კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე წარადგინა

17 თებერვალი, 2015
 
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 17 თებერვალს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე წარადგინა.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება და მისი შემცვლელი პარლამენტმა სულ ცოტა 76 ხმით უნდა დაამტკიცოს.

ნინო გვენეტაძე იმ „ე.წ. მეამბოხე“ მოსამართლეებს შორის იყო, რომელთაც 2005 წლის დეკემბერში დისციპლინარული გადაცდომების მოტივით პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობა შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც მოსამართლეების ამ ჯგუფმა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მათზე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშაულა.

გათავისუფლებამდე ნინო გვენეტაძე ექვსი წლის განმავლობაში ატარებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას; მანამდე, 1998-1999 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა; ის არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, გააჩნია მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნინო გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის სიით იყრიდა კენჭს, თუმცა დეპუტატი ვერ გახდა. მის პოლიტიკურ წარსულზე საუბრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი იმ ფაქტორს გაუსვა, რომ გვენეტაძე მაშინ გაწევრიანდა რესპუბლიკურ პარტიაში, როცა ეს პარტია ოპოზიციაში იყო და წევრობა მაშინ შეიჩერა, როცა რესპუბლიკური პარტია ქართული ოცნების კოალიციის ფარგლებში 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის „უპრეცედენტოდ დემოკრატიულ პროცესსში“, რომლის ფარგლებშიც მას სხვადასხვა დაინტერესებულმა ჯგუფებმა 28 პირი წარუდგინეს, „ბევრ ღირსეულ“ კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთება „რთული“ იყო. 

თუმცა პრეზიდენტის თქმით, საბოლოო არჩევანი შეჩერდა ნინო გვენეტაძეზე, რომელიც, მისი თქმით, არის „პრინციპული და ძლიერი თავის გადაწყვეტილებებში“, წარმოადგენს „სასამართლო ხელისუფლების დაცვის სიმბოლოს“ და მას საზოგადოება კანონის უზენაესობისა და სასამართლო ხელისუფლების სიძლიერის "იდეალებისთვის ბრძოლაში კარგად იცნობს“.

„ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანი არის სიმბოლო პრინციპულობის, გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა სასამართლო სისტემის, გააჩნია ყველა იურიდიული კვალიფიკაცია  - ჩვენ კანდიდატად ვასახელებთ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება შეუქცევადი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში“, - განაცხადა პრეზიდენტმა 17 თებერვალს მის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ნინო გვენეტაძე.

„ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, მათი უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ  მოსამართლეთა კორპუსი ვალდებულია სასამართლოს სისტემის მიმართ „ნდობის ამაღლებაზე“  სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების გზით იზრუნოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენას წინ უძღოდა შერჩევის ერთთვიანი პროცედურები. პირველ ეტაპზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები გამართა კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით; ამ კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე კრიტერიუმი გამოიკვეთა და ისეთი კანდიდატურების შეთავაზებისკენ მოუწოდა, რომლებიც  პრინციპულობის, მენეჯერული თვისებების, პარტიული გავლენისგან თავისუფლებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ;  დაინტერესებულმა ჯგუფებმა მას 28 კანდიდატი შესთავაზეს; სასამართლო სისტემასთან მიმართებაში მათი ხედვების გასაცნობად პრეზიდენტმა პოტენციურ კანდიდატებთან შეხვედრა გამართა
 
კანონმდებლობა პრეზიდენტს შერჩევის ამ პროცედურის გავლას არ ავალდებულებდა,  მაგრამ მან ეს საკუთარი ინიციატივით იმ მოტივით გააკეთა, რომ, როგორც თავად აღნიშნა, პროცესი გამჭირვალე ყოფილიყო და საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის შეეწყო ხელი.
ნინო გვენეტაძის პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განხილვის პროცედურები საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს და პარლამენტი წარდგენილ კანდიდატურას კენჭისყრაზე დააყენებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო:
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და 
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი ნინო გვენეტაძე,
პრეზიდენტის სასახლეში,  2015 წ. 17 თებერვალს

ახალი ამბები