კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარი პროკურატურისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს, დაკითხოს თეიმურაზ გვარაძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე

4 თებერვალი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ადვოკატის თანდასწრებით დაკითხოს მსჯავრდებული თეიმურაზ გვარაძე, რომელიც აცხადებს, რომ არის ყოფილი სნაიპერი, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი და ფლობს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ინფორმაციებს ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტის და ასევე - 2012 წელს განხორციელებული ე. წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე.

ამ მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე მიმართა მთავარ პროკურატურას როგორც ოფიციალურად, ასევე - საჯაროდ, პრესკონფერენციის სახით. 2014 წლის 8 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიას უშუალოდ პატიმრის წერილიც გააცნო . ხოლო ოქტომბერში პრესკონფერენციაზე ორგანიზაციამ ასევე ისაუბრა მსჯავრდებულის მოთხოვნაზე, დაკითხულიყო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით . 

ადამიანის უფლებათა ცენტრი თავიდანვე ითხოვდა, საქართველოს მთავარ პროკურატურას ადვოკატის თანდასწრებით დაეკითხა თეიმურაზ გვარაძე, გადაემოწმებინა ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც იგი მიუთითებს. ასევე, უზრუნველყოფილიყო მისი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მოწმის, დაცვის ღონისძიებები. ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მთავარი პროკურატურა უარს აცხადებს მსჯავრდებულ თეიმურაზ გვარაძის დაკითხვაზე, თავისივე ადვოკატის თანდასწრებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან საუბრისას პატიმარი აცხადებს, რომ იგი პროფესიონალი სნაიპერია და იყო ზურაბ ჟვანიასა და გია არსენიშვილის  ინიციატივით შექმნილი გასაიდუმლებული დივიზიონის წევრი. 2004 წლიდან კი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვა დაევალა. 

თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ 2012 წლის ზაფხულში, პატიმრობის პერიოდში, მასთან მივიდა სამი პიროვნება, რომლებმაც მას სპეცოპერაციაში მონაწილეობა სთხოვეს, კერძოდ - ორმხრივი ცეცხლის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია დაავალეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში დააბრუნეს. თეიმურაზ გვარაძე  აცხადებს, რომ უშუალოდ აკვირდებოდა ე. წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის მსვლელობას და როგორც თვითმხილველს, შეუძლია, გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს. 

2012 წლის 15 ნოემბერს თეიმურაზ გვარაძე პატიმრობიდან განთავისუფლდა.  მისი თქმით, განთავისუფლების შემდეგ იგი განიცდიდა მუდმივ ზეწოლას, ვინაიდან ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გარკვეული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 2013 წლის მაისში თეიმურაზ გვარაძე ხელმეორედ დააკავეს. როგორც თავად აცხადებს, მისგან წამების გამოყენებით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ აღიარება დანაშულისა, რომელიც არ ჩაუდენია. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

თეიმურაზ გვარაძის დაკითხვის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო განხილვაზე მიმდინარე წლის 2 თებერვალს, როცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაქვეყნა მსჯავრდებულის წერილი, სადაც იგი აცხადებს, რომ „ზურაბ ჟვანიას და უსუპოვის მკვლელობა მოხდა კახეთში, ფაქტს 11 პირი ესწრებოდა და 3 მათგანი ამჟამად მინისტრია“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები