კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზარდიაანთკარი: ომის შედეგები და არსებობის სიმძიმე

27 იანვარი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

20 იანვარს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშის „ზარდიაანთკარი: ომის შედეგები და არსებობის სიმძიმე“ პრეზენტაცია გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქის მერი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდნენ.

ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის მიხედვით ზარდიაანთკარში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია, თუმცა კომპენსაცია 15 000 აშშ დოლარი, მხოლოდ 3 ოჯახზე გაიცა, რომელთაც ომის დროს სახლი მთლიანად დაეწვათ. სოფელს დღემდე არ აქვს სასმელი და სარწყავი წყალი, არცბუნებრივი აირი მიეწოდება. 

,,სოფელ ზარდიაანთკარზე კონტროლი საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, თუმცა მწვავე სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო  სოფელში მოსახლეობა ვერ ბრუნდება. კონფლიქტით დაზარალებული 20 - მდე ოჯახი გორის საბავშვო ბაღში აგრძელებს ცხოვრებას”, - აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, დღეისთვის რთულია სოფლის მცხოვრებთა ზუსტი რიცხვის დადგენა. რადგან მოსახლეობა ზარდიაანთკარსა და გორს შორის მუდმივად გადაადგილდება. 
„სოფელში, დაახლოებით, 18 ეთნიკურად ქართველი და ექვსი ეთნიკურად ოსი ოჯახი რჩება. სოფლიდან წასული 20 ოჯახი კი გორის საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს. 2002 წლის საყოველთაო აღწერით  სოფელში 117 მოსახლე იყო, აქედან 68% ქართველი, 32% ოსი. 2008 წლის ომის დროს მოსახლეობის  90 -95% - მა სოფელი დატოვა და შიდა ქართლიდან სხვა დევნილების მსგავსად  დროებით  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა“,- ვკითხულობთ ანგარიშში. 

სახალხო დამცველი ზარდიაანთკარის მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გამოსწორებასა და, ზამთრის პერიოდში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან კომუნალური გადასახდების სუბსიდირებას ითხოვს. 

„ანგარიშში კონკრეტული რეკომენდაციებია როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მისამართით. ჩვენ კი, იმედს გამოვთქვავთ, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდება და, რეალურად, შევძლებთ ამ რეკომენდაციების შესრულებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლების მიმართ, როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. 

„დაზიანებული სახლების საკითხთან დაკავშირებით მასშტაბი მოცულობითია, ამიტომ ადგილობრივი ძალები ჩვენთვის საკმარისი არ არის.  ველოდებით ცენტრალური ხელისუფლების დახმარებას, რათა დაზიანებული სახლების საკითხი გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა. 

სახალხო დამცველი  რეგიონის გუბერნატორსაც შეხვდა და ზარდიაანთკარში არსებული სიტუაციის გამოსწორებისა და მოსახლეობისთვის საცხოვრებლად ღირსეული პირობების შექმნისათვის საჭირო რეკომენდაციები წარუდგინა.
„ჩვენს პრიორიტეტებსა და სახალხო დამცველის რეკომენდაციებს შორის, ცალსახად, თანხვედრაა. სამუშაოები დაწყებულია და მომავალშიც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რაც ზარდიაანთკარის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, ზურაბ რუსიშვილმა. 

სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში „ზარდიაანთკარი: ომის შედეგები და არსებობის სიმძიმე“ ზარდიაანთკარის მოსახლეობასაც გააცნო. ადგილობრივების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა ომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაა. 

ახალი ამბები