჩეთის იმ ყოფაში გაჩერება, რა ყოფაშიც ახლა შენობაა - გაპარტახებულია, არც კარ-ფანჯარა, არც სახურავი აქვს. საქონელიც შედიოდა და მეჩეთს აბინძურებდა. ჩვენთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო. ადიგენის გამგეობისგან ამ შენობის გადმოცემას ვითხოვდით, მაგრამ უარს ვიღებდით. სულ გვპირდებოდნენ, რომ ეს პრობლემა უახლოეს ხანებში მოგვარდებოდა, მაგრამ დრო გადიოდა და პრობლემა პრობლემად რჩებოდა“, - ამბობს ჯამბულ აბულაძე. 

მოხის სადავო შენობასთან გამოკრულ ბანერზე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს შენობის რეაბილიტაცია. თუმცა, მუსლიმები აცხადებენ, რომ სინამდვილეში შენობის დემონტაჟი იყო დაგეგმილი, რაზეც მათ პროტესტი გამოხატეს.
განსხვავებული პოზიცია აქვთ მოხის მართლმადიდებელ მოსახლეობას. 
ჩვენთან საუბრისას, ისინი აცხადებენ, რომ ამ შენობაში არასოდეს ყოფილა მოქმედი მეჩეთი. კომუნისტების დროს შენობაში კლუბი იყო და ამიტომ ახლაც საერთო სარგებლობის ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს. 

ციალა რეხვიაშვილი, მოხის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი: „ამ რეგიონში 300 წელიწადი თურქეთი ბატონობდა. ჩვენ ვიყავით პირველი ქრისტიანები, ვინც აქ რაჭიდან ჩამოგვასახლეს. ეს შენობა ასე დაუმთავრებელი დაგვხვდა. აქ არასოდეს ჩატარებულა არც ჩვენი სარწმუნოებით ლოცვა და არც მუსლიმების ლოცვა. აქ ძალიან ბევრი ნაეკლესიარია და ერთსაც არა აქვს ფასადზე ქვა. სად წავიდა ეს ქვები, თუ არა ასეთები?! დააცალეს ყველა ეკლესიას ქვები და აშენებდნენ ამნაირებს. ამის შენობის აშენებაც ასე დაიწყეს გასული საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ ვერ დაასრულეს. ჩაატარონ ექსპერტიზა და დარწმუნდებიან, რომ ეს შენობა არასოდეს ყოფილა დასრულებული და შესაბამისად, არც მოქმედი მეჩეთი. მოიწვიონ კომისია და დაადგინონ სიმართლე. თუ ეკლესიის ქვა არის, საპატრიარქომ წაიღოს და მოიხმაროს. ქრისტიანების დამცველი არავინ გამოჩნდა, რომ დაგვიცვას. 1942 წლიდან ჩამოსახლებულები ვართ და წელს გვიშენებენ სოფელში ეკლესიას“.

ალექსი კობიაშვილი: „მალე თურქული რელიგიური ექსპანსია მოხდება. დიდი ხანი ცდა არ უნდა. თურქები თანხას იმისთვის ხარჯავენ, რომ გააძლიერონ აქაური მუსულმანობა. რელიგია უკვე პოლიტიკურ დონეზეა ასული. თანხები შემოდის თურქეთიდან, მაგრამ ამას ვერ დავამტკიცებ. ფაქტი არა მაქვს. ეგ სახელმწიფოსა და უშიშროების საქმეა.  ერთი მეჩეთი რომ აშენდეს და მოეწყოს, სულ მცირე, 100 ან 200 ათასი ლარი ხომ მაინც არის საჭირო?! ახლა 200 000 გაყავით 30 ოჯახზე, რამხელა თანხა გამოდის. ამხელა თანხის აგროვებას ერთი სოფლის 30 ოჯახი შეძლებს?“

პაატა ბლიაძე: „ეს არის ეკლესიის ქვით აშენებული შენობა. თან ეს არის საერთო შენობა. ჩვენ ეკლესია და მონასტერი არ გვქონდა, მაგრამ ამათ ანგარიში გავუწიეთ, პატივი ვეცით და საპატრიარქოს ან მთავრობას არ მოვთხოვეთ ამ შენობის ქვების გადმოცემა. მუსლიმები სულ გვეუბნებოდნენ, შენობა გადავხუროთო. ჩვენ მეჩეთი უკვე გვაქვს და სოფელში ორი მეჩეთი არ შეიძლებაო. უბრალოდ, გადაიხუროს, რომ არ დაინგრესო. თან თუ ეკლესიის ქვა არის, ხომ მაინც სუფთად შეინახებაო. ამ ბოლო დროს კი აშკარად გამოიკვეთა, რომ მეჩეთად უნდათ. ჩვენი ბაბუები რომ ჩამოვიდნენ, ეს შენობა ზუსტად ასე დახვდათ. მაჰმადიან მესხებს აქ შენახული ჰქონდათ მარცვლეული და შენობაც გადახურული იყო, რათა მარცვლეული არ დასველებულიყო. ამ შენობაში არასოდეს არანაირი ლოცვა არ ჩატარებულა. საბჭოთა პერიოდში იყო კლუბი. მუსულმანებიც და ქრისტიანებიც შედიოდნენ, ცეკვავდნენ, კონცერტს ატარებდნენ. სხვაგან ააშენონ მეჩეთი, წინააღმდეგობას არ გავუწევთ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის, „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში’’ კოორდინატორის, ნინო ცაგარეიშვილის შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში შეიმჩნევა სიძულვილის ენის ნიშნები მუსლიმი მოსახლეობის მიმართ, რაც გამოიხატება მათ მიერ გამოყენებულ დამამცირებელ ტერმინებსა და დისკრიმინაციულ გამონათქვამებში.

მუსლიმების თქმით, შეუძლებელია, მუსლიმმა ეკლესია დაშალოს და ქვები მეჩეთის მშენებლობისთვის გამოიყენოს, რადგან ეს შარიათის კანონს ეწინააღმდეგება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, თამთა მიქელაძის თქმით, შენობას მეჩეთის კონსტრუქცია აქვს და მნიშვნელობა არა აქვს, რა ქვითაა ნაშენები. „ჩვენ ჩავედით შემთხვევის ადგილზე და ვნახეთ, რომ ამ შენობას აქვს მინარეთის ასასვლელი, მონიშნულია ის ადგილიც, საიდანაც მოლა რიტუალს ატარებს. იგი მექას მიმართულებით არის აშენებული. ასევე, შენობის ეზოში არის მუსლიმთა სასაფლაო. ერთი შეხედვით, შენობას მეჩეთის კონსტრუქცია აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ექსპერტული შესწავლა სჭირდება. მიმაჩნია, რომ შენობა ამ ფორმით უნდა შენარჩუნდეს, მოხდეს მისი კონსერვაცია და ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნება“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.  

კომისია

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც მოხის სადავო შენობის ბედი უნდა გადაწყვიტოს. კომისიას სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე უხელმძღვანელებს. კომისია 11-წევრიანი იქნება, საიდანაც სამი - მუსლიმთა თემიდან, სამი - საქართველოს საპატრიარქოდან, ორი - ძეგლთა დაცვის სააგენტოდან, ერთი - ადიგენის გამგეობიდან, ერთი - სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან, ერთიც - რელიგიის საკითხთა სააგენტოდან იქნება.  კომისიის პირველი შეხვედრა 2 დეკემბერს გაიმართა.

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი კომისიის შექმნას დადებითად აფასებს: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინეს და შეიქმნა სპეციალური კომისია. ვთვლი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დამოუკიდებლად გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. კომისიის მუშაობაში პროცესის მონაწილე ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული, მათ შორის, მუსლიმი თემის წარმომადგენლებიც. კომისიის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც კანონზე იქნება დაფუძნებული და ყველა მოქალაქისთვის იქნება მისაღები“.

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, კომისიის შექმნა არსებული ფორმატით არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სწორი პოლიტიკა გაატაროს და შეცვალოს დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ: „ჩემი აზრით, კომისიის ფორმატი არასწორია. ეს კომისია უფრო მეტად ხელს შეუწყობს ესკალაციასა და სიტუაციის არევას. საერთაშორისო არენაზე ჩვენს ქვეყანას ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად შეარცხვენს“.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, პრობლემაა ის, რომ ექსცესებში სისტემატიურად მონაწილე მოხელეები თანამდებობრივად დაწინაურდნენ და დღეს მოხის სადავო შენობის ბედს წყვეტენ. ერთ-ერთი ასეთი პირი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აკაკი მაჭუტაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით,  კომისიაში მისი ყოფნის მართებულობის საკითხი პირველ სხდომაზე თავადვე დააყენა, მაგრამ მუსლიმებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. „კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მამუკა ვაშაყმაძე, ბეგლარ ქამაშაძე და ადამ შანთაძე. კომისიის დანარჩენი წევრების თანდასწრებით მათ მივმართე, რომ თუ ჩემ მიმართ, როგორც კომისიის წევრის მიმართ, კითხვები ჰქონდათ, ჩემთვის უნდობლობა გამოეცხადებინათ. მათ კი განმიცხადეს, რომ ჩემი თანამდებობისა და პიროვნების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ“, - განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი ბეგლარ ქამაშაძე ადასტურებს, რომ აკაკი მაჭუტაძემ მართლაც დასვა კომისიაში მისი ყოფნის მართებულობის საკითხი, რაზეც კომისიის არც ერთ წევრს პრეტენზია არ გამოუთქვამს. „ვიმედოვნებთ, კომისია საკითხს დადებითად გადაწყვეტს. ამიტომ დავთანხმდით კომისიაში მუშაობას. ვეცდებით, ვიყოთ ობიექტურები და ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. ვეცდებით, რომ სახელმწიფოსა და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს შორის არსებული პრობლემები მოვაგვაროთ და ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას დესტაბილიზაცია თავიდან ავაცილოთ“, - ამბობს ბეგლარ ქამაშაძე.

კომისიის შემდეგი შეხვედრა 27 დეკემბერს გაიმართება. 

ახალი ამბები