კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიამ ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართა

29 იანვარი, 2015
 
gyla.ge 

23 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან -  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და   პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - თანამშრომლობით სალომე ჯორბენაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  მიმართა. 19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. 

მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სალომე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა. სალომე ერთ-ერთია იმ 25-ზე მეტ ქალს შორის, რომლებიც 2014 წელს  მათმა პარტნიორებმა ან ყოფილმა პარტნიორებმა  მოკლეს. სალომეს 3 წლის შვილი დარჩა.

სალომე ჯორბენაძის და სერგი საცერაძის ურთიერთობა ძალადობით დაიწყო - 2011 წელს 17 წლის სალომე სერგი საცერაძემ იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ ბავშვის მოძებნაში სალომეს მშობლებს დახმარება არ გაუწია და სალომე სერგი საცერაძის ცოლი გახდა. ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა და ეჭვიანობა იყო. 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პარკში, სერგი საცერაძემ სალომე ჯორბენაძე მოკლა. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) ედება.
 
მკვლელობამდე სალომემ  მიმართა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და  მოძალადისგან დაცვა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული არც ერთი ზომა არ გატარდა. პოლიციის და პროკურატურის რეაგირება სალომეს მიმართ იყო დისკრიმინაციული გენდერული ნიშნით. პოლიციამ არ შეაფასა სალომეზე ძალადობის სიმწვავე, არ ასახა ძალადობის ფაქტები ოქმში, არ მიიღო ზომები შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად და სალომეს მიმართვებს შეურაცხმყოფელი და სქესთან დაკავშირებული დამაკნინებელი კომენტარებით პასუხობდა. სამართალდამცავები  სერგი საცერაძის თანამშრომლები და ახლო ნაცნობები იყვნენ. პროკურატურამ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გამოძიება არ დაიწყო და ქალის მიმართ ძალადობა საკმარისად სერიოზულ დანაშაულად სისხლისსამართლებრივი დევნისთვის არ მიიჩნია. შსს-ს გენერალური ინსპექციაც სრულებით არაეფექტური აღმოჩნდა შეეჩერებინა სერგი საცერაძის ძალადობრივი ქცევა - პირის, რომელსაც საზოგადოების ძალადობისა და უკანონობისგან დაცვა ევალებოდა. 

საიას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპული კონვენციის მე-2  (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებს ეფუძნება. საქმე, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პირველი პრეცედენტი იქნება, რომელსაც ევროპული სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე საქართველოსთან მიმართებით განიხილავს. 

ახალი ამბები