კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე

22 დეკემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობით, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში სისტემატიური ხასიათი მიიღო.

ამა წლის 22 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძე გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრის გადმოცემით, #8 და #3 დაწესებულების თანამშრომლებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებული კონკრეტულად ადანაშაულებს სასჯელაღსრულების #3 დაწესებულების  თანამშრომელს, მინდია მალაყმაძეს. 

ბრალდებულის განმარტებით, ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანისთანავე მან ითხოვა სამედიცინო დახმარება, რაზეც მიიღო უარი.  პასუხად, ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულების  თანამშრომელმა მინდია მალაყმაძემ აგრესიულად მიმართა ბრალდებულს და დაემუქრა, რომ შიმშილობის გამოცხადებისათვის პასუხს აგებდა. ასევე, ბრალდებული აცხადებს, რომ აიყვანეს საკანში, სადაც არ იღებოდა ფანჯარა, არ მოდიოდა წყალი და იყო უჰაერობა. 

ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას გიორგი ოქროპირიძე უშედეგოდ სთხოვდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

25 სექტემბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, მაგრამ ბრალდებულს არ მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. ასევე, იგი ამაოდ ითხოვდა და ითხოვს ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან ყოველ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს უწევს დღეში ცამეტი საათი მგზავრობა ბათუმიდან თბილისამდე და უკან, რათა დაესწროს სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის მიერ სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე - ვენტილაციისა და წყლით მომარაგების პრობლემა. პატიმართა საბადრაგო ავტომანქანებში არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ვენტილაცია, კაბინაში სივიწროვეა, სკამებს აქვს მყარი ზედაპირი, რაც ხანგრძლივი მგზავრობისას იწვევს ფიზიკურ ტკივილს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: 

საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს #8 და #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, განხორციელდეს  ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სასწრაფო გადაყვანა ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა ბრალდებულმა შეძლოს სასამართლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა და დაცვის უფლების განხორციელება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს, გაატაროს შესაბამისი ზომები პატიმართათვის ჯანდაცვის უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროზე, მთავარ პროკურატურაზე განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის უფლებების დასაცავად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები