კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სოფელ ფლატეს მეჩეთის სავარაუდოდ განზრახ დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით

26 დეკემბერი, 2014
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს 23-25 დეკემბერს ადიგენის რაიონის პოლიციის სამმართველოში ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის დაკითხვაზე დაბარების გამო და თანმდევ მოვლენებთან დაკავშირებით. 

ადიგენის რაიონის მუსლიმი მოსახლეობის თხოვნით, 2014 წლის 17 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება სოფელ ფლატეში არსებული ისტორიული მეჩეთის (აშენებულია გასული საუკუნის 20-იან წლებში) სავარაუდოდ განზრახ დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, ასევე - ფაქტების შესწავლა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა.  

ადიგენის რაიონში მცხოვრები მუსლიმები სოფელ ფლატეს მეჩეთის განზრახ დაზიანებაში   ზარზმის მონასტრის წინამძღვარს ნიკოლოზ გეწაძეს და მის მრევლს ადანაშაულებენ. ადგილობრივ მუსლიმ მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ მეჩეთის განზრახ ხელყოფა რელიგიური ნიშნით იყო განპირობებული. 

ნაცვლად იმისა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან და მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მთავარ პროკურატურას თავად დაეწყო ფლატის საქმის გამოძიება, მან  საქმე გადააგზავნა ადიგენის პოლიციის სამმართველოში გამოსაძიებლად. 

23 დეკემბერს ადიგენის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი ბესიკ აფრაიმაშვილი   ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, თამარ ავალიანს და უხეში ტონით მოსთხოვა მას ადიგენის პოლიციაში ჩასვლა ფლატის მეჩეთის საქმეზე მოწმის სახით დასაკითხად, გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი, დაემუქრა იძულების წესით მიყვანით.

ვინაიდან ადამიანის უფლებათა ცენტრს თვითონაც გაუჩნდა კითხვები მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, 24 დეკემბერს თამარ ავალიანი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად გამოცხადდა ადიგენის პოლიციაში ვითარების გასარკვევად. თამარ ავალიანის დაკითხვა ადიგენის პოლიციაში განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით. კერძოდ, დაკითხვის პროცესში გამომძიებელი  ბესიკ აფრაიმაშვილი ტელეფონით ხშირად ეკონტაქტებოდა უცნობ პიროვნებებს (სავარაუდოდ - ზემდგომებს) და იღებდა დირექტივებს, თუ როგორ უნდა მიეღო სასურველი ჩვენება. დაკითხვა გაგრძელდა სამ საათზე მეტ ხანს. 

თამარ ავალიანის დაკითხვის დასრულებისთანავე, პოლიციის გამომძიებელმა ტელეფონით დაურეკა სამცხე-ჯავახეთის მუფთს მამუკა ვაშაყმაძეს და მოსთხოვა, გამოცხადებულიყო პოლიციაში დასაკითხად. მამუკა ვაშაყმაძემ გამომძიებელს განუცხადა, რომ სურდა, დაკითხულიყო ადვოკატის თანდასწრებით, მაგრამ ბესიკ აფრაიმაშვილმა თამარ ავალიანს აღარ მისცა უფლება ჩართულიყო საქმეში ადვოკატად, რადგან იგი უკვე მოწმის სახით იყო დაკითხული. ამის გამო, მამუკა ვაშაყმაძემ ითხოვა ერთი დღე, რათა ადამიანის უფლებათა ცენტრის სხვა იურისტს ჰქონოდა დრო, ჩასულიყო ადიგენში და დასწრებოდა დაკითხვას. გამომძიებელი თავდაპირველად ამაზე უარს აცხადებდა და სამცხე-ჯავახეთის მუფთს მხოლოდ სამ საათს აძლევდა ადვოკატის პოლიციაში მისაყვანად. მას შემდეგ, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა მედიასაშუალებებს და გააპროტესტა შემოთავაზებული არაგონივრული ვადა, გამომძიებელი დათანხმდა, მამუკა ვაშაყმაძე დაკითხულიყო მეორე დღეს - 25 დეკემბერს. 

25 დეკემბერს ადიგენის რაიონის პოლიციაში მოწმის სახით დაიკითხნენ სოფელ ჭელას მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე. მათ დაკითხვას ადვოკატის სტატუსით ესწრებოდა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე. ორივე მოწმის დაკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 6 საათი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს უფლებადამცველის მოწმედ დაკითხვას იმ საქმეზე, რომლის მონიტორინგსაც იგი  ახორციელებს. ორგანიზაციის იურისტები გამოძიების დაწყების მოთხოვნით ხშირად მიმართავენ პროკურატურას, მაგრამ იმავე საქმეებზე მოწმეებად, როგორც წესი, არ იკითხებიან. ადიგენის რაიონის პოლიციის გამომძიებლის ქმედებიდან იკვეთება საფრთხე, რომ საგამოძიებო ორგანოებმა პრაქტიკად დანერგონ უფლებადამცველების დაკითხვა მათ მიერ წარმოებულ საქმეებზე.  

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრი თვლის, რომ მთავარი პროკურატურის მიერ ფლატეს მეჩეთის საქმის ადიგენის პოლიციის სამმართველოსთვის გამოსაძიებლად გადაცემა, სავარაუდოდ, ემსახურება საქმის გამოძიების კვლავ გაჭიანურებას და დამნაშავე  პირთა დაუსჯელად დატოვებას, რადგან მუსლიმი მრევლს განცხადებით, ამ საქმეს ადიგენის რაიონის პოლიცია რამდენიმე წლის წინაც იძიებდა, მაგრამ დამნაშავე პირები არ გამოუვლენია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, ფლატეს მეჩეთის სავარაუდოდ განზრახ დაზიანების საქმე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავადვე გამოიძიოს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, დაიწყოს მოკვლევა ადიგენის რაიონული პოლიციის გამომძიებელ ბესიკ აფრაიმაშვილის მიერ უფლებადამცველის მოწმის სახით დაბარებასთან და დაკითხვის პროცესში განხორციელებულ გადაცდომებთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები