კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2007 წელს დაზიანებული მეჩეთი და 2014 წელს დაწყებული გამოძიება

30 დეკემბერი, 2014
 
ნათია გოგოლაშვილი

„მეჩეთი მართლაც დანგრეული დაგვხვდა. მოუხდიათ სახურავი, გაუნადგურებიათ მთლიანად ჭერი, მოუძვრიათ ზევიდან ორი რიგი ქვის მასალა, რომელიც მოჩუქურთმებული იყო. მოხსნილი აქვს მთავარი შესასვლელი კარის ზედა და გვერდითი კედლების ქვები. შიგნით რომ შედიხარ, გასაგები ხდება, რომ მანამდე სოფელს საქონლისა და ღორების სადგომად უქცევია“, - ეს არის ამონარიდი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძის მოხსენებითი ბარათიდან, რომელიც 2007 წელს ადიგენის რაიონის სოფელ ფლატეში მომხდარ ფაქტს აღწერს. 

საქმე ეხება ფლატის მეჩეთის სავარაუდო განზრახ ხელყოფის ფაქტს. ნაკაიძის ინფორმაციით, მეჩეთი ზარზმის წინამძღვარმა ნიკოლოზ გეწაძემ და მისმა მრევლმა დაანგრიეს და მეჩეთის ქვები ეკლესიის ტერიტორიაზე საშენ მასალად გამოიყენეს.

სოფელი ფლატე ადიგენის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ბოლო დროს რელიგიური დაპირისპირებით ცნობილი ორი სოფლიდან - ჭელიდან და მოხიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. ფლატის მეჩეთი გასული საუკუნის 20-იან წლებშია აშენებული მაჰმადიანი მესხების მიერ, რომლებიც 1944 წელს ამ სოფლებიდან სტალინურმა რეჟიმმა ერთიანად აჰყარა და შუა აზიაში გადაასახლა. სანაცვლოდ მათ სახლებში ოჯახები რაჭიდან ჩამოასახლეს. დღეისათვის სოფელში ასევე ცხოვრობს აჭარიდან ჩამოსახლებული 7 მუსლიმი ოჯახი. 

ფლატეს მოვლენების დროს, ტარიელ ნაკაიძე დასავლეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელი იყო. იგი 2007 წელს ფლატეში მივლინებით ჩავიდა, რათა მომხდარი ფაქტი აღეწერა. „ჩემი ინფორმაციით, 2007 წელს ფლატესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ რამდენიმე ადგილობრივი მუსლიმი დაიკითხა, რომლებმაც ფაქტი უარყვეს. სამართალდამცავებმა ეს ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნიეს იმისათვის, რომ შემწყდარიყო გამოძიება“, - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

„საკმაო ხნის განმავლობაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები და ეკომიგრანტი მუსლიმები თავიანთი პრობლემების გასაჯაროებას ერიდებოდნენ, მაგრამ 2007 წლიდან მოკიდებული, მას შემდეგ, რაც ადიგენის რაიონის სოფელ ფლატეში ზარზმის მონასტრის მრევლის ერთმა ნაწილმა და ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ დაიწყო უმოქმედო მეჩეთის დაშლა, რათა სამშენებლო მასალა ზარზმის მონასტრის ტერიტორიაზე სამლოცველოს ასაგებად გამოეყენებინათ, აჭარაში მცხოვრებმა მუსლიმებმაც და აჭარიდან გადმოსულმა ეკომიგრანტებმაც ხმამაღლა დაიწყეს საუბარი მათ წინაშე არსებულ სირთულეებზე“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშში.

სოფელ ფლატეში ფაქტის შესასწავლად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის თქმით, ეს მრავალწლიანი პრობლემაა, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის წრეებში არსებული ისლამოფობური დამოკიდებულებების შედეგია. 

ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი: „მართლმადიდებელი ქართველების ნაწილის აზრით, ქართულ ქრისტიანულ მიწაზე მეჩეთი არ უნდა ფუნქციონირებდეს და ქართველი აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს. ამ დამოკიდებულებების შედეგად, ჩნდება ისლამოფობია და აგრესია, რაც შემდგომ როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფებში, ასევე ექსტრემისტულ ქმედებებში გამოიხატება. ერთ-ერთი მათგანი  სწორედ ფლატეში მომხდარი შემთხვევა იყო, როცა ზარზმის მონასტრის საძმომ თვითნებურად მეჩეთის ნგრევა დაიწყო, რათა ამ ქვებით  სენაკი აეშენებინათ. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ვნახეთ წაღებული ქვები. ჩემი თანამშრომელი ელაპარაკა მონასტრის ერთ-ერთ სასულიერო პირს და მან დაადასტურა, რომ მეჩეთის ქვები წაიღეს და საშენ მასალად გამოიყენეს. ჩვენი მიმართვების შედეგად, ეს პროცესი შეჩერდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სახალხო დამცველი ითხოვდა, დაწყებულიყო გამოძიება, იგი არ დაწყებულა. რაღაც პროცედურები ჩატარდა, მაგრამ პროცესი არ გაგრძელებულა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ ფაქტებზე ხელისუფლებისა და სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება მყისიერი და ადეკვატური იყოს. მეორე მხრივ, უკეთესია, რომ ეკლესიასა და მუსლიმურ თემს შორის მუდმივად არსებობდეს დიალოგი. ეკლესიამ უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება განსხვავებული რელიგიის მიმართ და შეწყვიტოს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა დევნისკენ და ჩაგვრისკენ მოწოდებები“.

ჭელას მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის თქმით, ფლატის საკითხის წამოწევას იმის გამო ერიდებოდნენ, რომ მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის კონფლიქტი არ გაღრმავებულიყო: „როგორც დოკუმენტურად მტკიცდება, ზარზმის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე თვითნებურად შეეცადა, ნაწილობრივ დაენგრია ისტორიული მეჩეთი. ამ ფაქტზე წლების განმავლობაში არ ვსაუბრობდით, თავს ვიკავებდით, რომ არ გამწვავებულიყო მდგომარეობა, მაგრამ ეს ფიალაც აივსო. მუსლიმმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ გაჩუმებას უკვე აზრი აღარ აქვს. ნიკოლოზ გეწაზე უკვე საშიშროებას წარმოადგენს. იგი ცდილობს, რელიგიათა შორის შუღლი გააღვივოს. ჩვენ ადამიანის უფლებათა ცენტრს მივმართეთ და ვთხოვეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარება გაეწია“, - აცხადებს ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

2014 წლის 17 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება სოფელ ფლატეში არსებული ისტორიული მეჩეთის, სავარაუდოდ, განზრახ დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ ფაქტების შესწავლა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. თუმცა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად ადიგენის რაიონის პოლიციის სამმართველოს  გადასცა.

„ფლატის მეჩეთის საკითხით ადამიანის უფლებათა ცენტრი იმიტომ დაინტერესდა, რომ რეალურად სწორედ ამ მეჩეთის დაზიანების ისტორიით დაიწყო რელიგიური დაპირისპირების ესკალაცია მიმდებარე სოფლებში - ჭელასა და მოხეში, რამაც უკვე ბოლო ორ წელიწადში იჩინა თავი. დაუსჯელობამ, ფაქტების მიჩქმალვამ და თვალის დახუჭვამ განაპირობა ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენლმა რეგიონში კიდევ უფრო გააღვივა რელიგიური ექსტრემიზმი“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი: „ჭელაში, მოხესა და ფლატეში ჩვენ ვნახეთ მართლმადიდებელი მოქალაქეები, რომლებიც იმეორებდნენ დაზეპირებულ ფრაზებს, რომ „ამ სოფლებში მეჩეთები არასოდეს ყოფილა“; რომ „მეჩეთების გახსნა თურქეთის სპეცსამსახურების მიერ არის დაგეგმილი“ და ამ გზით რეგიონში „თურქული ექსპანსიის საფრთხე იზრდება“. ისინი ასევე ამბობენ, რომ „ქართველი მართლმადიდებელი უნდა იყოს“. სამწუხაროდ, ეს არის ის იდეოლოგია, რასაც ამ ადამიანებს ეკლესიების მოძღვრები უქადაგებენ. თუმცა, პრობლემა არა იმდენად ეკლესიების წიაღშია, არამედ უფრო მეტად სახელმწიფოს უმოქმედობაში ან უარესი - ნეგატიურ მოქმედებებში. ჩვენი ინფორმაციით, 2007 წელს, როცა ფლატის მეჩეთის ხელყოფაზე მოკვლევა დაიწყო, მაშინდელმა გამგებელმა, ჩილინგარაშვილმა, რომელიც ამჟამად პარლამენტის დეპუტატია, მიმართა ზარზმის მონასტრის წინამძღვარს და მოსთხოვა, წაღებული ქვები ადგილზე დაებრუნებინა, რადგან ფლატეს შენობა გამგეობის ბალანსზე იყო. საპასუხოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის მოთხოვნა ეკლესიის წარმომადგენელმა აინუნშიც არ ჩააგდო. პოლიციამ კი საქმე მიჩქმალა, რადგან დანაშაულის კვალი სავარაუდოდ ზარზმის მონასტრისკენ მიდიოდა და რიგითი დანაშაულის გამოვლენა პოლიციამ ეკლესიასთან დაპირისპირებასთან გააიგივა. შემდეგ კი, როცა ჭელასა და მოხეში რელიგიური დაპირისპირების ნიშნები გაჩნდა, პოლიციის, გამგეობისა და გუბერნიის მაღალჩინოსნები წარმოჩინდნენ მხარედ. მათ, ფაქტობრივად, პირდაპირ დაიწყეს მუსლიმი მოქალაქეების დევნა“.

მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავარ პროკურატურას მიმართა, საქმე კვლავ ადიგენის რაიონის პოლიციაში დაბრუნდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, თამარ ავალიანის თქმით, 23 დეკემბერს ადიგენის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი ბესიკ აფრაიმაშვილი მას ტელეფონით დაუკავშირდა და ფლატის მეჩეთის საქმეზე მოწმის სახით დასაკითხად ადიგენის პოლიციაში ჩასვლა მოსთხოვა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი,  იძულების წესით მიყვანით დაემუქრა.

„ვინაიდან ადამიანის უფლებათა ცენტრს, მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, თვითონაც გაუჩნდა კითხვები, 24 დეკემბერს ადიგენის პოლიციაში ვითარების გასარკვევად გამოვცხადდი. ჩემი დაკითხვა ადიგენის პოლიციაში  საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით განხორციელდა. კერძოდ, დაკითხვისას პოლიციის გამომძიებელი ბესიკ აფრაიმაშვილი ტელეფონით ხშირად ეკონტაქტებოდა უცნობ პიროვნებებს (სავარაუდოდ - ზემდგომებს) და იღებდა დირექტივებს, თუ როგორ უნდა მიეღო სასურველი ჩვენება. დაკითხვა  სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს უფლებადამცველის მოწმედ დაკითხვას იმ საქმეზე, რომლის მონიტორინგსაც იგი  ახორციელებს. ორგანიზაციის იურისტები გამოძიების დაწყების მოთხოვნით ხშირად მივმართავთ პროკურატურას, მაგრამ იმავე საქმეებზე მოწმეებად, როგორც წესი, არ ვიკითხებით. ადიგენის რაიონის პოლიციის გამომძიებლის ქმედებიდან იკვეთება საფრთხე, რომ საგამოძიებო ორგანოებმა პრაქტიკად დანერგონ უფლებადამცველების დაკითხვა მათ მიერ წარმოებულ საქმეებზე“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

25 დეკემბერს ადიგენის პოლიციაში მოწმეებად ჭელის მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე დაიკითხნენ. მათ დაკითხვას ადვოკატის სტატუსით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე ესწრებოდა. ორივე მოწმის დაკითხვა,  დაახლოებით, 6 საათი გაგრძელდა. 

მუსლიმი თემის ლიდერებმა თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ ფლატეში დანგრეული მეჩეთის საქმის გამოძიებას მოითხოვენ. „ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი. რა ინფორმაციაც მქონდა, გამოძიებას ყველაფერი მივაწოდე. დაინტერესდნენ, ეს საქმე აქამდე რატომ არ იყო ჩვენ მიერ წამოწეული, ვესწრებოდი თუ არა მეჩეთის დანგრევას და რა ვიცოდი ამის შესახებ. ვნახოთ, როგორ წარიმართება გამოძიება“, - აღნიშნა ჯამბულ აბულაძემ.

ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, მამა ნიკოლოზი ჟურნალისტებთან საუბრისას დღესდღეობით უარყოფს ფლატეს მეჩეთის დაზიანებასთან მის კავშირს. თუმცა, გასული წლის ზაფხულში გაზეთ „სამხრეთის კარიბჭისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იგი მეჩეთის დანგრევის ფაქტს ამართლებდა და აცხადებდა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ იქ ვინმეს მუსლიმების მოქმედი მეჩეთი დაენგრია: „ხალხის მოთხოვნა იყო, რომ იქ იმ შენობის დემონტაჟი მომხდარიყო, რადგან წვიმის გამო იშლებოდა და ბავშვებს ქვები თავში არ მოხვედროდათ. გარდა ამისა, მას მეჩეთად არ იყენებდნენ, იქ ღორები იყვნენ და სავსე იყო ნაკელით“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ფლატეში იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მართლმადიდებლები და მუსლიმები აღნიშნავენ, მეჩეთის დანგრევასა და ქვების წაღებაზე მათ არაფერი იციან. მათი ინფორმაციით, შენობას სახურავი ქარმა გადახადა. მართლმადიდებელი მოქალაქეების ნაწილი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მეჩეთი სოფლის განაპირას ოდესთაც არსებული ეკლესიის ქვებით არის აშენებული.

