კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს

22 იანვარი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია, რომ არაერთგზის მიმართვისა და მოწოდების მიუხედავად, მთავარი პროკურატურა არ იძიებს მთელ რიგ საქმეებს, სადაც იკვეთება პენიტენციალური სისტემისა და სამართალდამცველი სტრუქტურების  სისტემური დანაშაულის ნიშნები. 

ჯერ კიდევ სრული სამართლებრივი შეფასება არ მისცემია პერიოდს, როცა სახელმწიფო უხეში დარღვევებით ახორციელებდა მოქალაქეთა სისხლის სამართლებრივ დევნას და სასჯელთა აღსრულებას. ნულოვანი ტოლერანტობის ეგიდით, შსს–ს უწყებების მიერ ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციები ხშირად მთავრდებოდა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ხელყოფით. 

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია 2006 წლის 2 მაისს შსს–ს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებული ე. წ. სპეცოპერაცია, რომელსაც  ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს შემთხვევა ბოლო წლების გახმაურებელ ერთ-ერთ საქმედ იქცა, რომლის გამოძიებაც დღემდე არ დასრულებულა. სწორედ დამნაშავეთა დაუსჯელობას მოჰყვა შედეგად ა.წ. 20 იანვარს ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა საკუთარი შვილის საფლავზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს მთავარ პროკურატურას და ხელისუფლებას, რომ დღემდე არ არის გამოძიებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საქმეთა დიდი ნაწილი, სადაც იკვეთება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივად შელახვისა და ხელყოფის ფაქტები. დაპირების მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ შექმნა მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა არასამართლიანი სასამართლოს პირობებში გამოტანილი განაჩენების გადახედვა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროკურატურის ორგანოებში ათასობით საჩივარი შევიდა იმ მოლოდინით, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად იქნებოდა გამოძიებული. 

პროკურატურის სისტემის საქმიანობაში დღემდე სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება: სავარაუდო  წამების, ცემისა  და ღირსების შემლახველი მოპყრობის  ფაქტების გამოძიება ან არ იწყება ან დაწყებული გამოძიება არაგონივრული ვადით ჭიანურდება. 

ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევის მსხვერპლებს ხშირ შემთხვევაში, დაზარალებულის სტატუსიც არა აქვთ მინიჭებული.
 
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული სავარაუდო ცემისა და წამების საქმეებზე პროკურატურაში მოწმის სახით დაუსრულებლად იკითხებიან მოქალაქეები, მაგრამ საქმეთა დიდ ნაწილზე შედეგი არ დგება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა დანაშაულს წარმოადგენს, მსხვერპლთა საჩივრებზე პროკურატურის მიერ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ან/და ბოროტად გამოყენების მუხლით იწყება, რაც პროკურატურის საქმიანობის არასწორ პრაქტიკას წარმოადგენს.

დღემდე გამოძიებული არ არის ყოფილ პოლიტპატიმართა ნაწილის საქმეები. ყოფილი პოლიტპატიმრების დიდი ნაწილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მათ საქმეებში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მიუხედავად, გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება და არაეფექტურია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას და მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს საქმეები, რომლებიც ეხება ადამიანების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და უკანონოდ დევნის ფაქტებს. მთავარმა პროკურორმა პირად კონტროლზე აიყვანოს გახმაურებული და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, რომელთა ობიექტურ გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას საზოგადოება მოუთმენლად ელოდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს ქმედითი საპარლამენტო კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე. პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობა  და კანონიერება უნდა მოწმდებოდეს, რაც ხელს შეუწყობს პროკურატურის ორგანოების ანგარიშვალდებულებას საქართველოს პარლამენტისა და  მოქალაქეთა მიმართ.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები