კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეცდომები, რასაც ხელისუფლება მუსლიმებთან მიმართებაში უშვებს

29 დეკემბერი, 2014
 
ნათია გოგოლაშვილი

რა სახის პრობლემები ექმნებათ ქართველ მუსლიმებს, რომელი რეგიონებია განსაკუთრებით პრობლემური და როგორია დღეს საქართველოში მუსლიმთა უფლებრივი მდგომარეობა - humanrights.ge ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს, ტარიელ ნაკაიძეს ესაუბრა. 

- ბატონო ტარიელ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში რელიგიური დაპირისპირების ფაქტები დაფიქსირდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილზე გაეცნო სიტუაციას ჭელასა და მოხეში. სოფელ მოხის სადავო შენობის ბედის განსაზღვრა სპეციალურ კომისიას დაეკისრა, მაგრამ თქვენ ამ კომისიას სკეპტიკურად უყურებთ. რა ამ სკეპტიციზმის მიზეზი? 

- მიმაჩნია, რომ ეს კომისია არასწორად შეიქმნა და ასეთი კომისიის პრეცენდენტი ქვეყნის პრესტიჟისა და იმიჯის დამცირებას მოემსახურება. შეუძლებელია, კომისია შექმნა იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის ეს შენობა, როცა შენობა ისედაც მეჩეთია. თვითონ მართლმადიდებლები უწოდებენ ამ შენობას მეჩეთს. კომისიამ ასე თუ ისე უნდა მიიღოს კომპრომისული გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს - არც მუსლიმებს და არც ქრისტიანებს. მათ კარგად იციან, რომ ეს არის მეჩეთი და სწორედ ამიტომ უნდათ, რომ შენობა საერთო იყოს. ეს არ არის მხოლოდ მოხის ამბავი. ჩემი აზრით, აქ სხვა ჩანაფიქრია. მათი გადმოსახედიდან, ეს არის პრევენცია, რადგან თუ ეს შენობა იქნება საერთო, შესაბამისად, ყველა მსგავსი სადავო ნაგებობა ავტომატურად იქნება საერთო. ამაზე კი მუსლიმი მოსახლეობა თავიდანვე არ იყო თანახმა. ამიტომ, საერთოდ არ უნდა შემდგარიყო კომისია. ამასთან, ადამიანი, რომელმაც მუსლიმებთან მიმართებაში დააშავა, კომისიის წევრია. ჩემი აზრით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის კომისიაში ყოფნა არ არის მართებული. ვფიქრობ, კომისიის ერთ-ერთი მთავარი აზრი დროის გაყვანაა, რათა დააწყნარონ სიტუაცია. თუმცა, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა ძალიან აქტიურია და ამ თემას ასე მარტივად არ დაივიწყებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაძაბულობა არ არსებობს. ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი მართულია ადგილობრივი ეპარქიისგან - რასაც ადგილობრივი ეპარქია იტყვის, ის არის მათი აზრიც. 

- სახალხო დამცველის ანგარიშებში ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში არსებული პრობლემებიც მოხვდა. როგორი სიტუაციაა ამ დროისთვის ამ სოფლებში? 

- ნიგვზიანსა და წინწყაროში, ფაქტობრივად, პრობლემები მოგვარებულია. მეჩეთი მოქმედებს და მრევლი ლოცულობს. სამთაწყაროში კი პრობლემები გრძელდება. ეს არის აზერბაიჯანის საზღვართან სივრცეს მოწყვეტილი სოფელი, სადაც მუსლიმი აჭარლები მცირე კომპაქტური წარმომადგენლობით არიან ჩასახლებულები. მართლმადიდებლებმა მუსლიმები საკმაოდ შეაშინეს. სერიოზული ზეწოლა განახორციელეს მათზე. რეალურად, სახელმწიფოს ნებაც არ იყო, რომ ეს საზოგადოება დაეცვა. შსს-ც გარკვეულწილად ჩართული იყო ამ პროცესში, რათა სამთაწყაროში არ გახსნილიყო მეჩეთი.

თავდაპირველად, ერთ-ერთი მუსლიმის ოჯახში ლოცულობდნენ. სწორედ ამან განაპირობა, რომ 2013 წელს მათ სალოცავად სახლი შეისყიდეს. ამის გამო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გამგებლის ინიციატივით, დაიწყო საზოგადოების მობილიზება, რათა იქ მეჩეთი არ გახსნილიყო. რამდენჯერმე ვიყავი ადგილზე ჩასული, სხვადასხვა უწყებიდანაც ჩადიოდნენ, მაგრამ ვერანაირად ვერ გახსნეს სამლოცველო. არადა, სამთაწყაროში დაახლოებით 40-მდე აქტიური მლოცველია. ახლა ისინი სალოცავად მეზობელი სოფლის მეჩეთში დადიან. 
 
- ჩვენ შევეცადეთ სამთაწყაროში ჩავსულიყავით და გავსაუბრებოდით ადგილობრივებს, მაგრამ მათ შეხვედრაზე უარი გვითხრეს. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ზეწოლები ხორციელდება სამთაწყაროში მუსლიმებზე? 

- შეხვედრაზე არავინ დაგთანხმდებათ, რადგან სამთაწყაროში ძალიან მძიმე სიტუაციაა. არ უნდათ ამ თემის განახლება, რადგან ეშინიათ იმ ზეწოლების განახლების, რაც გადაიტანეს. წინამძღვარ სულიკო ხოზრევანიძეზე იმდენად სერიოზული ზეწოლები იყო, რომ ახლა ტელეფონზეც ვერ პასუხობს. დაახლოებით, 200 კაცი თავს დაესხა მოლას ოჯახს და აგაწიოკებთო, ეუბნებოდნენ. ლამის გაგიჟდა ეს კაცი. პარასკევის ლოცვის შემდეგ, საღამოს თავს დაესხნენ. თბილისიდან  უშიშროების სამსახურიდან იყვნენ ჩასულები. ეს დაზუსტებული ფაქტებია. მოლა ავტომანქანით წაიყვანეს და რაღაც გაუკეთეს. ფაქტობრივად, ძალიან ცუდ მდგომარეობაში დააბრუნეს და უთხრეს, რომ შესულიყო და ელოცა. იქ კიდევ ხალხი იყო, რომელიც ყვიროდა და იგინებოდა. ფაქტობრივად, ეს კაცი იმ დღეს იქ გაითიშა. ამ საქმეში მხოლოდ ხალხი არ არის ჩართული. მხოლოდ  ხალხი რომ იყოს და მთავრობა მხარს რომ არ უჭერდეს, მუსლიმები არ იქნებოდნენ გაჩუმებულები და მათი მხრიდან გამბედაობა იქნებოდა. პოლიცია ამბობს, რომ არ იყო ასეთი შემთხვევაო. რაღაც გამოძიება დაიწყეს, მაგრამ შეწყვიტეს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და გუბერნატორი ჩართულია ამ ამბავში. მაშინ ამ რაიონის გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი იყო. შესაბამისად, სამთაწყაროში ძალიან რთულადაა სიტუაცია. ადგილობრივი მუსლიმები იმდენად დაუცველები არიან, რომ ვერ შევძელით ამ ადამიანების დარწმუნება, რაიმე მოიმოქმედონ. 

- ქობულეთის პანსიონატიც გახდა ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირების მიზეზი. დარეგულირდა თუ არა სიტუაცია და თუ იგეგმება ამ პანსიონატის გახსნა? 

- ეს არის საერთო საცხოვრებელი, სადაც 24 საათის განმავლობაში რჩებიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც დადიან საჯარო სკოლაში. შუადღისას, როცა ბრუნდებიან უკან, მათ დამატებითი მეცადინეობები უტარდებათ. შაბათ-კვირას ისწავლება რელიგიის საკითხებიც. რა თქმა უნდა, ეს სასწავლებელი მუსლიმი ბავშვებითვის არის გათვლილი. ფაქტობრივად, აქ სწავლა არც დაწყებულა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განათლების თვალსაზრისით, ირღვევა ბავშვის უფლებები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაწესებულება ლოცვას არ ემსახურება. პრობლემაა ისიც, რომ შენობა კანალიზაციის სისტემაში არ ჩააბეს. გამგეობას ამაზე პასუხი არა აქვს. რამდენიმე თვეა. შეტანილია შესაბამისი თანხები,  ჩვენი მხრიდან ყველაფერი წესრიგშია. პანსიონატის გახსნა და სწავლის დაწყება მაინც ვერ ხერხდება. 

- განათლების პრობლემა ახსენეთ. მართლმადიდებლები ხშირად საუბრობენ, რომ მუსლიმი ბავშვები, ძირითადად, რელიგიურ განათლებას თურქეთში იღებენ და ამაში საფრთხეს ხედავენ. 

- თურქეთში გასულ წელს სხვადასხვა პროგრამით, 70-მდე ბავშვი გაიგზავნა. იქ სპეციალური ლიმიტები აქვთ გამოცხადებული უცხოელებისთვის. აღსანიშნავია, რომ 70-მდე ბავშვიდან მხოლოდ 4 არის აჭარიდან წასული. ვერავინ იტყვის, რომ ბავშვები სხვა ქვეყანაში სასწავლებლად არ უნდა წავიდნენ. თუ ვიტყვით, რომ მუსლიმმა უცხოეთში რელიგიური განათლება არ უნდა მიიღოს, მაშინ საქართველოში რელიგიური სასწავლებელი უნდა შექმნან. იმას არ კითხულობენ, რამდენად უნდათ, აჭარლებს რელიგიური გნათლება თურქეთში მიიღონ! ეს კითხვა დაისვა როდისმე?! შექმენი ეს პირობები ქვეყანაში, თუ გინდა, რომ ძლიერი ქვეყანა იყოს. მქონდა ინიციატივა, თბილისში რომელიმე სასწავლებელში გახსნილიყო განხრა ან ფაკულტეტი, სადაც ისლამის სწავლა იქნებოდა შესაძლებელი. ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფომ უფრო გვიახლოვოს და არა გაგვრიყოს. 

აჭარის ნებისმიერ სკოლაში 50-80% მუსლიმი მოსწავლეები სწავლობენ. მასწავლებლები კი, ძირითადად, არ არიან მუსლიმები. აღსანიშნავია, რომ მუსლიმებს კარიერული პრობლემებიც აქვთ. თუ ადამიანი მუსლიმია, მას სამსახურში ნაკლებად იღებენ. რა თქმა უნდა, სამსახურში არმიღების მიზეზად რელიგიას არ ასახელებენ. მეც ვმუშაობდი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ ჩემი რელიგიიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში საერთოდ გააუქმეს ის თანამდებობა, რაზეც ვმუშაობდი. ვერაფერი გავაკეთე, ვერც კი ვიდავე. თუმცა, ძალიან რთულია აქ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის დამტკიცება. წარმოიდგინეთ, აჭარაში მოსახლეობის 60% არის მუსლიმი და ამ 60%-დან ნუთუ არავინ არ არის ისეთი ნასწავლი, რომ სამსახურში აიყვანონ?!  

- თქვენი ანგარიშის მიხედვით, ადიგენის რაიონში არის კიდევ ერთი პრობლემური ადგილი - სოფელი ფლატე, სადაც 2007 წელს  მეჩეთიდან ქვები მოანგრიეს და ეკლესიის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალად გამოიყენეს. ამ ფაქტზე თუ დაიწყო თავის დროზე გამოძიება? 

- ფლატეს მოვლენების დროს დასავლეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელი ვიყავი. დასავლეთიდან ჩავედი ფლატეში და აღვწერე ფაქტი. ჩემი ინფორმაციით, ფლატეს საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაიკითხა ფლატეში მცხოვრები რამდენიმე მუსლიმი, რომლებმაც ფაქტი უარყვეს. სამართალდამცავებმა ეს გამოძიების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნიეს. ამის გარდა, მოხესა და სხვა სოფლებშიც დაიკითხნენ მუსლიმები. მათ მომხდარის შესახებ არ იცოდნენ და ჩვენებებში ასევე თქვეს. თუმცა, პროკურატურას სახალხო დამცველმა მიმართა, რათა დაეწყოთ საქმის წარმოება.  

- როგორ შეაფასებდით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუშაობას? 

- მუსლიმთა სამმართველოს დაფუძნების იდეა ჩემგან წამოვიდა. 2001 წელს ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა სერიოზული მოხსენება. მაშინ ლამის შემჭამეს - რას ჰქვია კიდევ ერთი საპატრიარქო დავაფუძნოთო?! უცნაურია, მაგრამ 2011 წელს, როცა მუსლიმთა სამმართველო დაფუძნდა, მუსლიმებმა ამის შესახებ არ ვიცოდით. მოიტანეს წესდება და დანიშნეს მუფთი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამმართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქრისტიანი იყო. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ, მაგრამ მაშინ საერთაშორისო დონეზე ვერ მოვახერხეთ ამის გატანა. ეს წარმოჩინდა ისე, თითქოს მუსლიმთა სამმართველოს შექმნით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა საქართველოში. თუმცა, ამ ფორმით მუსლიმთა სამმართველო საერთოდ გაურკვეველი ფენომენია. რეალურად, იგი შსს-ს მიერ დაფუძნებული სტრუქტურაა. ამ სამმართველოს პოზიციით მუსლიმთა აზრს ვერ განსაზღვრავ. მაგალითად, მუსლიმთა სამმართველოს განცხადება ჭელის მინარეთის დემონტაჟის თაობაზე მაშინ მოვისმინეთ, როცა სხვა გზა აღარ იყო და მუსლიმთა სამმართველო უნდა ჩართულიყო საქმეში. თუმცა, ეს მინარეთი მას თავის საკუთრებად უნდა ეგრძნო და როგორც კი მოხსნეს, მაშინვე უნდა ჰქონოდათ რეაგირება. მინარეთთან დაკავშირებით პირველი განცხადების გაკეთება მე მომიწია. შესაბამისად, გამოჩნდა ისე, თითქოს ჩვენ ვიყავით რადიკალური ჯგუფი, რომელიც რაღაც კატასტროფას ვითხოვდით. ამ დროს კი მუსლიმთა სამმართველო დუმდა. სიმართლე გითხრათ, მინარეთის ამბავი მანამ არ ვიცოდი, სანამ არ აღიმართებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციითაც, ჩვენ რადიკალური ჯგუფი ვიყავით, რადგან სამუფთო სამმართველოს პრობლემა არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. 

- რამდენიმე თვეა, მუსლიმთა სამმართველოს ახალი მუფთი ჰყავს, რას უკავშირებთ ამ ცვლილებას? 

- ეს არის უბრალოდ სახის ცვლილება. ჯემალ პაქსაძის გარკვეულმა განცხადებებმა ჭელისა და მოხის მოვლენებთან დაკავშირებით, უარყოფითად იმოქმედა მის ავტორიტეტზე. მას პასიური დამოკიდებულება ჰქონდა, ზოგადად, ასეთ თემებზე. ამანაც განაპირობა ნეგატიური დამოკიდებულება არა მარტო მუსლიმთა სამმართველოს მიმართ, არამედ, ზოგადად, პიროვნების მიმართაც. წინასაარჩევნოდ მოხეში დახმარებას დაგვპირდა, რაც არ შეასრულა. სახელმწიფოც მიხვდა, რომ ისეთი მუფთი, რომელსაც ხალხთან აღარ ჩაესვლებოდა, აღარ გამოადგებოდა, ამიტომ შეცვალა სახე. 

- დღეს ქვეყანაში გამოჩნდნენ რადიკალური ჯგუფები, თქვენ ამის მიზეზად სახელმწიფოს შეცდომას ასახელებთ. განგვიმარტეთ, რა შეცდომას გულისხმობთ? 

- მუსლიმთა სამმართველო არასწორად დაფუძნდა. რეალურად, სახელმწიფომ ბევრი რამ არ გაითვალისწინა. შედეგად, გაჩნდა ორგვარი დამოკიდებულება: ერთი ჯგუფი ამას ღიად ვაფიქსირებთ და ვდაობთ და არის მეორე ჯგუფი, რომელიც არ დაობს ამ საკითხს, მაგრამ ნელ-ნელა მეჩეთის რიგებიდან გადის. ასე იქმნება რადიკალური ჯგუფები. ამას ხელი შეუწყო სახელმწიფოს პოლიტიკამ და საზოგადოებისადმი არასწორმა დამოკიდებულებამ. ეს იყო დაუფიქრებელი ნაბიჯი, რეალურად კი, სიტუაცია კონტროლიდან გავიდა.

აქ თეოლოგიური პრობლემაც შეიქმნა. მაგალითად, თვითნებურად დანიშნეს მუფთი. ისლამის თეოლოგიური საფუძვლები კი ამას კრძალავს. მუსლიმმა მრევლის მიერ არჩეული პირის წინამძღოლობით უნდა ილოცოს. ვინც იცის ეს, მიდის და ცალკევდება. სხვათაშორის მეც ბევრჯერ მიჭირს, რომ ვილოცო, მაგრამ მრევლში ჩემი ავტორიტეტის გათვალისწინებით, გამოყოფისგან თავს ვიკავებ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, საქმე მრევლის გახლეჩამდე არ მივიდეს და ერთიანობა შევინარჩუნოთ. ბოლოს და ბოლოს იქნებ ვიღაც აღმოჩნდეს ამ სახელმწიფოში ისეთი, რომელიც მიხვდება, რომ ეს ასე არ შეიძლება. 

- ქვემო  ქართლში 23 მეჩეთი სარგებლობის უფლებით  მუსლიმთა თემს გადაეცა. როგორ აფასებთ სახელმწიფოს ამ ნაბიჯს? 

- სახელმწიფომ თემს არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობაში გადასცა მოქმედი მეჩეთები, რომლებსაც მუსლიმები ისედაც იყენედნენ. ამას წარმატებული ნაბიჯი ჰქვია?! ეს ერთგვარი გამაღიზიანებელი ფორმაც არის - გადმომეცი ის, რასაც ისედაც ვიყენებ. ეს მოსაგვარებელი ტექნიკური საკითხია, რომელიც სახელმწიფოს აწევს ტვირთად და უნდა მოაგვაროს. აი, მოხის, ქობულეთის, ან ფლატეს მეჩეთს თუ გადმოგვცემს, ეს იქნება სახელმწიფოს მიერ გადადგმული კეთილი ნაბიჯი. 

ახალი ამბები