ჟუჟუნა ხმალაძე (ადგილობრივი მუსლიმი): „ფლატეში 1955 წლიდან ვცხოვრობთ. ეს შენობა ადრე საწყობად გამოიყენებოდა. გარკვეული პერიოდი სახურავიც არ ჰქონდა, მაგრამ მერე გადახურეს. შემდგომ მაღაზია, კლუბი და ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. სახურავი კი ქარმა ახადა და შემდეგ თავისთავად ჩამოინგრა. ქვების წაღებაზე არაფერი ვიცი. სოფელში მეჩეთი არ არის. რა საჭიროა ყველა სოფელში მეჩეთი? თუ ლოცვა მოგვინდება,  სხვა სოფელში წავალთ“.

თამაზ მოხაშვილი (ადგილობრივი მართლმადიდებელი): „სოფელ ფლატეში 1944 წელს ვართ ჩამოსახლებულები. ეს შენობა მეჩეთი არასოდეს ყოფილა. არასდროს ულოციათ აქ მუსლიმებს. თავიდან აქ იყო საწყობი, შემდეგ კი - კლუბი და ბიბლიოთეკა. დაახლოებით, 15-20 წელი იქნება, რაც შენობა ასეთ მდგომარეობაშია. სახურავიც მოიშალა და ჩამოვარდა. საიდან მოდის ეს დავა იცით? ეს შენობა მონასტრის ქვებითაა აშენებული. სოფლის უძველესი მონასტერი დანგრეულია, მიწასთან არის გასწორებული. თუ ეს შენობა იმ ქვებით არაა აშენებული, აბა, სად წავიდა მონასტრის ქვები?! სოფელში მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს ტკბილი და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვიღაცას უნდა ჩვენ შორის ურთიერთობა დაძაბოს“.

რეზო კახაძე (ადგილობრივი მუსლიმი): „მეჩეთის დანგრევა არ მინახავს. არც ის მინახავს, ვინ წაიღო ქვები. იყვნენ პოლიციიდან, დაგვკითხეს, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცი. ეს შენობა რამდენიმე წელია, ავარიულია და თანდათან იშლება“.

რომან გაგნიძე (ადგილობრივი მართლმადიდებელი): „სახურავი ქარმა დაანგრია. ასე იშლება ნელ-ნელა. მოსახლეობისთვის უკვე საშიშროებასაც კი წარმოადგენს, ქვები ცვივა შენობიდან. ბავშვები თამაშობენ და შეიძლება ქვა თავში დაეცეთ. მერე, მოდიან და ამბობენ, მეჩეთიაო. საიდან ფიქსირდება ეს?!“

ადამიანის უფლებათა ცენტმა გადაიღო სოფელში არსებული ისტორიული შენობის ფოტოები. შენობას უკანა მხარეს შესასვლელის თავზე აშენების თარიღად 1927 წელი აწერია. ნაგებობას ეტყობა, რომ ფუნქციურად მეჩეთია და ძალიან ჰგავს მოხეში არსებულ სადავო ნაგებობას, რომელიც ისეთივე ქვით არის ნაშენები და არქიტექტურაც მსგავსია. 

„სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მაჰმადიანი მესხების კულტურულ მემკვიდრეობასთან, რომლის კვალის წაშლას ჯერ სტალინური რეჟიმი შეეცადა, როცა ამ სოფლის ყველა მოსახლე შუა აზიაში გადაასახლეს, ახლა კი რელიგიური ექსტრემისტებისგან ემუქრება საფრთხე. როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, ასეთი მეჩეთები რეგიონში მრავლადაა და ყველა უფუნქციოა. საბჭოთა პერიოდში, როცა ეკლესიებიც ინგრეოდა ან საწყობებად და სოფლის კლუბებად გამოიყენებოდა, მეჩეთებსაც ასეთივე ბედი ერგო წილად. სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატით, ეკლესიის კუთვნილი შენობები ისტორიულ მესაკუთრეს დაუბრუნდა. მუსლიმებს, რომლებიც ასევე არიან საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლნი, ასეთივე კანონიერი უფლება აქვთ, დაიბრუნონ ისტორიული მეჩეთები. ფლატეში და მსგავს სოფლებში, სადაც მუსლიმი მოქალაქეები ცოტანი არიან, ისინი მეჩეთის ამოქმედებას კი არ ითხოვენ, არამედ ამ ისტორიული შენობების დაცვას, რაც ისედაც არის სახელმწიფოს ვალდებულება. სამწუხაროდ, სახელმწიფო არც მეჩეთების გადაცემაზეა თანახმა და მათი დაცვისთვისაც არ ზრუნავს“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი. 

მნიშვნელოვანია, რომ სოფელ ფლატის მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის კონფლიქტი არ არის და მათ კარგი მეზობლური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ისინი არ მალავენ, რომ ვიღაც მათ ცნობიერებაში სიძულვილს აღვივებს. ისტორიული მეჩეთი კი სავალალო მდგომარეობაშია და ახლა უკვე მოუვლელობისგან ინგრევა. 

ახალი ამბები