კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე გაამართლა

29 იანვარი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე ლელა შველიძე უდანაშაულოდ სცნო. მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას humanrights.ge რამდენიმე კვირის წინ აშუქებდა. 

ლელა შველიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებოდა, რაც „ცემას ან სხვაგვარ ძალადობას“ გულისხმობს. საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იყო ასპინძაში მცხოვრები ზინა ზედგინიძე-ნინუა. ლელა შველიძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ 15 იანვარს სასამართლო პროცესზე გამოაცხადა. ლელა შველიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანიც იცავდა.

განაჩენის გამოტანამდე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა საბოლოო სიტყვები წაიკითხეს. დაცვის მხარე რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობაზე საუბრობდა, და აცხადებდა, რომ ლელა შველიძე პასუხისგებაში იმის გამო მიეცა, რომ იგი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია. პროკურორ ოთარ სანდოძეს კი რელიგიური მრწამსი არ უხსენებია. მან  საქმესთან რელიგიური კავშირი გამორიცხა.

სასამართლო განხილვისას საქმეს ერთადერთი მთავარი მოწმე გამოეცალა, რომელმაც პროცესზე განაცხადა, რომ ცემის ფაქტი არ დაუნახავს და არც შემთხვევის ადგილზე ყოფილა. სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემამდე მთავარმა მომწმემ გიორგი გორელიშვილმა humanrights.ge-თანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.  „დაკითხვისას ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. ჩვენება თავად დაწერეს და ხელი მომაწერინეს. მე არაფერი დამინახავს. ძალიან ნასვამი ვიყავი, როცა საღამოთი მოვიდნენ და წამიყვანეს. მგონი, ბირჟიდან წამიყვანეს. სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს. მეორე დღეს, დილით ჩემთან სამსახურში მოვიდნენ, ჩვენება წამიკითხეს და მითხრეს, რომ არაფერი მოხდებოდა, თუ ამ ჩვენებას ხელს მოვაწერდი“, - ამბობდა გიორგი გორელაშვილი. 

ამასთან, როგორც პროკურორმა საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, ჩვენების მიხედვით, გორელიშვილმა ნინუასა და შველიძის ჩხუბი 100 მეტრის მოშორებიდან დაინახა, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. 

შველიძის ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელიც კი იყო.

„აღნიშნული პროცესიდან გაირკვა, რომ პროკურატურის მხრიდან შველიძეზე ბრალის წარდგენა სუბიექტური საფუძვლით იყო მოტივირებული. საქმეში რელიგიური დისკრიმინაციის ნიშნები გამოიკვეთა. ადვოკატებმა წარვადგინეთ ყველა ის არგუმენტი, რაც პროკურატურის ბრალის უსაფუძვლობას ადასტურებდა“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი. 

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ასპინძის რაიონული სამმართველოს იმ თანამშრომლების სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე დაიწყო გამოძიება, რომლებიც შველიძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

თამარ ავალიანის თქმით, მან სასამართლო პროცესზე პირადად მოითხოვა პროკურორ ოთარ სანდოძის მიმართაც დაწყებულიყო გამოძიება: „ხაზი გავუსვით ფაქტს, რომ პროკურორი ოთარ სანდოძე იყო ის პიროვნება, რომელიც აიძულებდა ლელა შველიძეს, დათანხმებოდა განრიდებაზე. მას შეცდომაში შეჰყავდა პირი და ეუბნებოდა, რომ ამით პრობლემა არ შეექმნებოდა. პროკურორმა არც კი განუმარტა შველიძეს, საერთოდ რა მექანიზმია განრიდება და რაზე აწერინებდა ხელს. როცა უდანაშაულო ადამიანს განრიდებას სთავაზობ, ეს, თავისთავად, გადაცდომა და დარღვევაა“. 

ამასთან, თამარ ავალიანის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის პროკურატურა ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს არ უნდა იძიებდეს, რადგან იგი ვერ იქნება ობიექტური. იურისტის თქმით, ეს საქმე მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. 

გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ფოტო: 
გათავისუფლებული ბრალდებული და მისი მხარდამჭერები 
სასამართლო პროცესის შემდეგ

ახალი ამბები